მარი ლე პენი - რას გვიქადის გამარჯვება ქალისა, რომელიც პუტინს ევროპული, ქრისტიანული მემკვიდრეობის დამცველდ მიიჩნევს
საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოსალოდნელი, თუმცა ბევრისთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. პირველი ადგილი უკიდურესად მემარჯვენე, მარ ლე-პენის "ერვნულმა ფრონტმა" დაიკავა, რომელმაც ხმების 28% მიიღო. ნაციონალისტურ და ანტისემიტური წარსულის მქონე პარტიას 13-დან 6-მა ფრანგულმა რეგიონმა გამოუცხადა ნდობა.
მეორე და მესამე ადგილები ნიკოლა სარკოზის "რესპუბლიკურმა" და საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის "სოციალისტურმა" პარტიებმა გაინაწილეს, შესაბამისად ხმების 27% და 23%-ით.
ლე-პენის პარტიისთვის აღნიშნული შედეგი ისტორიულია, რადგან აქამდე გამარჯვებისთვის არცერთ რეგიონში არ მიუღწევია. მან, მხარდამჭერებთან საუბრისას, არჩევნების შედეგები გამარჯვებად შეაფასა და "ეროვნულ ფრონტს" უდავოდ საფრანგეთის პირველი პარტია უწოდა. მარი ლე პენის მიზანი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაა, რის შანსებსაც აღნიშნულ არჩევნებში წარმატება მნიშვნელოვნად გაზრდის. არჩევნების მეორე ტური 13 დეკემბერს გაიმართება.
პარტია 1972 წელს ჟან მარი ლე პენმა, ამჟამინდელი ლიდერის მამამ ჩამოაყალიბა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პარტია მარგინალიზებული იყო საზოგადოებისგან. ჟან მარი ლე პენს რასიზმში, ქსენოფობიაში და ანტისემიტიზმში ხშირად ადანაშაულებდნენ. ევროპარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლისას მან ჰოლოკოსტს მეორე მსოფლიო ომის მცირე დეტალი უწოდა, რის გამოც მკაცრად გააკრიტიკეს. გარდა ამისა, ის მხარს უჭერდა საფრანგეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას, მოითხოვდა შიდსით დაავადებულთა საზოგადოებისგან იზოლაციას, ათასობით ევროს ოდენობის ჯარიმები აქვს გადახდილი რასისტული განცხადებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო. მას "ეროვნული ფრონტის" დატოვება 2011 წელს სწორედ ქალიშვილთან დაპირისპირებს გამო მოუწია, რის მერეც პარტიის ლიდერობა მარი ლე პენმა ჩაიბარა.
ამჟამად "ეროვნული ფრონტი" მხარს უჭერს ეკონომიკურ პროტექციონიზმს, დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას და ანტიიმიგრაციას. პარტია იმიგრაციას ქვეყნის ინტერესებისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი მუსლიმანების იმიგრაციას აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.
საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებს სამი კვირით ადრე, ყველასთვის ცნობილი პარიზის ტერორსტული თავდასხმები უსწრებდა, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შესაბამისად, "ეროვნული ფრონტის" წარმატებული შედეგები მოსალოდნელი იყო. ტერორისტულმა თავდასხმებმა და მათ მიერ გამოწვეულმა შიშმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. საფრანგეთში ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად შეინიშნება ანტიმუსლიმანური განწყობები. ანტიმუსლიმანური და ანტიიმიგრაციული განცხადებები "ეროვნული ფრონტის" წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ფოკუსს წარმოადგენდა. პარიზის თავდასხმების შემდეგ პარტიის რეიტინგი 4-7%-ით გაიზარდა.
"ეროვნული ფრონტის" მსგავსი პარტიების დაწინაურება ევროპის პოლიტიკურ არენაზე საქართველოსთვის საფრთხის შემცველია მათი საგარეო პოლიტიკური ხედვების გამო. ეს პარტია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციას, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში ყოფნას. შესაბამისად, საქართველოს დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნას ევროკავშირსა და ნატო-სკენ ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
"ვგრძნობ, სიკვდილით დასჯის დაბრუნება აუცილებელია!" "ევროკავშირი სექტას დაემსგავსა!", "სასწრაფოდ ჩავკეტოთ საზღვრები!" დავხუროთ ყველა მეჩეთი!" - ეს ნაწილია მარი ლე პენის ნაციონალისტური გამონათქვამებისა, რომელსაც ხშირად ფაშიზმის ელეფრიც კი დაჰკრავს.
გარდა ამისა, პარტია რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებებს ღიად გამოხატავს. მარი ლე პენმა ერთ-ერთ თავის განცხადებაში პუტინს ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანული მემკვიდრეობის დამცველი უწოდა. უკრაინაში მიმდინარე კრიზისის გამო ისინი ამერიკას ადანაშაულებენ და მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ფრანგული მედიის მიხედვით, პარტიის ლიდერებს ხშირი მიმოსვლა აქვთ მოსკოვში კრემლის წარმომადგენლებთან. მარი ლე პენი ერთ-ერთი მრჩეველი 2015 წლის მაისში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ამის ფონზე, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოს საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ევროპაში კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ძალების გააქტიურება საქართველოს უსაფრთხოებას კიდევ უფრო შეარყევს.
საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან აქ ადგილობრივ თვითმმართველობას უფრო მეტად სიმბოლური ხასიათის ძალაუფლება ენიჭება, თუმცა, როგორც გითხარით, მარი ლე პენის გეგმებში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შედის...
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ყველა პარტიის საარჩევნო კამპანია სწორედ "ეროვნული ფრონტის" წინააღმდეგ არის მიმართული. გარდა პარტიებისა, მის წინააღმდეგ ღიად გამოდიან ფრანგული პრესა, ბიზნესის წარმომადგენლები და აპოლიტიკური ხელოვანებიც კი. შედეგების გამოცხადების შემდეგ, "ეროვნული ფრონტის" გამარჯვების დასაბრკოლებლად, მემარცხენე-ცენტრისტულმა "სოციალისტურმა" პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე, მემარჯვენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური" პარტიის სასარგებლოდ, ორ რეგიონში განაცხადა უარი.
ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)