რას გააკეთებს "სამეკავშირეო ჯგუფი"?! - ბაღათურიას რუსული ვნებები და მორიგი ვიზიტი მოსკოვში
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მორიგი მოსკოვური ვოაიაჟიდან სულ ახლახან დაბრუნდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. რატომ იმყოფებოდა ოკუპანტ ქვეყანაში და რამდენად სწორია რუსეთთან რაიმე მოკავშირეობაზე ლაპარაკი? - ამ თემაზე ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება:
- ჩემი მთავარი ამოცანაა რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების არა მხოლოდ ნორმალიზება, არამედ სრულად აღდგენა. მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ჩემი ვიზიტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამ ვიზიტისას ჩვენს რუს კოლეგებთან შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება რუსულ-ქართული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამოკავშირეო ურთიერთობის აღდგენის კონცეფციაზე. ჩვენ განვსაზღრეთ ვადები და გვინდა ახალ წლამდე მოხდეს ამ ჯგუფების ფორმირება, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე დაგეგმილია რომ ახალ წლამდე მოხდეს პირველი სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის და თემატიკის ჩამოყალიბება. მოდით ამ პირველ შეხვედრას დავარქვათ კონფერენცია, რომელიც გაიმართება 20 იანვრიდან-1 თებერვლამდე, რაც შეეხება ჩატარების ადგილს, ჩვენი რუსი კოლეგებისგან გვაქვს თანხმობა, რომ საქართველოში ჩატარდეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი და შესაძლოა რუსეთში ჩატარდეს.
- ბატონო ჯონდი, თქვენი პარტია ( "ქართული დასი") არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკური ძალა და ამ ძალის ლიდერს რატომ გაქვთ ამბიცია, რომ რამეს შეცვლით ქართულ-რუსულ ურთიერთობებში?
- რატომღაც თქვენი რედაქციის წარმომადგენლები ძალიან განიცდიან ჩემი პარტიის რეიტინგს, რომელსაც არაობიექტურად და ყალბად აფასებენ.
- გარწმუნებთ, რომ "მედიაპალიტრაში" არავინ დარდობს თქვენს დაბალ რეიტინგზე, უბრალოდ მე გეკითხებით იმას, რაც ყველასთვის ცხადია...
- ნება მიბოძეთ, რომ არ დავეთანხმო თქვენს ამ სუბიექტურ შეფასებას რეიტინგთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტია და სხვა კოლეგებთან შედარებით გვაქვს ზრდის ძალიან დიდი პერსპექტივა.
- ბატონო ჯონდი რა ფინანსებით მოხდა თქვენი რუსეთში წასვლა და მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ყოფნა?
- მოსკოვში წასვლა-წამოსვლას დიდი ფინანსები არ სჭირდება და ღვთის წყალობით მაგას მეც გავწვდი. რაც შეეხება იმას თუ რა ფინანსებით გაიხსნება სამოკავშირეო ოფისი, ამაზე ვმუშაობთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ყველა მსურველს ექნება საშუალება ამის თაობაზე ინფორმაცია მიიღონ. ჩვენთან ყველაფერი იქნება ლეგალური, რადგან ძალიან დიდ საქმეს ვართ შეჭიდებული და უფლება არ გვაქვს რამე გაუმჭვირვალე იყოს. სხვათა შორის, თქვენი ეს შეკითხვა ძალიან მომწონს, მაგრამ კარგი იქნება თუ ასეთ კითხვებს დაუსვამთ ჩემს სხვა კოლეგებსაც მაგალითად: თინა ხიდაშელს, ირაკლი ალასანიას და სხვებს, ადამიანებს, ვინც ძალიან ხშირად დადიან ვაშინგტონში.
- ბატონო ჯონდი, თინა ხიდაშელი არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მგონი, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს თუ სად რა ფინანსებით ივლის, ხოლო თქვენთან კითხვები ჩნდება იმიტომ, რომ თქვენ დადხართ ოკუპანტთან და არა მოკავშირე ქვეყანასთან...
- თქვენ ამ ინტერესში დამატებითი კომპონენტი გააჩინეთ, მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ ვაშინგტონიც და მოსკოვიც ორი დიდი სახელმწიფოს დედაქალაქია და შეკითხვა სტატუსთან, მანდატთან და ფინანსებთან ყველას უნდა დაუსვათ. სხვათა შორის, ის მიზეზი, რაც თქვენ ბრძანეთ, მე მაძლევს დამატებით არგუმენტაციას იმისათვის, რომ მოსკოვში ვიარო. მთავარი მიზანი ამ სამოკავშირეო ჯგუფის შექმნისა არის ურთიერთობების დასტაბილურება და რაც მთავარია საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე რუსული შენაერთების უკანონო ყოფნის განხილვა.
- ამ სიტუაციის დასათბობად არაფერს აკეთებს რუსეთი და ჩვენ რატომ ვეახლებით ხოლმე მის კარს?
- ასეთი არაობიექტური პერიფრაზებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. როგორაა ეს კარზე ხლება, როცა გითხარით რომ ჩვენი რუსი კოლეგები თანახმა არიან სამოკავშირეო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდეს თბილისში. მერწმუნეთ, რუსეთში ძალიან კოლეგიალური განწყობებია და ძალიან თბილად გვხდებიან. მე არც იმაში დაგეთანხმებით რომ ჩვენ ვაკეთებთ და რუსები - არა, როცა რუსები იქ ჩასულს საკმაოდ თბილად გხვდებიან და რაღაც ჯგუფის დაარსებაზე გთანხმდებიან, ე.ი. გამოდის რომ ისინიც დაინტერესებული არიან, თანაც როცა მეტი ინტერესი ჩვენგანაა ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან რუსებზე მეტად ჩვენ გვეჩქარება ამ საქმის გადაწყეტა
- რუსებთან შეხვედრისას სიტყვა "ოკუპანტი", თუ ახსენეთ?
- არა, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა არ მიხსენებია და არც ვაპირებ ვახსენო. ჩვენთვის მთავარია შედეგი, ჩვენ რომ ამ ტერმინოლოგიით დავიწყოთ ლაპარაკი, ბუნებრივია, არასერიოზული იქნება. თქვენ გაქვთ ფუფუნება თავს უფლება მისცეთ და დიპლომატიური ტერმინოლოგიისთვის საკმაოდ აგრესიული ტერმინები გამოიყენოთ.
ვისურვებდი რომ ასეთი რიტორიკა და მსგავის ტერმინოლოგიით საუბარი შერბილდეს, რადგან ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ორი გზა გვაქვს: ან ჭკუით გადავჭრათ ეს პრობლემა ან ძალით. დედამიწის ზურგზე კი არ არავის აღმოაჩნდა რუსეთთან ძალის ენაზე საუბრის თავი და ბუნებრივია რჩება მეორე გზა.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)