ესპანეთში მცხოვრებ ქართველ გოგონას, რომელიც მადრიდის პოლიციაში მუშაობს ქართველები "ატერორებენ"
"ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, მირეკავენ და მლანძღავენ"
"კვირის პალიტრის" 48-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ესპანეთში მცხოვრებ ქართველ გოგონასთან - ანა ფიცხელაურთან, რომელიც მადრიდის პოლიციაში თარჯიმნად მუშაობს. ინტერვიუში, სხვა დანარჩენ დეტალებთან ერთად, საუბარია ქართველების დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ანას ესპანეთში ჩვენი ინიციატივით დავუკავშირდით და დავინტერესდით უცხოეთში მის ცხოვრებასა და მიღწევებზე. როგორც მადრიდის პოლიციის თანამშრომელს, რესპონდენტს, ბუნებრივია, ჩვენი თანამემამულეების შესახებ გახმაურებულ კრიმინალურ საქმიანობაზეც დავუსვით კითხვა, მათ შორის იმაზე, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, ესპანეთის ცნობილ ტელეარხზე გადაცემული ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ქართველ ქურდებს ეძღვნებოდა. გოგონა დაგვეთანხმა და გახმაურებული მასალებიდან გამომდინარე ისაუბრა ესპანეთში ქართველების შესახებ გავრცელებულ ფაქტებზე. ინტერვიუს გასვლის შემდეგ, ანა ფიცხელაური დაგვიკავშირდა და გვთხოვა მკითხველისთვის განგვემარტა, რომ მისი თვითმიზანი და სურვილი არ ყოფილა მაინც და მაინც ქართველების კრიმინალურ საქმიანობაზე გაემახვილებინა ყურადღება. როგორც ჩანს, ამ ინტერვიუს გამო, გოგონა სრულიად დაუმსახურებლად, თანამემამულეების მხრიდან (რომელთაც შეძლებისდაგვარად მხარში უდგას და ეხმარება) სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. "ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, მირეკავენ და მლანძღავენ" - შემოგვჩივლა ანამ.
რესპონდენტს ახალი არც არაფერი უთქვამს, რაც ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი. მედიასაშუალებებით არაერთგზის გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებით ქართველები ევროპისთვის სერიოზულ პრობლემად იქცნენ.
გთავაზობთ ამონარიდს ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან - გასულ წელს ესპანეთის ერთ-ერთმა კერძო არხმა "LaSexta"-მ სამართალდამცველებზე დაყრდნობით მოამზადა დოკუმენტური ფილმი, ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ქართველები ევროპაში "ყველაზე საშიში დაჯგუფების წევრებად" არიან მოხსენიებულნი.
"სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი "უხილავი ქურდები" ნებისმიერი კარის გაღებას მხოლოდ რამდენიმე წამს ანდომებენ. შემდეგ კი ესპანური ქალაქების გარეუბნებში იკარგებიან. გარეუბნებში ბინებს ქირაობენ, სადაც ნაძარცვ ოქროულობას აგროვებენ. თითოეულ ბინაში ერთ თვეზე მეტს არ ჩერდებიან, წასვლამდე კი ყველა კვალს შლიან.
გადაცემა "equipe de investigacion" სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ესპანეთში დაახლოებით 30-40 ქართული დაჯგუფება მოქმედებს - ჯამში 300 ადამიანი. მათ დასაკავებლად პოლიციის 500-მდე აგენტი მუშაობს. ჟურნალისტებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრების მოქმედების გეგმა და სქემა გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, მძარცველები ესპანეთში სამ თვეზე მეტს არ რჩებიან - სწორედ ამ ხნის განმავლობაში მოქმედებს ტურისტული ვიზა, რომელიც მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლებას აძლევს. 90 დღეში მათ უნდა მოასწრონ მაქსიმალური რაოდენობის ბინის გატეხვა და ქვეყნის დატოვება. ეს არც ისე ცუდად გამოსდით. ქართველებმა სამი თვის განმავლობაში ესპანეთის მასშტაბით 700 ბინა გატეხეს. ამ ბინებში ქურდებს მხოლოდ ოქროულობა აინტერესებთ, რომელსაც მოგვიანებით ჯართში ადნობენ და შავ ბაზარზე ყიდიან.
დაჯგუფების წევრები ნამდვილი პროფესიონალები არიან, მათი გასაღები ნესბისმიერ კარს აღებს...
მძარცველები თანხას საქართველოში აგზავნიან. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს ფული საქართველოში ე.წ. ობშიაკში იგზავნება.
საერთო ყულაბაში, იგივე "ობშიაკი" ფულის გადარიცხვა ამ ტიპის კრიმინალური ორგანიზაციებისთვის ყველაზე დამახასიათბელია. დაკავების შემთხვევაში, სწორედ ამ ფულით ქირაობენ ადგილობრივ ადვოკატებს საკუთარი უფლებების დასაცავად.
სწორედ, ამ "საერთო ყულაბის" კვალის ძიებაში ჩამოვიდნენ "equipe de investigacion"-ის ჟურნალისტები თბილისში. ესპანელი ჟურნალისტები სწორედ, თბილისში იგებენ ტერმინ "კანონიერ ქურდს", თუმცა ამ კასტის წარმომადგენლებს მხოლოდ ქუთაისის სასაფლაოზე ხვდებიან. წამყვანის ვარაუდით, მდიდრული საფლავის გასაკეთებლად 30 ათასი ევრო დაიხარჯა, და ის ესპანეთში ნაძარცვი ოქროულობიდან ამოღებული ფულით არის აშენებული.
საგამოძიებო ფილმში ქუთაისი კანონიერი ქურდების აკვნად არის მოხსენიებული. თუმცა, თბილისში შსს-წარმოამდგენელი მამუკა ჭელიძე ესპანელ ჟურნალისტებს სიამაყით უცხადებს, რომ საქართველოში "კანონიერი ქურდები" თავისუფლად ვეღარ დადიან, საქართველოს მთავრობის წარმატებული პოლიტიკის შედეგად ზოგი დაკავებულია, ზოგი კი - ქვეყნიდან გაქცეული.
საქართველოდან გაქცეული და მიმალული ქურდები სხვა ქვეყნების კრიმინალებთან ერთად ევროპელებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცნენ. ამიტომაც ბევრ სადარბაზოში გამოკრულია განცხადება, სადაც მეზობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ და გახშირებული ქურდობების შესახებ ამცნობენ.
ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)