ფარისევლობა, ანუ ავტორიტეტი მადლი არ არის, ბატონებო, ვიღაცისგან გადმოვიდეს...
ქართველი პოლიტიკოსების ფარისევლური დამოკიდებულება ეკლესიისადმი ისე შორს მიდის, რომ უკვე უხერხულობასაც ვეღარ გრძნობენ. იციან, რომ ეკლესიას და პატრიარქს ხალხში ავტორიტეტი აქვს და ესენიც ენებს და მუხლებს იტყავებენ. მზად არიან, ყველაფერი დაივიწყონ, მათ შორის ისიც-ვინ არიან და რა ევალებათ.
ჰგონიათ, ეს ხალხის სიყვარულს მოუტანთ. რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ პატრიარქს მიელაქუცებიან, მისი ავტორიტეტი მათზეც გადმოვა, არადა, ავტორიტეტი მადლი არ არის, ბატონებო, ვიღაცისგან გადმოვიდეს, მას მოპოვება სჭირდება! ბევრი ეკლესიისა და პატრიარქის მაქებარი პოლიტიკური ლიდერი გვინახავს ხალხის მიერ ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი. ეს პოლიტიკაში არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ ბევრი მაინც ვერ ხვდება ამას და, რბილად რომ ვთქვათ, თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს.
ასე მოხდა ამ დღეებშიც, როცა პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, მასაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. პოლიტიკოსები მაშინვე გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა უცებ გააცნობიერა, რომ ეს არასწორი იქნებოდა და კორექტულად სცადა მოსახლეობისთვისაც და საპატრიარქოსთვისაც ამის ახსნა, მეორე ნაწილმა კი დაუფიქრებლად აიტაცა ეს ინიციატივა და ლამის ერთ წუთში შეცვალა სახელმწიფო წყობა და კონსტიტუცია! ორად გაიყო საზოგადოებაც და როგორც ხდება ხოლმე, შეებნენ კიდეც ერთმანეთს სოციალურ ქსელებში. ყველას, ვინც ამის წინააღმდეგი იყო, ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრის იარლიყი მიაწებეს!
რამდენიმედღიანი ვნებათაღელვის და მლიქვნელობის ნიაღვრის შემდეგ საპატრიარქომ თვითონვე უარყო ეს მოთხოვნა. ეს პატრიარქის ემოციური გამოსვლა იყო და მხოლოდ კეთილი სურვილი, თორემ აზრადაც არ მოგვსვლია, ასეთი რამ სერიოზულად მოგვეთხოვაო. მოკლედ, მთელი ეს აურზაური ამაო გამოდგა. საპატრიარქოშიც მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება აბსურდი იქნებოდა, გაზრდიდა ეკლესიაში კორუფციის საფრთხეს, უკმაყოფილოთა რაოდენობას, რადგან ყველას ვერ შეიწყალებდნენ. მოკლედ, ეკლესიაში მიხვდნენ-ჩვენი პოლიტიკოსების ფარისევლობა იქამდე მიდიოდა, შეიძლებოდა ეს მართლაც გაეკეთებინათ და თვითონვე თქვეს უარი. შედეგად ის პოლიტიკოსები, რომლებიც პატრიარქის სურვილს განიხილავდნენ და მზად იყვნენ ამის გასაკეთებლად, ისევ რბილად რომ ვთქვათ, კვლავაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მერაბ მეტრეველი
ხომ ჯობდა, თავიდანვე ენისთვის კბილი დაეჭირათ?! თუ თვითონ არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ, გაჩუმებულიყვნენ და დაენახათ, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ ინიციატივას, რას იტყოდა ხალხი, მაგრამ-არა! ისე არიან დარწმუნებული, რომ პატრიარქის მხარდაჭერა მათ რეიტინგს გაზრდის, რომ მზად არიან, დაუფიქრებლად ყველაფერზე დაეთანხმონ! ჰოდა, ახლა სულ ტყუილად გაილანძღნენ იმ ადამიანების მიერ, ვინც ამბობდა, ამის გაკეთება არ შეიძლებაო.
პრემიერ-მინისტრმა კი თავის მართლება გადაწყვიტა და, როგორც ასეთ დროს ხდება, უარესი გამოუვიდა. პატრიარქი თუ შეიძლება ემოციებს აჰყვეს, ჩემთვის რატომ არ შეიძლება, მეც ემოციურად დავეთანხმე, თქვენ კი ვერ გაიგეთო. პოლიტიკოსებმა ეს კარგად იციან: თქვენ ვერ იგებთ სწორად, თორემ ჩვენ სულ სწორად ვლაპარაკობთო.
თუ თქვენს ლაპარაკს ახსნა-განმარტება სჭირდება, მაშინ შექმენით განმარტებების სამინისტრო, რომ მან განგვიმარტოს, რას გულისხმობთ. ასეთი გაუგებრობები ისე გახშირდა, ეს აშკარად გჭირდებათ!