მარო მაყაშვილი - პირველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
"არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!" - ეს სტრიქონები მარო მაყაშვილის, მამას კოტე მაყაშვილს ეკუთვნის. ლექსში ყველა იმ ქართველი მშობლის ტკივილია ასახული, რომელთა შვილებიც 1921 წლის სუსხიან ზამთარში ქვეყნის დასაცავად იბძოდნენ და გმირულად დაეცნენ.
მარო იმ დროის პოპულარულ ოჯახში დაბადებული გოგო იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო არათუ ომს, არამედ გასაბჭოების პირას მდგარ საქართველოსაც გარიდებოდა და სადმე, ევროპის მშვიდ ქვეყანაში დასახლებულიყო... იმ დღიურებში, რომელიც მაროსგან დაგვრჩა, მისი ნატიფი სული და საოცარი გონიერება ჩანს. ეს პატარა გოგონა წერს: "უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?", მაგრამ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა.
მაროს მამა კოტე მაყაშვილი იხსენებდა: "1921 წლის თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარმა მუდარამ, რჩევამ ვერ გაჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის".
წითელ ჯვარში ჩაწერიდან, სულ რაღაც 2 დღეში დაიღუპა... ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავდა თურმე.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ცერემონია ოქროყანაში გაიმართა, სადაც მარო მაყაშვილის შთამომავლები, იუნკერთა შთამომავლები, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ შეკრებილი. "არიან ადამიანები, რომელთაც მივბაძავთ და რომელთა საქმეებიც ჩვენთვის იქნება იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. პირველი ასეთი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავაჯილდოვეთ, ქალბატონი ირინა ენუქიძეა. ქალი, რომელმაც თავისი შვილის სიკვდილი და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი, ყველას შვილების დასაცავად გამოიყენა. ის არის მაგალითი ქართველი დედის, რომელიც არ შემოიფარგლა თავისი კერძო ტკივილით ან ტრაგედიით და მთელ ქვეყანას ემსახურა. მეორე არის პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში, აი, აქ დაიღუპა. გოგონა, რომელსაც ჰქონდა ძალიან ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ წავა ევროპაში, ფიქრობდა თავის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზე არაფერი ეს შესაძლებელი აღარ ხდებოდა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა, 19 წლის, იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას, იდეის ინიციატორს, იუნკერთა და მარო მაყაშვილის შთამომავლებს მადლობა გადაუხადა.
ისევ მაროს დღიურიდან:
"ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება..."