"შიდა ქართულ კოლიზია", რის გამოც "ივანიშვილის საყვარელი ბიჭი" პრემიერობიდან წავიდა - რას წერს უცხოური მედია ღარიბაშვილის გადადგომაზე - კვირის პალიტრა

"შიდა ქართულ კოლიზია", რის გამოც "ივანიშვილის საყვარელი ბიჭი" პრემიერობიდან წავიდა - რას წერს უცხოური მედია ღარიბაშვილის გადადგომაზე

ღარიბაშვილი  "ქართული ოცნების" დასახმარებლად გადადგა, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოპულარობა საპარლამენტო არჩევნების წინ.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა უკვე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.

სააგენტო "ფრანს პრესი" ყურადღებას ამახვილებს, რომ 33 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იყო.

"ის უცნობი პოლიტიკური ფიგურა იყო, ვიდრე მისმა წინამორბედმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ის 2012 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა მინისტრად არ დაასახელა", - წერს სააგენტო. "ფრანს პრესი" და ასევე აღნიშნავს, რომ თანამდებობის დაკავებამდე ღარიბაშვილი 10 წლის განმავლობაში ივანიშვილთან მუშაობდა  და ის ღარიბაშვილს მუდამ "თავის საყვარელ ბიჭად" მოიხსენიებდა.

გავლენიანი გამოცემა Economic Times-ი წერს, რომ "რეფორმატორი ექს-პრეზიდენტის" მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ბუმი იყო, "ქართული ოცნების" სამწლიანი მმართველობის დროს კი ქვეყანას ეკონომიკური ზრდის შენელება, მზარდი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის 44%-იანი დევალვაცია მოხდა.

სააგენტო "როიტერი" ღარიბაშვილის გადადგომას "მოულოდნელ ნაბიჯს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ექსპრემიერმა ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოების გამო მიიღო. სააგენტო წერს, რომ ექსპერტები და ოპოზიცია მის გადაწყვეტილებას უკავშირებენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის 18%-მდე შემცირებას.

სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა, რომლის პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაამარცხა. სააგენტო წერს, რომ გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, "ქართული ოცნების" პოპულარობა შემცირდა, "ნაცინალური მოძრაობის" მხარდაჭერა კი გაიზარდა.

როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დასახმარებლად გადადგა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოპულარობა.

Financial Times-ის ინფორმაციით კი, ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია გამარჯვებებს ორივე ფრონტის მიმართულებით: ევროპულმა კომისიამ თბილისის დიდი ხნის მისწრაფებას - უვიზო რეჟიმის დაწესების იდეას მხარი დაუჭირა, რუსეთმა კი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.

"მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პოპულარობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, NDI-ს გამოკითხვის თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდაჭერის დონე ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც ის 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა" , - წერს გამოცემა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა რუსეთშიც.

გამოცემა ВЗГЛЯД-თან საუბარში პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ეს იყო საქართველოს ყველაზე წარმატებული მთავრობა.

"არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ირაკლი ღარიბაშვილის ან მმართველი კოალიციის არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს, მაგრამ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის ყოველთვიური სკანდალები აღარ ხდება", -ამბობს პოლიტოლოგი.

გამოცემა Московский Комсомолец-თან საუბარში კიდევ ერთი რუსი ექსპერტი ვლადიმერ ნოვიკოვი ღარიბაშვილის გადადგომას "შიდა ქართულ კოლიზიას" უწოდებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს ლარის დევალვაციამ და პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონფლიქტურმა ურთიერთობამ, რაც მმართველი კოალიციის რეიტინგზე აისახა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ექსპერტი ნოვიკოვი აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობის პერიოდშიც კი, ივანიშვილი "ყოველთვის იყო ჯერ ქართველი და შემდეგ რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენი".

"უდავოა, რომ ის საკუთარ თავს ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს. ამიტომ რუსეთისადმი მის ლოიალობაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა", - აცხადებს ნოვიკოვი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ევროინტეგრაციის მომხრედ.

იხილეთ ასევე: როდის გაჩნდა ღარიბაშვილისა და ივანიშვილს შორის პირველი ბზარი და რა შეიძლება აკავშირებდეს პრემიერის გადადგომასთან მურუსიძეს?!

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით