"ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა" - ქალებზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგენილია
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალაბატონმა ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადიოდა.
"SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით თუ ჟურნალ გაზეთებით ვრცელდება, ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირალები, რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. რადგან ბოლოს და ბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული. 1 დეკემბერს, ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა, რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213, და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი - არ ააქვს მარცხენა თვალი", - წერდა ელე სარიშვილი. ამ ამბის გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ მოძალადის მსხვერპლი კიდევ არაერთი ქალი იყო.
დღეს კი შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალებზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსის მძღოლის ვინაობა დაადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყება თავს იკავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა.