არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა
რის ფასად გვიჯდება ექიმების მიერ დაშვებული შეცდომა?
"ყოველი ადამიანი დამოუკიდებელი, ინდივიდუალური ორგანიზმია და შეუძლებელია, მოერგოს საერთო სტანდარტებს, ამიტომ ხდება გართულებები"
ხშირად ცდებიან თუ არა ექიმები საქართველოში? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით მძაფრი გახდა გასულ კვირას, 8 წლის ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების შემდეგ - ბავშვის მშობლები ექიმს დიაგნოზის არასწორად დასმაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა 3 წლის გოგონა. წინასწარი მონაცემებით, პატარას ჩუტყვავილა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედამ პედიატრს დროულად მიმართა, თუმცა ექიმმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.
სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ექიმების ქმედება პროფესიულ პასუხისმგებლობას სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
ექიმის მიერ დაშვებული ყველაზე "უწყინარი" შეცდომაც კი, იქნება ეს სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოება თუ კონკრეტულ მომენტში გამოჩენილი გულგრილობა, შესაძლოა, პაციენტისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.
თემურ პირველაშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე: - ჩვენთან შემოსული საჩივრების ნაწილი შეიცავს პრეტენზიებს ჩატარებული მკურნალობის ხარისხის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში კი საჩივრები ფინანსურ საკითხებს ეხება - პაციენტები ან მათი ახლობლები მოგვმართავენ საჩივრით მაშინ, როცა განმეორებით დგება მკურნალობის საჭიროება და აქვთ პრეტენზია წინა პერიოდში ჩატარებული მკურნალობის მიმართ. ყველა შემთხვევაში საკითხის შესწავლა ხდება სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ საჭირო ხდება გარკვეული საკითხების დაზუსტება, ამას ერთვის ექიმების ახსნა-განმარტება. ჩვენ ვადგენთ, რამდენად იყო დაცული ექიმების ქმედებისას კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნები. ექიმის საქმიანობაში რამე ხარვეზის გამოსავლენად ვიშველიებთ დარგის ექსპერტებს. რამდენიმე ექსპერტი აფასებს კონკრეტული ექიმის ქმედებას და შემდეგ ეს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და მისი წევრები არიან ჯანდაცვის მინისტრი, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები და ა.შ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ფაქტის შესწავლისას იკვეთება ქმედება, რომელიც სცილდება ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტაცია სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება. ასევე არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ საქმეს პარალელურად სწავლობენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სამართალდამცავი ორგანოები.
- 8 წლის ბუკა ნიკურაძის საქმეს თუ იცნობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე?
ნინო ხუციშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი:
- გარკვეული ხნის წინ პაციენტის მშობლის მომართვის საფუძველზე დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. ამ ეტაპზე დოკუმენტაცია სარეცენზიოდ არის გაგზავნილი.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ჯერჯერობით, მშობლებს წერილობით არ მოუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით მოგვმართავენ, საკითხს კიდევ ერთხელ შევისწავლით.
- არსებული გარემოებებით რისი თქმა შეგიძლიათ? მშობლებს აქვთ პრეტენზია, რომ ექიმმა ბავშვს მცდარად დაუსვა დიაგნოზი და 8 წლის ბიჭის მდგომარეობის დამძიმება არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია.
- არის იმ პერიოდის დოკუმენტაცია, როცა ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს. საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ის იაშვილის კლინიკაში იწვა. მაშინ მცდარ დიაგნოზზე არ იყო ლაპარაკი, პრეტენზია ეხებოდა მკურნალობის ხარისხს და იმას, თუ რატომ დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა. რაც შეეხება დიაგნოზს, სავარაუდოდ, ახლა მშობლები თურქეთში გაკეთებულ კვლევაზე დაყრდნობით აპელირებენ. უნდა წარმოადგინონ ჩვენთან ამ ტიპის მომართვა და მას გავითვალისწინებთ. ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა - რეცენზია, რთულია რამის წინასწარ თქმა.
თემურ პირველაშვილი: - გვამის პათანატომიური გამოკვლევისთვის აუცილებელია გარდაცვლილის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ამის გარეშე რთულია განსაზღვრო, რამდენად იყო პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ექიმის არასწორი ქმედება.
- რა არის ყველაზე ხშირად ექიმების შეცდომის მიზეზი - გულგრილობა, დაბალი კვალიფიკაცია...
- დღეს გაცილებით მეტია ტექნოლოგიური შესაძლებლობა, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა გაცილებით იოლია. რა თქმა უნდა,
ექიმების კვალიფიკაცია სასურველია, იყოს უფრო მაღალი, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა იქაც არიან ექიმები, რომლებსაც ბევრი წამყვანი კლინიკა ინატრებდა.
- იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით რა ცნობები გაქვთ? გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პედიატრის გადაცდომა, რომელმაც გოგონას მდგომარეობა დაავადების განვითარების პირველ ეტაპზე არაჯეროვნად შეაფასა.
ნინო ხუციშვილი: - ჩვენთან ეს ინფორმაცია შემოვიდა, როგორც შეტყობინებას დაქვემდებარებული შემთხვევა, რადგან გარდაცვლილი ბავშვი 0-დან 5 წლამდე ასაკის იყო და ამ ასაკის ბავშვების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში რეგულარულად შემოდის. გავარკვიეთ, რომ პირველად ბავშვი მიიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში და უკვე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა. სააგენტო ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლის და გადაჭრით რამის თქმას მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ იაშვილის კლინიკაში ბავშვი უკვე მძიმე დიაგნოზით შევიდა - შოკი, თირკმლის მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როცა პატარების გარდაცვალების მიზეზების შესწავლისას აღმოჩნდება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით დაავადების ანამნეზი ერთ-ორ კვირას მოიცავს, ბინაზე ტემპერატურით ჰყავს მშობელს და სტაციონარში შეყვანილია უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში.
- ამ შემთხვევაში მშობელმა რა უნდა ქნას? ის ხომ ექიმს ენდობა, რომელიც, შესაძლოა, ბინაზე გამოიძახა, მან კი პაციენტის სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა?
- მოსახლეობის უბნის ექიმთან მიმართვიანობა უნდა იყოს მაღალი. პაციენტმა, მისმა პატრონმა არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ სიცხის დამწევი წამალი არ უნდა იყოს. მით უფრო, როცა მცირე ასაკის ბავშვებზეა საუბარი. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა 2-კვირიანი ანამნეზია და ბინაზე ექიმი არ ჰყავთ გამოძახებული.
თემურ პირველაშვილი: - არც ერთ ექიმს არ უნდა პაციენტის გარდაცვალება. ზოგჯერ დაგვიანებულია მკურნალობა. ყოველი ადამიანი დამოუკიდებელი, ინდივიდუალური ორგანიზმია და შეუძლებელია, მოერგოს საერთო სტანდარტებს, ამიტომ ხდება გართულებები. თუმცა, ექიმი ასეთი პაციენტის გვერდით სულ უნდა იყოს, ყველა ღონე უნდა იხმაროს მის გადასარჩენად, მათ შორის არასტანდარტულიც. თუ ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გახდება, ეს მისი არაპროფესიონალიზმის ბრალი კი არ არის, არამედ კონკრეტული მდგომარეობისა.
ნინო ხუციშვილი: - საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა, რომ ასეულათასობით პაციენტმა მიიღოს სამედიცინო მომსახურება. შესაბამისად, წლის განმავლობაში დაახლოებით 200-მდე შემოსული განაცხადი, რომლის საფუძველზეც ექიმების საქმიანობის განხილვა მოხდა, არ არის ბევრი. იყო წლები, როცა პაციენტები საერთოდ ვერ იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. ახლა გაიზარდა ექიმთა მიმართვიანობა და საჩივრებიც, ბუნებრივია, იქნება.
- რას გვეტყვით "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პედიატრები გარიგებული არიან ფარმაცევტულ კომპანიებთან და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ჩვილებს ხელოვნურ კვებას უნიშნავენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არ არის საჭირო?..
თემურ პირველაშვილი: - ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური მოსაზრება მაქვს - ეს აბსოლუტურად მიუღებელია. არ გამოვრიცხავ, რომ კარგი პრეპარატია, რასაც უნიშნავენ, მაგრამ ეს გარიგებით ხდებოდეს და ამაში საზღაური მიიღოს ექიმმა, ამას უკვე სხვა რამ ჰქვია და ჩვენი სააგენტოს კომპეტენციას სცილდება - სამართალდამცავების საქმეა.
50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა
საქართველოში ექიმების გადაცდომის ფაქტებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს. სტატისტიკით ირკვევა, მხოლოდ 2014 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 293 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. აქედან: წერილობითი გაფრთხილება მიეცა 195 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 98 ექიმს. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხების შესწავლის შედეგად კი 50 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.