ვინ და რატომ დაცხრილა "იეღოვას მოწმეების" ცენტრი უკვე მეორედ?!
"იეღოველები შინ გვივარდებიან, ეს ცენტრიც ქრისტიანული ეკლესიის გვერდით წამოგვიჭიმეს"
ვაზისუბანში, "იეღოვას მოწმეების" ცენტრთან მდებარე კორპუსების მცხოვრებლები ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ გამოაღვიძა სროლის ხმამ - პირველად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის, მეორედ კი 30 ნოემბრის ღამეს. დღისით ცენტრში მისულ "იეღოვას მოწმეებს" შენობა დაცხრილული დახვდათ. ახალგარემონტებული კედელი დახვრეტილი, მეორე სართულის ფანჯარა კი ჩამსხვრეული. ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგებს "იეღოვას მოწმეები" მოუთმენლად ელოდებიან.
ცენტრზე თავდასხმის ამბავი იეღოვას ერთ-ერთმა მოწმემ გვიამბო, რომელმაც რატომღაც, ვინაობის გამხელა არ ისურვა. მიზეზად კი დაასახელა, რომ ასეთ საკითხებზე სასაუბროდ კომპეტენტური პირი არ იყო (?!). თუმცა, დაცხრილული კედლების გადაღების უფლება მოგვცა:
- ცენტრს პირველად გიორგობის ღამეს დაესხნენ. დაცვა არ გვყავს და ამიტომ ადგილობრივებისგან გავიგეთ, დაახლოებით რომელ საათზე ესროლეს შენობას...
- დაცვა არ გყავთ, მაგრამ ქრისტიანული, თუ სხვა ბევრი ეკლესიისგან განსხვავებით, უსაფრთხოების ზომები თქვენთან დაცულია - ვიდეოთვალით ყველა კუთხეა აღჭურვილი. კამერას არ დაუფიქსირებია, ვინ, რომელ საათზე ან რა იარაღით დაცხრილა ცენტრი?
- ტყვიის ზომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გასროლა ავტომატიდან უნდა მომხდარიყო. ეტყობა, პროფესიონალი იყო, იცოდა, ვიდეოთვალი რომ იყო და ძალიან შორიდან ესროლა შენობას. თანაც ისე ესროლა, რომ მიზანში მოარტყა, კედლებიც დაცხრილა და ძალიან მსხვილი მინებიც ჩაამსხვრია.
- ეს ამბავი როდის შეიტყვეს ცენტრის მლოცველებმა?
- ჩვენ მლოცველები არ ვართ, მხოლოდ რელიგიურ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც კვირაში რამდენიმე დღეს ტარდება, აქ 500-მდე კაცი დადის. როცა ცენტრში მოვიდნენ, ეს ამბავი მაშინ შეიტყვეს და ძალიან აღშფოთდნენ. მარტო იეღოვას მოწმეები კი არა, სხვებიც აღშფოთდნენ, - არ გვგონია, რომ სხვა რწმენაზე თავდასხმამ, ჩვენს რწმენას რამე შემატოსო.
იეღოვას მოწმესთან საუბრის შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებსაც გამოგველაპარა, რომელმაც ინციდენტის მიზეზად აი, რა დაასახელა:
ნანა შალვაშვილი:
- რა თქმა უნდა, სროლა და დაცხრილვა საჭირო არ იყო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვერ ვამტყუნებ იმ ადამიანს, რომელმაც ეს გააკეთა, კაცი ხომ არ მოუკლავს, მხოლოდ კედლებს ესროლა! რა გასაკვირია, რომ ასე გაეკეთებინა? ერთი პატარა ქრისტიანი ერი ვართ და გარშემო ყველა რელიგიიდან იმ საფრთხეში ვართ, რომ რწმენა დავკარგოთ და გადავშენდეთ. ეს იეღოველები შინ გვივარდებიან, გინდა თუ არა, უნდა გესაუბროთ უფალზეო და რაღაც წიგნებს გვაჩეჩებენ. ეს ცენტრიც ქრისტიანული ეკლესიის გვერდით წამოგვიჭიმეს. თვალს რომ გავახელთ და აივანზე გამოვალთ, მას უნდა ვუყუროთ. რა გასაკვირია, რომ არ გვსიამოვნებდეს, თუ მუსლიმანს არ სიამოვნებს თავის სალოცავთან ღორის თავის დანახვა, ვითომ ჩვენ რატომ უნდა გაგვიხარდეს, რომ ამ პატარა ქვეყანაში ყველა რელიგია ქრისტინობას ავიწროებს?!
იოღოვას სალოცავთან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე პოლიციის განყოფილებამ, ამ ინციდენტის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:
- ჩვენ რაც გვევალებოდა, გავაკეთეთ. როცა სროლა გავიგონეთ, რეაგირება მოვახდინეთ - მივედით ცენტრში და საქმე გამოძიებას გადავეცით.
- იეღოვას მოწმეების შეფასებით, სროლა ავტომატიდან მოხდა. ნატყვიარებიც საკმაოდ დიდია.
- როცა ტყვიები ამოვიღეთ, ის ადგილები ამოიფშვნა და გაფართოვდა... გამოძიება თავის საქმეს გააკეთებს. რელიგიის მიუხედავად, ჩვენ ყველას დავიცავთ, მათ შორის, იეღოველებსაც.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)