"ჩვენი დროის ჰიურემი" - არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალბატონი ჰიჯაბისა და ფარანჯის გარეშე - კვირის პალიტრა

"ჩვენი დროის ჰიურემი" - არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალბატონი ჰიჯაბისა და ფარანჯის გარეშე

შეიხა მოზას სტილი არაბული სამყაროსთვის ზედმეტად თავისუფალი და კადნიერია.

ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს, არა მხოლოდ ჩადრის გახდის ნება, არამედ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლებაც მისცა.

შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი ყატარის ემირის ჰამად ბენ ხალიფა ალ-ტამის სამი ცოლიდან რიგით მეორე და სამი შვილის დედაა. ის პლანეტის გავლენიან და ლამაზ ქალთა რიცხვში შედის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.

მისი ცხოვრება არაბული ზღაპრის სიუჟეტივით ვითარდება და ვინმემ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება რომ მოინდომოს ის ცნობილი თურქული სერიალის „დიდებული საუკუნის“ მსგავსი გამოვა. მხოლოდ სულთან სულეიმანის ნაცვლად მთავარი გმირი ყატარის ემირი, ხოლო ჰიურემის ნაცვლად კი, შეიხა მოზა, ყატარში ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი იქნება.

მოზამ 18 წლის ასაკში გაიცნო პრინცი, თუმცა მასზე გათხოვება არუჩქარია. ქალბატონმა ჯერ ყარატის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ კი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. სწორედ განათლების მიღების შემდეგ გაყვა ცოლად მომავალ ემირს. ოჯახური თანაცხოვრების პირველი წლები სპარსეთის ყურის „რუხ კარდინალად“ წოდებულმა ქალბატონმა შვილებს მიუძღვნა, ამ დროისთვის ყატარი არაბულ სამყაროში ისეთი გავლენით არ გამოირჩეოდა, როგორც დღეს. ქვეყნის მდგომარეობა 1995 წელს შეიცვალა, მაშინ როცა მომავალმა ემირმა სახელმწიფო გადატრიალება ყველგვარი სისხლის ღვრის გარეშე მოახერხა, მან ტახტიდან მამა ჩამოაგდო და სახელმწიფოს მმართველი გახდა. ანგლოსაქსურ ქვეყნებთან ურთიერთობით მან სახელმწიფოს განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა მოიპოვა და ამავე დროს, მსოფლიოს ულამაზესი მეუღლე გააცნო.

შეიხა მოზა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმეებს კურირებს, ამიტომ ის ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე. არ იმოსება ისე, როგორც ჩვეულებრივი არაბი ქალი, მუდამ ატარებს მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლებში შეკერილ სამოსს.

ქალბატონის პროგრესული ჩაცმულობა სრულიად განსხვავდება არაბულ სამყაროში დღეს არსებული „მოდის ტენდენციებისგან“. მოზა არ ატარებს არც ჩადრს, არც ფარანჯას, რომელიც სხეულის და სახის სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას გულისხმობს. ის მხოლოდ თავსაბურავს იყენებს.

მოზას ადანაშაულებენ ყატარის ეკონომიკის აგრესიულ პოლიტიკაში. სპარსეთის ყურის პატარა სახელმწიფო ცდილობს ბუნებრივი აირის ბიზნესში თავად იყოს ახალი ფასის შემთავაზებელი. ამას გარდა, არსებობს ეჭვები, რომ ყატარი აფინანსებს  რადიკალურ ისლამურ დაჯგფებებს, ეს კი შეიხა მოზას საზოგადოების თვალში კარგად ნამდვილად არ წარმოაჩენს.

მოზა გამოირჩევა სპარსეთის ყურის მმართველთა მეუღლეებისგან როგორც თავისი საქმიანობით, ასევე უამრავი საპატიო წოდებითა. ის ყატარის საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელია, ოჯახური პრობლემების გადასწყევის საკითხებში კი უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტია. რაც მნიშვნელოვანია, ის "იუნესკოს" სპეციალური წარმომადგენელია. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომელშიც პირველი ინვესტიცია მეუღლემ განახორციელა და ეს ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს წარმოადგენდა. ფონდის მთავარი მიზანი თავისუფალი მედიასივრცისა და თავისუფალი საზოგადოების შექმნაა.

გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება ყატარის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკის დაარსება. დაწესებულებამ, რომელიც 2008 წელს გაიხსა, 225 მილიონის ინვესტიცია მიიზიდა და ჩართო ისეთი კომპანიები როგორიცაა Microsoft, Shell და General Electric-ი. ყატარის დედაქალაქ დოჰას გარეუბანში მან ააგებინა „საგანმანათლებლო ქალაქი“ - პატარა საუნივერსიტეტო ქალაქი, სადაც სტუდენტებს ლექციებს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები უკითხავენ.

თავად მოზას კი მინიჭებული აქვს ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის, კარნეგი მელონისა და  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების, ასევე ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის საპატიო დოქტორის ხარისხი. 2010 წლიდან კი ის ბრიტანეთის საიმპერატორო კარის ორდენის მფლობელი - კომანდორი გახლავთ.

ის 54 წლისაა და შესანიშავად გამოიყურება. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 12 პლასტიკური ოპერაცია მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდა. მათ, ვისაც მოზასთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ, ყველა გაკვირვებულია მისი შრობისმოყვარეობით, მიზანდასახულობით და რაც მთავარია ფემინისტური შეხედულებებით. სწორედ მოზას ვაჟი ტამიმი გახდა ტახტის მემკვიდრე, ეს ფაქტი კი შეიხა მოზას პერსონას კიდევ ბევრ უპირატესობას ანიჭებს. ვიცით, რომ ჰამადს, ყატარის ემირს, მოზას გარდა 2 ცოლი ჰყავს, საერთო ჯამში კი მისი მემკვიდრეების რაოდენობა 27-ს შეადგენს. გასულ წელს მამამ თავისი ნებით გადასცა მოზას ვაჟს მმართველობის სადავეები და სწორედ ის გახდა ყატარის ახალი ემირი. ამ და სხვა უამრავი საქმიანობის გამო  მოზას გავლენის შესახებ დღეს უკვე ლეგენდები დადის.

ჟურნალ ”ფორბსის” მიხედვით, მოზა შესულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. როგორც ამბობენ, სწორედ მისი სიძლიერის გამო მოიყვანა ჰამადმა მესამე ცოლი, რათა მოზასთვის ეჩვენებინა, რომ მისი გავლენა არც ისე ძლიერია. როგორც აღმოჩნდა მოზამ ადრეულ ასაკშივე იპოვა ემირის გულისა და გონების „მთავარი გასაღები“ და მისი ადგილი ვერავინ ვერ დაიკავა.

და ბოლოს, მოზას განსაკუთრებული პროექტი Educate A Child, ამ ფონდში გაერთიანებულია 34 არაბული სახელმწიფო და ის უზრუნველყოფს ბავშვებისთვის დაწყებითი განათლების მიცემას.

წელს, ზაფხულში ქალბატონი მოზა, თბილისში მყოფებოდა, მან ძველი თბილისის უბნებში გაისეირნა, იმყოფებოდა მშვიდობის ხიდზე და შეიძინა რამდენიმე სუვენირიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო