"იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს" - კვირის პალიტრა

"იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს"

13 ნოემბერს საგრანგეთის დედაქალაქში დატრიალებული ტერორისტული შეტევის შემდეგ ჩვენ პარიზში მყოფ თანამემამულეებს დავუკავშირდით.

 

(იხილეთ ასევე: "ცოცხალი ვარ, დედა" - რას ჰყვება პარიზში მცხოვრები ქართველი სისხლიან ღამეზე)

ქეთი ლობჟანიძე (ექიმი): "პოლიცია მოგვიწოდებს, ქუჩაში გასვლისგან თავი შევიკავოთ, რადგან ტერორისტებს ეძებენ და ყოველ წამს მოსალოდნელია სროლა. ფრანგებმა გამაოცეს - ვაჟკაცურად, ღირსეულად, "მარსელიეზის" თანხლებით ტოვებდნენ სტადიონს. სოციალური ქსელებით დაიწყეს მობილიზება ქუჩაში დარჩენილების შესაფარებლად. ისეთი ჯოჯოხეთია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟი მგონია. სამწუხაროდ, თვალსაჩინოა აქაური სპეცსამსახურების უუნარობა, რამაც შესაძლოა უფრო გაათამამოს ტერორისტები".

მალხაზ კუპრაძე (პოლიტოლოგი): "სტად დე ფრანსიდან", სადაც 3 აფეთქება მოხდა, 500 მეტრში ვცხოვრობ. სასწრაფო დახმარების მანქანები არ გაჩერებულან. ეს არის სირიელი ჯიჰადისტების მიერ მომზადებული ტერაქტი, რომელსაც ფრანგმა ტერორისტებმა ხელი შეუწყვეს. რა თქმა უნდა, ფრანგ ტერორისტებში ადგილობრივი არაბები იგულისხმებიან. გამოძიებამ იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა და რატომ არ გააძლიერა უსაფრთხოება?! ჩემი ყურით ვუსმინე კლოდ მონიკეს (ბრიუსელში სტრატეგიული და საინფორმაციო ცენტრის პასუხისმგებელი მდივანი), რომელმაც განაცხადა, რომ სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, რაღაც საშინელება რომ მზადდებოდა".

დიანა ჭანკოტაძე (ჟურნალისტი): "ფრანგები უღიმიან და ერიდებიან მუსლიმANებს, რადგან მათი ეშინიათ. თუ მათ რელიგიაზე წამოგცდა რამე, ვაი შენი ბრალი, ქვეყანას დააქცევენ იმის მტკიცებით, რომ მუსლიმანს შეურაცხყოფ.

2013 წელს რეიმსის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. 400 სტუდენტიდან ნახევარი მუსლიმანი იყო. ბევრი დადიოდა ჩადრით ან შავი სამოსით და ხელში კრიალოსნით. მე ჯვარს ვატარებდი. ერთხელ ერთმა ბიჭმა ჯვარზე მანიშნა. მერე მომიახლოვდა და დამაცქერდა... როცა თვალები დამიბრიალა, შემეშინდა და იმ დღიდან მოვიხსენი. ამ ჟესტით მანიშნა, თითქოს ჯვრის ტარებით ქრისტიანები ვეუბნებით, ჩვენ თქვენზე მაგრები ვართო... ჰგონიათ, რელიგიით ვემიჯნებით და ვამცირებთ. არადა, ცხოვრობენ საფრანგეთში, მათი შვილები ფრანგ ბავშვებზე პრივილეგირებული არიან. ფრანგებს ვეღარავინ იცავს მათგან... ფრანგები პანიკაში არიან და ხვდებიან, რომ ომში ჩაერთვნენ და სხვა გამოსავალი აღარ აქვთ. ბავშვის სკოლაში გაშვების მეშინია. ხალხი ტირის, ვერავინ ლაპარაკობს, მხოლოდ შიში აწერიათ სახეზე".

(იხილეთ ასევე: ტერორისტ ქალთა რიცხვი დღითი დღე იზრდება - რა არის მათი მოტივაცია და ვინ იყო პირველი თვითმკვლელი ტერორისტი ქალი?!)

ლელა ლაშხი (მწერალი, პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრი): "ტერორისტები შეცვივდნენ საკონცერტო დარბაზში, ჩაცხრილეს ხალხი, ყელი გამოსჭრეს ზოგიერთს. იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს. რამდენჯერმე დავაფიქსირე, ტრამვაიში ჩემ წინ მჯდომი ფარაჯიან-ჩადრიანი ქალი რომ აღიღინებულა და მე შეშინებული მყისვე სტოპღილაკს ვაჭერ ხელს და ქუჩაში გავრბივარ".

 

(ფოტოგალერეა)

ეკა ლომიძე