თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება
საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ
რა მსგავსებაა ლიბანის რესპუბლიკასა და ავჭალის დასახლებაში ლიბანის ქუჩას შორის? რით ჰგვანან ერთმანეთს უდიდესი სამგზავრო გემი "ტიტანიკი" და ლიბანის #6-ში არსებული მრავალსართულიანი კორპუსი? ხომ ძნელი წარმოსადგენია?! თუმცა ორი ერთმანეთისგან გეოგრაფიულად და თვისებრივად განსხვავებული ლიბანი და თბილისში მდებარე ლიბანის ქუჩა, გემი და საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ სახელებით არ ჰგვანან ერთმანეთს... არცთუ ისე შორეულ წარსულში ლიბანში საომარმა მოქმედებებმა გააპარტახა ქვეყანა, იხოცებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენს რეალობაში კი ლიბანის ქუჩაზე ჯერ კიდევ დგას საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინადრებიც ნგრევასა და მსხვერპლს ყოველ წუთს ელოდებიან. XX საუკუნის დამდეგს, როდესაც "ტიტანიკი" აისბერგთან შეჯახებისას ჩაიძირა, 1500-ზე მეტი კაცი დაიღუპა, XXI საუკუნეში კი აგერ, თბილისში, ავჭალის დასახლებაში "ტიტანიკს" ცხრასართულიან კორპუსს ეძახიან. შენობის საძირკველი აისბერგმა არა, მაგრამ გრუნტის წყლებმა ისე დააზიანა, კორპუსის ერთი ნაწილის პირველი სართული მიწამ ამოავსო. ოკეანეში ჩაძირული გემის მსგავსად, მრავალსართულიანი შენობის ერთი ნაწილი რამდენიმე წლის წინ შუაზე "გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. უმწეო მოსახლეობასთან ერთად შევყურებდი ამ "ტიტანიკს" და ფილმში ნანახი კადრები თვალწინ მიცოცხლდებოდა.
კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ. საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ.
ციური ბექაური, მობინადრე: "2005 წლის მარტში საკომპენსაციო თანხა - 8.000 აშშ დოლარი გამოგვიყვეს, რომელიც ნოემბერში ჩაგვერიცხა. ამ დროს ბინების ფასმა მკვეთრად მოიმატა და ვერაფერი ვიყიდეთ. დახმარებისათვის ისევ გამგეობას მივმართეთ, გამგებელი შეგვპირდა, თანხა აიღეთ და ჩვენ დაგეხმარებით შესყიდვაშიო, რა თქმა უნდა, ესეც დაპირებად დარჩა. ეს კორპუსი გასახლებას ექვემდებარება თუ გამაგრებით სამუშაოებს, ესეც კი არ ვიცით. შარშან გლდანის გამგებელმა დაგვიბარა და გვითხრა, ბომბზე ზის თქვენი კორპუსი და სხვა ბინები მოძებნეთო. რომ მოვძებნოთ ბინები, თანხას გადაგვიხდით-მეთქი? სად გვაქვს ფულიო".
ნელი მესხიძე, მობინადრე: "35 წელია, აქ ვცხოვრობ. 1985 წელს პირველი სადარბაზო დაიმეწყრა. იგივე გამეორდა 1990 წელსაც. ცემენტის დიდი ფილები ვიყიდე, რომ სახლის წინ მცოცავი ქანები შემეჩერებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. 1992 წელს მიწით ამოივსო ჩემი სახლი.
სამსახურიდან დაბრუნებულს საზარელი სურათი დამხვდა, იატაკიც კი ამოვარდა. პირველადი მოხმარების ნივთებიც არ გამომიტანია.
უნივერმაღის საწყობში შემასახლეს, არც ფანჯარა ჰქონდა და არც კარი. ჩემს შვილებს ოჯახები აქვთ, საწყობში ვერ დავეტიეთ და ისევ ამ სახლს დავუბრუნდით. მთავრობას ერთადერთი პასუხი აქვს, უნდა გახვიდეთო. ჩვენც გვინდა მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება, მაგრამ სად წავიდეთ? ამ კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობდა, 74 კომლი 1986 წელს გაიყვანეს, მათგან ზოგმა ვერც იყიდა ბინა... ახლა 50 კომლი დავრჩით, სად წავიდეთ? აქ რომ გადმოვედით, მერე გავიგეთ, რომ ეს ბინა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, მოსკოვმა არ მისცა მშენებლებს ნებართვა. მშენებელი კი მალევე გარდაცვლილა".
ლალი კოხოძე-მეგენეიშვილი, მობინადრე:
"სადარბაზოების კედლები რომ გადაიხსნა, იმ დროს 24 წლის ახალგაზრდა კიბეზე ჩამოდიოდა, გადავარდა და დაიღუპა. ფერდობიდან მიწამ დაიწყო ჩამოსვლა. დავრგეთ ხეები, ამანაც არაფერი უშველა.
წლების წინ თანხა არაერთხელ გამოყო მთავრობამ, მაგრამ რაიონულმა სამსახურებმა არაფერი მოგვახმარეს.
ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. კიდევ კარგი, მაშინ მსხვერპლი არ მოჰყვა ნგრევას. აქვე სკოლაა და ბავშვებისთვისაც საშიშია აქ ცხოვრება, სწავლა, გადაადგილება. 15 წელია იტალიაში ვცხოვრობ, ვმუშაობ, რომ შვილები ამ "ტიტანიკს" არ შევწირო და სახლი ვიყიდო. თუ გავიგებ, რომ კორპუსი ჩამოინგრა, გავალ ვატიკანის მოედანზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობა იყრის თავს და თავს დავიწვავ".
თამარ ჯიბლაძე, მობინადრე: "საშინელი ნესტი ამოდის სარდაფიდან. სააბაზანოს კედლებს სოკო მოედო. თითქმის ყოველღამე ვგრძნობთ ბიძგებს. რომ მცოდნოდა, ასეთი ავარიული კორპუსი იყო, რა მაყიდვინებდა ამ სახლს"."
მზია სვანიძე, ამხანაგობის თავმჯდომარე: "34 ოჯახი გასაყვანია, მაგრამ ჩვენი კომპენსირება არ ხერხდება. როგორც სხვები გაიყვანეს წლების წინ, ხომ შეიძლება, ჩვენც გაგვიყვანონ? გამგებელი გვეუბნება, ჯერჯერობით, ქირით უნდა გახვიდეთო. მერე შემოვიყვანთ აუდიტს, შევაფასებინებთ თქვენს ბინებს და გადაგიხდით თანხასო. მაშინ ასეთივე ბინები მოგვცენ, რაც გვაქვს. რემონტებს არ ვითხოვთ, მოგვცენ იმავე ფართობის შესაძენად საჭირო თანხა, რომ ამ რაიონში ვიყიდოთ ბინები. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამ კორპუსის შემოწმების შემდეგ ახალი დასკვნა გასული წლის შემოდგომაზე დაწერა, რომელსაც არ გვაჩვენებენ".
გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე: - ექსპერტები ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ამიტომ შენობის დემონტაჟია საჭირო.
მობინადრეთა შორის არიან ისეთები, ვინც დემარშს აწყობენ, არ უნდათ ბინების დატოვება. არიან ისეთებიც, ვინც გამოსავალს ხედავენ ჩვენს შეთავაზებაში. თანხა უკვე მოძიებულია და დავაკმაყოფილებთ ქირის ანაზღაურებით. შემდეგ ქონებრივი ღირებულება დაითვლება და დაკმაყოფილდება თითოეული მათგანი.
- მრავალსულიან ოჯახებს რა ზედა ზღვარს შესთავაზებთ?
- თუ ამ დრომდე 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობს 2-ოთახიან ბინაში, ნაქირავებ საცხოვრებელში რა პრობლემაა იმავე ლიმიტების დაცვა. თუ მესაკუთრეები არ მოგვცემენ უფლებას, შევისწავლოთ მათი ფიზიკური გარემო, დავთვალოთ ქონების ღირებულება და ამის საფუძველზე განვსაზღვროთ საჭირო თანხა საცხოვრებლის შეძენისათვის, რა გავაკეთოთ?!
კრიტიკული მდგომარეობა!
2013 წლის 14 მარტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით შედგა გაერთიანებული საინჟინრო-ტექნიკური კომისია, რომელმაც დაათვალიერა ავარიული კორპუსი მისი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. კომისიამ დაასკვნა: "ლიბანის ქუჩა #6-ში მდებარე შენობაში შექმნილია კრიტიკული მდგომარეობა (ფორსმაჟორული სიტუაციით) და მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შედეგების განვითარება, ადამიანთა მსხვერპლის ჩათვლით. ხიფათის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ბოლო ორი სადარბაზოდან შენობაში დარჩენილი მობინადრეების გამოსახლება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. თუ დროულად არ მოხდება მობინადრეების გამოსახლება, შესაძლოა, ტრაგედიას, რომელიც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, მსხვერპლი მოჰყვეს".
თორნიკე ყაჯრიშვილი