"არ მესმის რატომ უნდა გადადგეს" - ღარიბაშვილს კვირიკაშვილი შეცვლის?
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს.
"პირველმა რადიომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს და ის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლოს.
"კვირის პალიტრა" დეტალების გასარკვევად უმრავლესობის წევრებს დაუკავშირდა.
თამაზ მეჭიაური, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე:
"მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. არ მესმის რატომ უნდა გადადგეს პრემიერი, პირიქით, ძალიან კარგად მუშაობს, ახალგაზრდაა და უფრო და უფრო კვალიფიცური ხდება, კვალიფიკაცია არც ადრე აკლდა, მაგრამ ახლა მეტი გამოცდილებაც შეიძინა. არ ვიცი, რატომ უნდა გავრცელებულიყო ასეთი ინფორმაცია".
ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
"არაფერი ვიცი, "პირველი რადიო" რას ეყრდნობა წარმოდგენა არ მაქვს".
მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა