"ქალი სადარბაზოში იდგა და განწირულად ყვიროდა, - მიშველეთ, კაცი მოვკალიო!"
"ქალს თვითონ დაურეკავს სასწრაფო დახმარებისთვის, ეტყობა იმედი ჰქონდა, რომ როგორმე გადაარჩენენო"
15 დეკემბერს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეორე კვარტალში მკვლელობა მოხდა, 36 წლის ქალმა 41 წლის მამაკაცი დანით გამოასალმა სიცოცხლეს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ხათუნა ბ. მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებულ პაატა ხ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა". - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
ბინა ახალი გაქირავებული იყო და კორპუსის მაცხოვრებლებმა მისი ბინადრების შესახებ არაფერი იციან. ადამიანმა, ვინც ამ მკვლელობის უნებლიე მოწმე გახდა, შემდეგი მოგვიყვა:
ო. გ, ადგილობრივი მცხოვრები:
- დაახლოებით საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როცა ეზოში შემოვედი და ჩემს სადარბაზოში შესვლას ვაპირებდი. ამ დროს ჩემ მაღლა, მეორე სართულიდან ქალის ყვირილი შემომესმა და უნებლიედ გავჩერდი. ყვირილი მეორე სართულის ბინიდან გამოდიოდა, სადაც შუქი ენთო; ჯერ ვიფიქრე, ალბათ რიგითი გარჩევაა-მეთქი, - ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი რამეები ჩვენს უბანში ძალიან ხშირია... მაგრამ ქალის შემზარავი კივილი რომ აღარ შეწყდა, მეორე სართულზე ავედი, ბინის კარი ღია იყო, ის ქალი, რომელსაც მკვლელობა ბრალდება, სადარბაზოში იდგა და განწირულად ყვიროდა, - მიშველეთ, კაცი მოვკალიო! ამასობაში სხვა მეზობელიც გამოვიდა და ბინაში შევედით, იქ დიდი უბედურება დაგვხვდა, - კაცი უკვე გარდაცვლილი იყო, იატაკზე, თავის სისხლის გუბეში იწვა. როგორც თქვეს, მიცვალებულს დანა ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ჰქონდა ჩარტყმული.
- ეს ქალმა როგორ შეძლო?
- ჯერ ერთი, მთლად სუსტი აგებულების ქალი არ ყოფილა, მეორეც, გამწარებული ადამიანი, რასაც გინდა, იმას ჩაიდენს. დანას დაწყნარებული ადამიანი არავის დაარტყამს. ამასობაში ხალხი შეგროვდა და ექიმებიც გამოჩდნენ. იმ ქალს თვითონ დაურეკავს საწრაფო დახმარებისთვის, ეტყობა იმედი ჰქონდა, რომ როგორმე გადაარჩენენო, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო.
- მკვლელს არავინ ჰკითხა, რატომ ჩაიდინა მკვლელობა?
- ქაღალდივით გაფითრებული იდგა, გეგონება ამ ქვეყნად არც არისო. არაფერს ამბობდა, ისიც არ უთქვამს ვინ იყო ის გარდაცვლილი კაცი მისთვის. მოვიდა პოლიცია, დაადო ბორკილები და წაიყვანა.
ჟურნალისტები შევესწარით, თუ როგორ მოვიდა სახლის პატრონი ქალი, რომელმაც ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა მეზობლების კითხვაზე, ვინ ჰყავდა მდგმურად? - უპასუხა, რომ რამდენიმე კვირის წინ ბინა ვინმე ხატიაზე გააქირავა, ხოლო მამაკაცი ვინ იყო წარმოდგენა არ ჰქონდა.
პ. ს. მომხდარზე მკვლელობა სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო