"ჰა, გევიღვიძეთ ევროპაში?" - ვინ როგორ აფასებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის "ვიზის მიცემას"?
"დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ვიზეიმოთ", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და
საქართველოში ზმართლაც ზეიმობენ. აწ გარდაცვლილ, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ნათქვამს, "ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი", ნელ-ნელა ევროპელებიც იჯერებენ.
მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასევე, სიმბოლურ, ლურჯ ფერად განათდა სატელევიზიო ანძა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები, მაგალითად, ევროკავშრის დროშის ფერებით იყო განათებული სვანური კოშკი მესტიაში, რასაც უმალ მოჰყვა ხუმრობა, რომ პირველი ევროპელები სწორედ სვანები იყვნენ.

"ნაციონალები" ამტკიცებენ, რომ ევროკომისიის დღეს გამოქვეყნებული, პოზიტიური ანგარიში მათი ხელისუფლების დამსახურებაა, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, თუმცა მთავარია, რომ საქართველი ევრინტეგრაციის გზაზე წინ მიდის და შეიძლება ითქვას, თავის ბუნებრივ წიაღს უბრუნდება.
ქართულ სოციალურ ქსელშიც საზეიმო განწყობაა, თუმცა სკეპტიკოსებიც მრავალად მოიძებნებიან, რომელთაც, სავარაუდოდ, რუსული ვიზების გამარტივება უფრო გაახარებდათ… გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას:
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე:
"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო მეტად ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს".
ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი:
"ძალიან კარგია თუ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც თვითონ ამბობს, საშინაო დავალება პირველკლასელივით კარგად შეასრულა, მე ამას მხოლოდ მივესალმები. დასკვნა არის ტექნიკური დეტალი, რომელსაც შემდგომ მოყვება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ეტაპი გადაწყვეტილების მიღებისა...
ამ პროცესს პოზიტივთან ერთად ძალიან სერიოზული პრობლემებიც შეიძლება მოჰყვეს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან უჭირს ეკონომიკურად, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამან დემოგრაფიულად საქართველოში ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს იგივე ბალტიისპირეთის შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულად მოსახლეობის 30% ქვეყნიდან გავიდა. თუ ამ მიმართულებით წავიდა პროცესი, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის."
გოგა ხაჩიძე, პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ლიდერი მთლად ლექსექსპრომტით ეხმაურება მომხდარს:
"რამდენ ჭირ-ვარამს გაუძელ,
მრავალმხრივო და ფრთხილო,
ევროპა მოგადგა მაკრატლით,
ნეკზე ნაზარდო ფრჩხილო."
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"ჰა, გევიღვიძეთ ევროპაში?
რუსეთი ერთმანეთს ასწრებენ ვიზების გაუქმებას, ამერიკას დე ფაქტო გაუქმებული აქვს, რადგან ყველას ათწლიანს ურტყამენ. ერთი ბრიტანეთი ვერ მოვდრიკეთ, რა!
აქ ვიღაცეები ქილიკობენ, პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრი არაფერი იცვლებაო. ჯერ ერთი, ვისაც ვიზა ერთხელ მაინც აუღია, იცის რა იცვლება მისი გაუქმებით და რამდენ მოსაბეზრებელ და ზოგჯერ დამამცირებელ პროცედურასთან იყო ეს დაკავშირებული, როგორ უნდა შეგეგროვებინა ათასი საბუთი, გეპასუხა ათას უაზრო კითხვაზე, ფული გადაგეხადა, რიგში მდგარიყავი და მანც დამოკიდებული იყავი რომელიღაც კონსულის ტკბილ ძილზე და თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძებდა, დარხეული გქონდა, მოკლედ ყოველ ჯერზე თავს მეათე ხარისხოვან ადამიანად გრძნობდი, მაგრამ პრაქტიკულზე მეტად ვიზების გაუქმებას ჩემთვის მაინც სიმბოლური და შეიძლება ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს! იქნებ, ქართველებმა ნელ-ნელა საკუთარი თავის და ჩვენი ევროპელობის ვირწმუნოთ!"
ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი:"მგონი, "გავსულელდით" ცოტა... ყველანი ევროვიზაზე ვწერთ, ვხარობთ... ერთმანეთს ვულოცავთ... სრული სიგიჟეა, ოღონდ, მისასალმებელი.
ეს წარმატება, რეალურად, უდიდესი სულაც არაა - წარმომიდგენია, რა მოხდება ქვეყანასა და ქართულ ფბ-ში, ვიზის ლიბერალიზაციას მართლა რომ მივიღებთ, ანუ, უვიზოდ პირველწამსვლელი რომ გვეყოლება.
და მით უფრო მაშინ, როცა ჯერ ნატოს და მერე ევროკავშირის წევრები გავხდებით!
გიჟობასაც გილოცავთ - გახარებულებო...
სულხან საბავ - თუ მანდაცაა ფბ ან მსგავსი - შენ გაგიმარჯოს კიდევ!"
იხილეთ ასევე: "ამას ველოდი, მოვესწარ..." - საქართველო ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის სამზადისში