რა ხდება დანიაში?! - კოპენჰაგენის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია მოხდა
პარიზის ტერაქტების გამო, დანიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა
კოპენჰაგენის აეროპორტის მესამე ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. გამოცემა "ინდიფენდენტის" ინფორმაციით, ტერმინალში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხო ადგილას გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ მიზეზითვე დახურეს აეროპორტში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, რითიც სარგებლობენ მგზავრები.
როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, კოპენჰაგენის პოლიცია ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
შვედური გაზეთის Expressen-ის ინფორმაციით კი, აეროპორტში უცებ გამოჩნდა პოლიციელებით სავსე ორი ავტობუსი, პოლიციის ოფიცერმა უცებ დაიყვირა, რომ ყველა გასულიყო, რამაც ხალხში პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით პოლიციამ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ აეროპორტში ცრუ განგაში აღმოჩნდა.
ინცინდენტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე კი, პარიზის ტერაქტების გამო, დანიამ ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა. ანალოგიური გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იანვარში, ფრანგულ გამოცემა "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შემდეგაც მიიღო.