"ეგ ყველაფერი უნამუსო ადამიანის ნაფიქრალია "- რას პასუხობს გიორგი უშიკიშვილის ბრალდებას ჯემალ ჭკუასელი?
"დიდი ხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას, მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი..."
"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი და უნამუსო ადამიანის ნაფიქრალია ეგ ყველაფერი! მიდგეს ახლა და ამტკიცოს, რაც დიდი ხანია უკვე ისედაც დადასტურებულია".
27 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ერისიონის" 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა... მანამდე ანსამბლმა იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩაატარა.
ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი "ერისიონის" იუბილეს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ასე გამოეხამურა:
"მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. ემოცია თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდი ხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას, მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი... თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს, რომ ვცდები, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.
მათი ლოგიკა ასეთია, რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი არ იყო ფოლკლორული და მის ხელმძღვანელად აღნიაშვილმა მოიწვია ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ რატილი) . ლადო აღნიაშვილის გუნდსა და "ერისიონს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს, რომ ვცდები, მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.
რაც შეეხება "ერისიონს". 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე ხოლო დასავლეთ საქართველოს გუნდს კირილე პაჭკორია. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია
წელს შესაძლებელია აღინიშნოს ქართულო ხალხური სიმღერის სცენაზე ასვლის (შესრულების) 130 წლის იუბილე, რადგან აღნიაშვილის გუნდი ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ასრულებდა.
დაინტერესების შემთხვევაში არქივებში არსებობს დოკუმენტაცია. მათ შორის 1937 წელს გამოცემული ბრძანება ანსამბლის დაარსების შესახებ".
დავინტერესდით რა პასუხი აქვს ჯემალ ჭკუასელს უშიკიშვილის ბრალდებაზე:
- ვინც ქართულად ვერ აზროვნებს, იმას არც ქართველად მივიჩნევ. ასეთების აზრი არ მაინტერესებს ქართულ სიმღერაზე და ანსამბლებზე... გიორგი უშიკიშვილს პირადად არის ნაწყენი, რადგან უვიცი ვუწოდე და ახლაც იგივეს ვიმეორებ! მუხრან მაჭვარიანის ლექსი მახსენდება - "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას კითხვას და ლაპარაკს..." ეგ კაცი ქართულად ვერ ახერხებს აზროვნებას, საშინლად მეტყველებს და ყოვლად არაპატრიოტი პიროვნებაა.
რაღაც პერიოდები წყვეტა იყო ომიანობის დროს, თუმცა ჩვენი ანსამბლი ითვლება აღნიაშვილის გუნდის მემკვიდრედ, მორჩა და გათავდა! გიორგი უშიკიშვილმა, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი და უნამუსო ადამიანის ნაფიქრალია ეგ ყველაფერი! მიდგეს ახლა და ამტკიცოს, რაც დიდი ხანია უკვე ისედაც დადასტურებულია. ვერაფერს დაამტკიცებს, რადგან ყველაფერი დიდი ხნის წინ არის შესწავლილი და დადასტურებული! ასე წყვეტა ომიანობის დროს თეატრებსაც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ხომ გაგრძელდა?! მაგას უნდა ახლა ჩვენც რომ ავყვეთ, მაგრამ არ ავყვებით გენაცვალე! თქვენი მკითხველისთვის სხვა სიახლე მაქვს: მე გადავდექი თანამდებობიდან და ჩემი შვილი გახლავთ, აწი, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)