"პანკისი ხეობაში მძიმე სურათია - უხუცესთა საბჭო ნელ-ნელა იბრუნებს ავტორიტეტს" - კვირის პალიტრა

"პანკისი ხეობაში მძიმე სურათია - უხუცესთა საბჭო ნელ-ნელა იბრუნებს ავტორიტეტს"

"ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გავიძახით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. დღეს ეს პრობლემა სიღრმეებშია წასული და მისი სრულად აღმოფხვრა ურთულესი იქნება"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია "ისლამური სახელმწიფოს" დროშები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ნივთი. რამდენად ეფექტური იყო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ქმედება და ხომ არ გახდება ეს "ისლამურ სახელმწიფოს" მებრძოლებისთვის შურისძიების საბაბი, ამ საკითხზე კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

- სუს-ის ქმედება დადებითად უნდა შევაფასოთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხე აღმოფხვრილია. შესაძლოა, ეს 4 ადამიანი ჯაჭვის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდეს.

- არსებობს საფრთხე, რომ ამ ფაქტის გამო საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცეს და თუნდაც შურისძიების მიზნით ტერაქტებიც მოაწყონ?

- ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველოში ტერაქტები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ISIS აბსოლუტურად არალოგიკური ორგანიზაციაა და ხშირად მათი ქმედება უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. ამიტომ, გვინდა თუ არა, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვიმედოვნებ, "ისლამური სახელმწიფოსა" და რადიკალური ისლამის მხარდამჭერები ტრადიციული ისლამის მიმდევრებს დაუჯერებენ, რაც საფრთხეს შეამცირებს. ამ მხრივ ქვემო ქართლსა და აჭარაში შედარებით ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ პანკისი ხეობაში მძიმე სურათია - უხუცესთა საბჭო, რომელიც ტრადიციული ისლამის მიმდევრებისგან შედგება, ნელ-ნელა იბრუნებს ავტორიტეტს, თუმცა, ეს მაინც არ არის საკმარისი.

- რამდენად ადეკვატურია ქართული სპეცსამსახურების ქმედება?

- ქართული სპეცსამსახურები დღეს გაცილებით ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ ფაქტია, ბევრი ნაბიჯი დაგვიანებულია. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გავიძახით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. დღეს ეს პრობლემა სიღრმეებშია წასული და მისი სრულად აღმოფხვრა ურთულესი იქნება, თუმცა, პრევენციული ზომების ჩატარება აუცილებელია.

- დაკავებულების მიმართ პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება მოითხოვა, რასაც სასამართლოც დაეთანხმა...

- საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ეს არ არის საქმე, რომელზეც საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გაიგოს. მცირე დეტალებიც კი გასაიდუმლოებული უნდა იყოს. კარგია, როცა მედია მოვლენებს აქტიურად აშუქებს, თუმცა, ზოგი ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)