"სასწაულს ტანი გიგრძნობს" - თემურ ჩხეიძის ზუგდიდური "მასტერკლასი" 50 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"სასწაულს ტანი გიგრძნობს" - თემურ ჩხეიძის ზუგდიდური "მასტერკლასი" 50 წლის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, ბევრისთვის საყვარელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე ორი დღით ზუგდიდს სტუმრობდა. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ბატონი თემურის დამოუკიდებელი სარეჟისორო ცხოვრების "ჭაშნიკი" სწორედ ზუგდიდის თეატრი გახლდათ და ზუსტად 50 წლის წინ, იმხანად თეატრალურ ინსტიტუტად წოდებული საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო სახელოვნებო სასწავლებლის (ამჟამად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი) დამთავრების შემდეგ 21 წლის თემურ ჩხეიძე ორ ახალგაზრდა მსახიობთან - ჟანრი ლოლაშვილთან და ავთო მახარაძესთან ერთად ზუგდიდში წავიდა სამუშაოდ.

იუბილეს ნუ დაარქმევთო, - ითხოვა ბატონმა თემურმა და იდეის ავტორი და განმხორციელებელი ახალგაზრდა ზუგდიდელი ქალბატონი ხატია ჯანაშია მის სიტყვას როგორ გადავიდოდა, ამიტომ ღონისძიებას სადად და მარტივად - "50 წლის შემდეგ" უწოდა.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საინიციატივო ჯგუფი ART-UNIVERSAL-ი, ხოლო თანაორგანიზატორი - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

სხვათა შორის, 50 წლის წინ თეატრში სამი ახალგაზრდის ჩაყვანა მისი იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ალექსანდრე (საშა) ეგუტიას დამსახურება იყო, დღეს კი თეატრის დირექტორი მისი ვაჟი - ზურაბ ეგუტია გახლავთ, სამხატვრო ხელმძღვანელი კი - რეჟისორი ბადრი წერედიანი.

თემურ ჩხეიძემ თეატრში თავისი იქ მოღვაწეობის ამსახველი კუთხე რომ დაინახა, კედელზე გაკრული ძველი აფიშის შექმნის ისტორია გაახსენდა:

- ამ აფიშის ესკიზი ჟანრი ლოლაშვილმა გააკეთა, მაგრამ არ დაგვიბეჭდეს, ასეთს არ ვბეჭდავთო, ჟანრი გაბრაზდა, მაგათი არაფერი მინდაო. საიდანღაც ლინოლიუმი მოათრია, ასოების ჩათვლით, ყველაფერი გამოჭრა და ბოლოს მაკეტს მხატვარ მიშიკო ჭავჭავაძესთან ერთად საღებავიც გადაუსვა. მოკლედ, საკმაოდ ლამაზი აფიშა გამოუვიდა - შავზე თეთრი ასოებით. შემდეგ სხვა ეგზემპლარებიც გააკეთეს ბიჭებმა. ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ხმა გავრცელდა, ზუგდიდში უცნობი სტამბა აფიშებს ბეჭდავსო. ამის გამო ყველას დაგვიჭერდნენ, ამიტომ ბიჭებმა აფიშები ნამდვილ სტამბაში წაიღეს და ბეჭედიც დაარტყმევინეს, ვითომ იქ იყო დაბეჭდილი. მერე მთელ ქალაქში გავაკარით, ოღონდ ჟანრიმ თითოეულის წარწერა სხვა ფრად გადაღება. სამწუხაროდ, იმ ღამით გაწვიმდა და აფიშებს საღებავი სულ ჩამოსცილდა...

ზუგდიდი მართლაც გამოაცოცხლა თემურ ჩხეიძისა და მარჯანიშვილის თეატრის დასის რამდენიმე წევრის სტუმრობამ - იმ საღამოს მარჯანიშვილელებმა, კონკრეტულად კი ქართველების უსაყვარლესმა მსახიობებმა ზურა ყიფშიძემ, მიხეილ გომიაშვილმა და ალეკო მახარობლიშვილმა ზუგდიდის თეატრის სცენაზე ბატონი თემურის სპექტაკლი "ART-ხელოვნება", მიუხედავად გაუსაძლისი სიცივისა, შესანიშნავად ითამაშეს. ძალიან გამძლე აღმოჩნდა მაყურებელიც. სპექტაკლს წინ უძღოდა ART-გალერეაში ზუგდიდის საზოგადოებასთან შეხვედრები და თეატრის სტუდიელებთან მასტერკლასი.

თემურ ჩხეიძე: - გარწმუნებთ, ყველა ქვეყანასა და ყველა თეატრში, ყველაზე პატარაშიც კი იპოვით კარგ მსახიობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ რეჟისორებს - ნაკლებად. ეტყობა, ნიჭის გამოხატვა აქტიორობით უფრო ხდება, ვიდრე - რეჟისორობით. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ რეჟისორები კარგად აკეთებენ ამა თუ ეპიზოდს, ეს მყოფნის აღტაცებისთვის.

აბა, თუ ჩავუსაფრთდებით და ვიტყვით, რომ, ვთქვათ, სპექტაკლი კი არის კარგი, მაგრამ იქ, კუთხეში კაცი რომ იდგა და ხმას არ იღებდა, რატომ ეცვა მას ლურჯი ფერის რაღაც, ეს ჯობია? კარგით, რა? როგორ შეიძლება ყველაფერს გამოედევნო კაცი! არ მოგწონთ? - ნუ მოგწონთ! არავის ვედავები... ხელოვნების აღქმა ხომ ჰგავს სიყვარულს? შეიძლება, რომ სერიოზულად მედავოთ, რატომ შევირთე ცოლად ის, ვინც მყავს, როცა მეორე ქალი უფრო ლამაზია? იყოს ის ლამაზი, მაგრამ მე ეს შევირთე და... აღქმა არის სუ-ბიექ-ტუ-რი!

ობიექტურად კარგია თუ არა კონკრეტული სპექტაკლი? - მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვა სრულიად მოკლებულია სიმართლეს. იმიტომ, რომ ხელოვნების აღქმა ემოციური აღქმაა, ემოციური აღქმა კი, თავისთავად - სუბიექტური. როგორ შეიძლება, ხმის უმრავლესობით გადავწყვიტოთ, კარგია თუ არა სპექტაკლი?.. პოეზიას რომ ვკითხულობთ, სტრიქონს მიღმა ჩვენში რა ხდება, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი. მე მას სახელს ვერ ვარქმევ. "როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,/ ელვარებდა ნაპირი/ სამუდამო მხარეში..." - არავინ მითხრას, რომ ნებისმიერს პირდაპირ შეუძლია თქვას, ეს რა არის! არადა, რაღაც საწაული რომ არის, ტანი გიგრძნობს.

- ერთხელ მითხარით, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ ჩამადენინოს, ისე არ დამებინდოს გონება, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის საზიანოდ იქცევაო. მომხდარა ისეთი რამ, რაც ამ ნათქვამს შეეწინააღმდეგებოდა?

- ამის მსაჯულად ვერ გამოვდგები. სხვამ უნდა თქვას. შეიძლება უნებლიეთ ვინმეს გულიც ვატკინე. ისეთი პროფესია მაქვს, ეს არ არის გამორიცხული. ვიღაცას ვაძლევ როლს, ვიღაცას - არა. ეს რეჟისორმა თუ არ გადაწყვიტა, აბა, ვინ უნდა გადაწყვიტოს? მახსოვს, მაშინ ზურა ყიფშიძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი არ იყო, როდესაც სტრინდბერგის პიესესაში "მამა" მთავარი როლი მივეცი. უფრო მეტი - ნინო ბურდულიც მოვიყვანე. შეიძლება მარჯანიშვილის თეატრში ვიღაცას გულიც დაწყდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამთ, ზურას და ნინოს კი ძალიან კარგად შეხვდნენ. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ვიცოდი, "მამას" თუ დავდგამდი, მამა აუცილებლად ყიფშიძე უნდა ყოფილიყო. ხელოვნების აღქმის არ იყოს, რეჟისორის არჩევანიც ძალიან ჰგავს სიყვარულს.

- პედაგოგობაზე ოცნებობდით... დღეს უკვე სახელოსნო გაქვთ. როგორი ახალგაზრდები მოვიდნენ?

- ახალგაზრდები ყოველთვის კარგები არიან... ჯერჯერობით, ერთი სპექტაკლი გავაკეთეთ. არ ვიცი, მერე რა იქნება. გავა წლები, ჩემი მოსწავლეებიც მოვლენ ჩემს ასაკამდე და გაიგებენ, პედაგოგოსთვის მათი წარმატება რას ნიშნავს. დგება პერიოდი, როდესაც გირჩევნია, შენმა მოწაფემ მეტი გააკეთოს, ვიდრე - შენ. დამიჯერეთ, ეს ასეა.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)