ორ ცეცხლს შუა - გამოიწვევს თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სომხეთში ვითარების გამწვავებას?! - კვირის პალიტრა

ორ ცეცხლს შუა - გამოიწვევს თუ არა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სომხეთში ვითარების გამწვავებას?!

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ რეგიონში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბა და იმის საშიშროებაც წარმოქმნა, რომ ამ მზარდმა დაპირისპირებამ მეზობელი სომხეთიც ჩაითრიოს. საშიშროებას კი სწორედ ის წარმოადგენს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. ხოლო ამ ბაზის კონფლიქტში ნებისმიერი ხერხით ჩათვა გამოიწვევს სომხეთსა და თურქეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას.

ერევანში შიშობენ, რომ თურქეთის პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა ქმედებებმა შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტი გაამწვავოს. მოგეხსენებათ, სომხეთისა და აზერბაიჯანის  ურთიერთობა უკვე ათეული წლებიაიმგვარია, როდესაც "არც მშვიდობაა და არც ომი" - ეს უკანასკნელი კი, თურქეთის უახლოესი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.

ორ ცეცხლს შუა?

ერევანში არსებული დაძაბული ვითარება, რომლის გამომწვევი მიზეზი თურქეთ-რუსეთის კონფლიქტია, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველ რიგში ეს ეხება იმ ისტორიულ ფაქტორს, რამაც გამოიწვია სომხების უნდობლობა დასავლელი მეზობლის მიმართ. ოსმალეთის იმპერიაში, გასული საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის ხოცვა-ჟლეტას და  მასობრივ განდევნას სომხეთში და რამდენიმე სხვა სახელმწიფოშიც გენოციდად აფასებენ. ამ საკითხზე ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ მომხდარი მოტივირებული იყო სამხედრო ქმედებით და ამ მოვლენის დროს ბევრი თურქიც დაიღუპა.

სომხეთში ყოველთვის დიდი სიფრთხილით უყურებდნენ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათმობას. ექსპერტები ღიად ამობდნენ, რომ ეს სომხეთისთვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნილიყო.

ერევანში კარგად ახსოვთ, სტალინსა და მუსტაფა ქემალ ათათურქს შორის კარგი ურთიერთობა, რაც საბოლოოდ სომხეთს ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდა.  თუმცა ახლა უკვე ბევრს მსჯელობენ იმაზეც, რომ სომხეთისთვის არანაკლებ სახიფათო თურქეთ-რუსეთის გამწვავებული ვითარებაცაა.

რა იქნება შემდეგში?

სომეხი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ერთ რამეზე თანხმდებიან: რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ვითარება სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა.

შესაბამისად, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა დაპირისპირებაში არ ჩაერთვება. "შეუძლებელია ამ ბაზის თურქეთის წინააღმდეგ გამოყენება", - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი.

სამხედრო ანალიტიკოსის, სერგეი მინასიანის აზრით, სომხეთში არსებულ რუსეთის ბაზებს თურქეთის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყებად საკმარისი სახსრები არ აქვს. უფრო სერიოზული ოპერაციისთვის კი, რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო რეზერვი უნდა გადაისროლოს, მაგრამ რუსეთის არმია სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი არ აქვს. ხოლო სამხედრო ნაწილის გაგზავნა სომხეთში საქართველოს ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით პრობლემას წარმოადგენს.

ამასთანავე, სომხეთის ეკონომიკამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიიღოს იმ სანქციებისგან, რომელიც რუსეთმა თურქულ საქონელზე დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის არც დიპლომატიური და არც სავაჭრო ურთიერთობა არ არის, თურქული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ერევანში. ამის შეჩერება კი, სერიოზულ პრობლემას უქმნის სომხეთის ეკონომიკას. როგორ განვითარდება მოვლენები, კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა პოლიტოლოგებს უჭირთ ...

წყარო