კახი კავსაძე: "პატრიარქის დალოცვამ გადამარჩინა საშინელ სენს, მისი სიკეთის ძალამ მიხსნა" - კვირის პალიტრა

კახი კავსაძე: "პატრიარქის დალოცვამ გადამარჩინა საშინელ სენს, მისი სიკეთის ძალამ მიხსნა"

"გერმანიიდან რომ ჩამოვედი, პირველად პატრიარქთან მივედი და ყველაფერი მოვახსენე. მისმინა მისმინა და როგორც იცის ხოლმე - ყველაფერი კარგად იქნებაო, - მითხრა"

"ჩიტივით ვარ ბატონებო, არ ვიცი გავფრინდე თუ გამოვფრინდე"

"ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? - ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს, კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება. ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა. დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო. ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ვხედავ, უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდ და იმას უნდა გავატანოთო... ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ. ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... - ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი." თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავ. თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის. გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი... სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება". - ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ამ მოგონებამ - "სიკეთის სასწაული", ინტერნეტსივრცე დაიპყრო... დეტალების გასარკვევად ბატონ კახის და ექიმ ლადო კახაძეს დავუკავშირდით.

კახი კავსაძე:

- ეს სასწაული შარშან მოხდა, გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ამას ყველგან ვყვებოდი. ტელეგადაცემაშიც მოვყევი, მაგრამ ინტერნეტს უფრო დიდი ძალა ჰქონია, ისეთი ამბავია ახლა ატეხილი... ერთი წელი გავიდა და ჩიტივით ვარ, ბატონებო, ვფიქრობ, გავფრინდე თუ გამოვფრინდე...

- პატრიარქს იმის შემდეგ ხშირად ნახულობთ?

- რას ქვია ვნახულობ?! სულ დავდივართ ლოცვვებზე მე, ბერიკა და ჩვენი ძმა – იმერი კავსაძე! გერმანიიდან რომ ჩამოვედი, პირველად პატრიარქთან მივედი და ყველაფერი მოვახსენე. მისმინა მისმინა და როგორც იცის ხოლმე - ყველაფერი კარგად იქნებაო, - მითხრა. მწამს, რომ პატრიარქის დალოცვამ გადამარჩინა საშინელ სენს, მისი სიკეთის ძალამ მიხსნა...

- ამ სასწაულმა შეგცვალათ უფრო მორწმუნე გახდით?

- მორწმუნე ისედაც სულ ვიყავი, ვარანცოვზე ვცხოვრობდით და დედაჩემს ყოველთვის დავყავდი ქაშუეთის ეკლესიაში. დღესაც ამ ეკლესიის მრევლი ვარ. ერთი კორესპოდენტმა მკითხა რელიგია თქვენთვის რა არისო და ვუპასუხე, ჩემი ცხოვრების წესია-მეთქი... ვცდილობ, ათი მცნებით ვიცხოვრო, ვცდილობ, არავინ მძულდეს, გავაკეთო რაც შემიძლია... ბოროტებას ჩაიდენენ და მერე უკვირთ, ეს რატომ დამემართაო... ბოროტება ჩაიდინე და ბოროტებით გიპასუხა ბუნებამ! Aასეა ყველა რელიგიაში! მუსულმანი მეგობრები ყოველთვის მყავდა და გადაღებაზეც ხშირად ვყოფილვარ მათთან ერთად. როგორ მაკადრებს ვინმე მათზე ცუდის თქმას?

ეს ტერაქტები, რაც მოხდა, ენითაღუწერელი საშნელებაა... მგონი ვიღაცას ძალიან აწყობს ასე იყოს. შემთხვევით არაფერი ხდება, ხომ იცით, რომ მღვრიე წყალში ადვილია თევზის დაჭერა.

ლადო კახაძე:

- ერთი სიტყვაც არ არის ზედმეტი კახის მოგონებაში, ყველაფერი ზუსტად ასე იყო! უახლოესი მეგობარია კახი და მის ჯამრთელობაზე ყველაფერი ვიცი, ამ შემთხვევაშიც დიაგნოზის დასმიდან მოყოლებული ყველაფრის მონაწილე ვარ! გერმანიაში ვიზიტის წინ რომ გამოიარა და შევხედე ძალიან არ მომეწონა. შიშს დიდი თვალები აქვს მოგეხსენებათ, ყველაფერი გადავიღე და სურათზე დავაფიქსირე... გერმანიიდან რომ დაბრუნდა, მეორე დღესვე მოვიდა ჩემთან. ისე მალე რომ დაბრუნდა, გული მეტკინა, ვაითუ, ცუდი დიაგნოზი დაუსვეს და ვეღარაფერს შველიან-მეთქი. ვუთხარი, მოდი, გადაგიღებ-მეთქი და გავგიჟდი, როცა იმის გაგრძელება აღარაფერი ჩანდა, რაც სურათზე თავად მქონდა დაფიქსირებული. ვკითხე, კახი შენ გერმანიაში ხომ არ იმკურნალე-მეთქი და მაშინ მომიყვა არაფერიც არ მიმკურნალია, მაგრამ წასვლის წინ პატრიარქმა დამლოცაო... ყველამ უნდა იცოდეს, რწმენას დიდი ძალა აქვს, უფალი შენთანაა და არ დაგტოვებს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)