"პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩემზე ზეწოლას ცდილობდნენ, პატიმრებისგან წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 ათასი დოლარი" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩემზე ზეწოლას ცდილობდნენ, პატიმრებისგან წინასწარ ჰქონდათ აღებული 200 ათასი დოლარი"

"მას შემდეგ, რაც დამნაშავე პოლიტიკოსებს ციხის კარამდე მივაცილებთ, გოგაძის ჯერიც დადგება"

მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს სამი საათი ჰკითხავდნენ. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნდა, ისევე, როგორც ეს გააკეთა წელიწადნახევრის წინ, როდესაც მთავარ პროკურორს გადასცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია...

- პროკურატურას უკლებლივ ყველა ინფორმაცია გადავეცი იმ რამდენიმე გავლენიან პოლიტიკოსზე, რომლებიც ამჟამადაც ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების" რიგებში არიან. ისინი დაჟინებით ცდილობდნენ ჩემზე გავლენის მოხდენას საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რათა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების გვერდის ავლით და ამ წესების გარეშე განმეხილა რამდენიმე პატიმრის ბედი და ისინი ჩემი ძალისხმევით პრეზიდენტს შეეწყალებინა.

- ამას ინტენსიური სახე ჰქონდა?

- დიახ, 5 თვე ვიმუშავე შეწყალების კომისიაში, ამ დროის განმავლობაში სამი შეწყალება მოხდა და ყოველი ეტაპის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი ძალიან აქტიურდებოდა, ამას ჰქონდა ისტერიული სახე, ზარებით, მესიჯებით ისინი თავგამოდებით ცდილობდნენ თავიანთი გაეტანათ და მეუბნებოდნენ, რომ ამ პატიმრის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივები იდგა, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავდი... შემდეგ, ძალიან სანდო ადამიანმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებაში, ამ პოლიტიკოსებს წინასწარ ჰქონდათ აღებული სერიოზული თანხა - 200 ათასი დოლარი და თუ საქმე პრეზიდენტის შეწყალებამდე მივიდოდა, მათი სარგებელი 1,5 მილიონი იქნებოდა. ამის შემდეგ, საქმის კურსში ჩავაყენე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავად პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი შესაბამისი სტრუქტურები ჩააყენა საქმის კურსში, რის შემდეგაც, თუ არ ვცდები თვე ნახევარი იყო გასული, როდესაც მომეცა იმჟამინდელ მთავარ პროკურთან შეხვედრის საშუალება, მაშინვე ვკითხე, იყო თუ არა ამის შესახებ მისთვის რაიმე ცნობილი, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, მასაც და გოგაძესაც სრულად მოვახსენე ყველაფერი... ახლა ყველა იმას მეუბნება, რატომ არ თქვი თავიდანვეო... თავიდანვე რომ დამესახელებინა ეს ადამიანები, მაშინ მეტყოდნენ, რატომ არ დააცადე გამოძიებასო.... მაშინ რომ დამესახელებინა იმ ადამიანების ვინაობა, მათ მიმართ მტკიცებულებების მოპოვებაც გაუჭირდებოდათ, რადგან ისინი კვალის წაშლას ყველანაირად შეეცდებოდნენ. ახლაც არ ვამბობ გვარებს, რადგან გამოძიებამ თავისუფლად შეძლოს მუშაობა და ხელი არ შეეშალოს.

ახლა მივაწოდე ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დანარჩენი მათი საქმეა. მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, ვითანამშრომლო სამართალდამცველებთან, რათა ის ბინძური პოლიტიკოსები დაისაჯონ, რომლებიც ცდილობდნენ ამ გზით ფული ეშოვათ.

- პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ თქვენს განცხადებას სიცრუე უწოდა...

- გიორგი გოგაძე აღმოჩნდა იმდენად უსირცხვილო და უტიფარი, რომ წარბის შეუტოკებლად უარყო ეს ყველაფერი, რადგან მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკოსებს ციხის კარამდე მივაცილებთ, მისი ჯერიც დადგება. რადგან ისიც და ბადაშვილიც ჩემს მიერ მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს სრულიად გულგრილად მოეკიდნენ და საქმის გამოძიება არ დაიწყეს. ამიტომაც სრული პასუხისგმებლობით ვპირდები, რომ მასაც მალე მოუწევს პასუხისგება... როგორც ვთქვი, როდესაც მე ყოფილ პროკორორს შევხვდი, იქ გოგაძეც იყო. იმედი მაქვს, რომ ბადაშვილიც იმ სამარცხვინო ფრაზებს არ გაიმეორებს, რაც გოგაძისგან მოვისმინეთ. თუ კი ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და სამსახურებრივი გულგრილობის გამო, მათი პასუხისმგებლობის საქმეც უნდა დადგეს, რადგან მაშინ საგამოძიებო სტრუქტურებს არაფერი გაუკეთებიათ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც - გოგაძეს რომ ჩემგან ინფორმაციის მიღება ეღიარებინა, მაშინ ცალკე გამოძიება უნდა დაწყებულიყო გულგრილობის ფაქტზე, რაც მათ რეალურად გამოავლინეს. საქმე ის არის, რომ ამ ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია სხვა პირებმაც მიაწოდეს, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია.

- ალეკო, როგორ ფიქრობთ, რა შედეგებამდე მივა საქმე?

- თუ დავინახავ, რომ პროკურატურა ამ საქმის ჩაფარცხვას შეეცდება, იმ კონკრეტული პოლიტიკოსების სახელებსა და გვარებს, ფულის გადამხდელთა და პატიმრების ვინაობას, საერთოდ, ყველა დეტალს მოვუყვები საზოგადოებას...

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, მან გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რომელიც ალეკო ელისაშვილის კომისიის თავმჯდომარეობისას ხდებოდა.

- კონკრეტული გვარები დავასახელე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო, იმედი მაქვს, პროკურატურა ამ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს დეტალები ცნობილი გახდება. მე ვისაუბრე პოლიტიკოსებზე, საჯარო პირებზე, ვისაუბრე იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც ხდებოდა ბატონი ალეკოს თავმჯდომარეობის დროს, მაშინ მე კომისიის წევრი ვიყავი და იმ წელიწადნახევარზეც, რაც მე ვარ კომისიის თავმჯდომარე. ზოგი რამ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზოგი მოსაზრებებითა და ფაქტების ლოგიკით, რომელიც გამოძიებამ მხედველობაში უნდა მიიღოს.

იხილეთ ასევე: ვინ იღებდა პატიმრების გათავისუფლებაში ფულს?! - "უნდა დაიკითხონ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ სხვებიც"

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)