"მასტერა" მნიშვნელოვანი მოწმე იქნება პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეში" - "ოქროს მოწმე" ჰოლანდიიდან?!
საქართველოში ჰოლანდიიდან შესაძლოა, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდეს. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჰოლანდიაში გასული წლის ზაფხულში დააკავეს. ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა მის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. როგორც დგებუაძის საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილმა გვითხრა, ყოფილ მაღალჩინოსანს გათავისუფლებაზე უარი უთხრა ჰოლანდიის როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ. ამის შემდეგ "მასტერამ" ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, რომლის განხილვასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა პროკურორი დარწმუნებულია, რომ დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება აუცილებლად მოხდება. იურისტების თქმით კი, "მასტერას" საქართველოში ჩამოყვანამ შესაძლოა, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახადოს ფარდა.
რამინ პაპიძე, ადვოკატი: "მთელმა ბათუმმა იცის, რომ "მასტერა" იყო შავბნელი დავალებების შემსრულებელი. მისი სახელი თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, გამოძიებასთან თანამშრომლობით ბევრ აქამდე უცნობ დანაშაულს ახადოს ფარდა. დგებუაძეს ბაბუა კა-გე-ბეს თანამშრომელი ჰყავდა, ბავშვობიდან გამოირჩეოდა სადისტური ქცევით და ვინც იცნობს, ყველა უარყოფითად ახასიათებს. ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. დგებუაძის მეზობლისგან მსმენია, რომ ბავშვობაში თავისი კორპუსის ეზოში თანატოლი ცოცხლად დამარხა - ორმოში ჩააგდო და მიწა მიაყარა. საბედნიეროდ, ბავშვი გადაარჩინეს. "მასტერა" ბოლოს გაუპატიურებაზე გაასამართლეს - მეოთხე სართულზე აძვრა, შევიდა ქალთან და ძალა იხმარა... ჯერ გააუპატიურა, შემდეგ ყბა-სახე დაუმტვრია. გაუპატიურების მუხლი დაუტოვეს, ნაწილი კი შეუცვალეს, რათა შემსუბუქებოდა საქმე. არადა, ასეთი ძალადობა 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. "მასტერა" ყველაფერზე წამსვლელი რომ იყო, ამას აჭარაში ყველა დაგიდასტურებთ. ახალაიების მარჯვენა ხელი იყო და უამრავ შავბნელ საქმეში მონაწილეობდა. წამებით მოკლული სამხედრო მზვერავის, როინ შავაძის საქმესთან კი პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცი 16 აგვისტოს მოკლეს. 15-ში ღამით "მასტერამ" გაიყვანა სახლიდან და თანამშრომლებს მიუყვანა კუდ-ში. ლადო მგალობლიშვილმა (იმხანად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა) მითხრა, მაშინ ბათუმში მერაბიშვილის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ჩამოვიდა და, სავარაუდოდ, შავაძის მკვლელობის გეგმა მერაბიშვილისა და ახალაიას დავალებით მან ჩამოიტანა აჭარაშიო".
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: "მასტერა" ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარულ ჩანაწერებში ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკარავებს შეკვეთილ მკვლელობას. გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა. "მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".
შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი: "საკითხავია, რამდენად შეძლებენ "მასტერასთვის" ბრალის დამტკიცებას, ან დაზარალებულებს თუ ექნებათ ჩვენების მიცემის სურვილი (ბევრს ხელი აქვს ჩაქნეული). "მასტერა" თუ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარწმუნდა, რომ მოუწევს ციხეში ჯდომა, რა თქმა უნდა, წავა თანამშრომლობაზე. თუმცა მხოლოდ ოქროსმოწმეობა არ არის საკმარისი, მხარს უნდა უმაგრებდეს მტკიცებულებები. შესაძლოა, დგებუაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების საშინელ დანაშაულებს მართლაც ახადოს ფარდა, მაგრამ კიდეც რომ იძახოს, ერთად ამას და იმას ვაკეთებდითო, საკითხავია, მყარ მტკიცებულებად გამოდგება მისი ჩვენება?! საზოგადოდ, დაგვიანებული მართლმსაჯულება მასზე უარის თქმას ნიშნავს. იმდენად გაჭიანურდა პროცესები, საქმე თუ დროულად არ გამოიძიეს, შეიძლება მტკიცებულებები გამოუსადეგარი გახდეს... დავუშვათ, "მასტერამ" აღიარა, ვინ რას ავალებდა, თუ კვალი წაშლილია და მტკიცებულებები აღარ არსებობს, მისი ჩვენება ირიბი გამოდის, რომელიც დღეს მტკიცებულებად აღარ დაიშვება.
"მასტერა" იდეების გენერატორი იყო-მეთქი, ვერ გეტყვით. ის იყო ბნელი საქმეების შემსრულებელი და არ არის გამორიცხული, მისი ექსტრადირება მოხდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალმა" მაღალჩინოსნებმა ხელი შეუშალონ მის ექსტრადირებას და დგებუაძეს მფარველობა გაუწიონ, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახმაურება შეუძლია".
"მასტერას" ცოდვანი
დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. "მასტერა" ცნობილია, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია "ენვერის" საქმეებში.
იხილეთ ასევე: ამბავი ”მასტერას” უხეირობისა
ნანა ფიცხელაური