"ჩაშკა" გახსოვთ?.. - ინტერვიუ არქივიდან - კვირის პალიტრა

"ჩაშკა" გახსოვთ?.. - ინტერვიუ არქივიდან

2020 წლის 3 ივნისს, მიხეილ ჯანაშვილი, იგივე "ჩაშკა" 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი გაჭირვების ტალკვესად იქცა, მათთვის, ვინც წამლებს ვერ შოულობდა.

გთავაზობთ, "ჩაშკასთან", ანუ მიხეილ ჯანაშვილთან 2010 წელს ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან.

"გული მიკვდება ჩემი ცოლის შემყურეს"

"კოდუამ ჩემს ქალიშვილს თავი სთხოვა"

ლესელიძეზე, პატარა ძველთბილისური სახლის კარზე წარწერა ძველებურად გვატყობინებს, რომ აქ "ჩაშკას" აფთიაქია. მართალია, აქ მედიკამენტები აღარ იყიდება, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველასათვის გაჭირვების ტალკვესად ცნობილი "ჩაშკა" მიდგება, მოდგება და კვლავაც "გაუჩენელს გააჩენს".…საზღაურად მიიღებს იმას, რასაც აჩუქებენ და კიდევ ერთხელ იტყვის: თბილისი თბილი გულის ადამიანთა ქალაქია, ასე იყო და ყოველთვის ასე იქნებაო. 80 წელს მიღწეულ "ჩაშკას" ცხოვრებაში ბევრი სიხარული და ტკივილიც განუცდია, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, დღეს იგი განსაცდელშია, თუმცა "გამოძრომის" იმედს ამჯერადაც არ კარგავს.

ამის შესახებ "ჩაშკა", ანუ მიხეილ ჯანაშვილი (რომლის სახელი და გვარიც თითქმის არავინ იცის) "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ახლა სრულიად  გაუბედურებული კაცი ვარ, ერეკლე კოდუამ დამღუპა. ჩემს ქალიშვილს, ხათუნა ჯანაშვილს 25-კაციანი ამალით შეუვარდა სახლში. ხათუნა ავად იყო და იწვა. კოდუამ ყოველგვარი პროცედურული დარღვევით, დამსწრისა და მოწმის გარეშე, ვითომ სარეცხი მანქანიდან ამოიღო 2 "ლისტი" სუბოტექსი. სინამდვილეში კი იგი თვითონვე  შემოიტანა. ასე გამიუბედურდა ოჯახი. ჩემი ავადმყოფი ქალიშვილი 260-ე მუხლით (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, მოხმარება, გასაღება) გაასამართლეს.

არავინ უარყოფს, რომ ხათუნა წამალზე იჯდა, მაგრამ გამსაღებელი არასოდეს ყოფილა. ქმარი ნარკომანი ჰყავდა და ეს წყეული სენი ჩემს ქალიშვილსაც გადასდო. სიძე კარგა ხანია გარდაიცვალა, ახლა ხათუნას სიცოცხლეა საფრთხეში. აქვს ტუბერკულოზი მძიმე ფორმით, საოპერაციოა, რომლის გაკეთებაზეც ციხის საავადმყოფოს ექიმები უარს აცხადებენ. ისინი ამისთვის საჭირო თანხას მე მთხოვენ.

KvirisPalitra.Geმე კი ახლა ძალიან მიჭირს. ჩემმა მეუღლემ მომხდარის გამო ძლიერი შოკი განიცადა და 2 წელიწადია ლოგინად არის ჩავარდნილი, ამიტომ ვისაც შეუძლია, ყველას ვთხოვ დახმარებას. მომხედეთ! მთელი ჩემი ცხოვრება ყურადღება არავისთვის დამიკლია, სხვის გასაჭირს გულგრილად არასოდეს მოვკიდებივარ და ახლა თვითონ ვარ დასახმარებელი. მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხათუნა ჯანაშვილის შეწყალების თხოვნის წერილით მივმართე, მაგრამ შესაძლოა თავად პრეზიდენტს ის სულაც არ წაუკითხავს.

ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილს მივმართავ: მეფეები ხანდახან გლეხის სამოსელს გადაიცვამდნენ, რათა  საკუთარი ხალხის ჭირი და ვარამი შეულამაზებლად გაეგოთ. მინდა ჩემისთანა ადამიანებზე თქვენც შეულამაზებელი სიმართლე იცოდეთ. გამოიჩინეთ ყურადღება ერთი თბილისელი, ხნიერი კაცის, "ჩაშკას" მიმართ. შეიწყალეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჩემი ქალიშვილი. პრეზიდენტო, გთხოვთ გაიღოთ მოწყალება (ხმაში ცრემლი გაერია. -…ე.ა.)!

- რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა კოდუას თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით?

- ჩემი ქალიშვილი ძალიან ლამაზი და მოხდენილი გოგოა. ეგ კიდევ ქალების მოყვარული კაცია. რამდენჯერმე შემოუთვალა ხათუნას, - მოდი და შემხვდიო. ერთი სიტყვით, თავი სთხოვა. ჩემი ქალიშვილი კოდუას არ ეახლა! ბოლოს მათი ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ კოდუა სახლში შეუვარდა ხათუნას და სუბოტექსის აღმოჩენის სცენა გაუთამაშა.

ზოგადად, ერთ აღიარებულ ჭეშმარიტებას  ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, დაწეროთ, - ისეთი კაცი მე როგორ დამიმყარებს წესრიგს, ვინც პირად ცხოვრებას ვერ მოიწესრიგებს?! გამგებმა როგორც უნდა, ისე გაიგოს..…

- თქვენს ცხოვრებაში განსაცდელი არაერთხელ ყოფილა. ციხეშიც მოხვედრილხართ....

- მაშინ შევარდნაძემ დამიჭირა. ახალგაზრდობაში "მერსედესი" ვიყიდე და ამის შემდეგ ამითვალწუნა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო საბჭოთა პერიოდში ასეთი ავტომობილის ყიდვა! საქართველოში პირველი "მერსედესი" მე მყავდა. შევარდნაძემ შემომითვალა, - გაყიდეო. ამის შემდეგ მას შვილიშვილისთვის მივყიდე წამალი, რამაც საერთოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა. რა ვიცოდი, ის კაცი, ვინც ჩემთან წამლის საყიდლად მოვიდა, შევარდნაძის გამოგზავნილი თუ იქნებოდა! ვიდრე დამიჭერდნენ, იმ ღამეს, შს მინისტრის მოადგილეს გივი კვანტალიანს წამალი დასჭირდა და თვითონ მივუტანე კაბინეტში.

გამოაღო სეიფი, ძალიან მაგარი კონიაკი გამოიღო და მაჩუქა. რა  თქმა უნდა, არ იცოდა, დაჭერას თუ მიპირებდნენ. მოკლედ, ხაფანგი დამიგეს და შემდეგ სპეკულაციისთვის გამასამართლეს.

18 თვე კა-გე-ბეში მამყოფეს, სადაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვვაჭრობდი საათებითა და ვიდეოკამერებითაც. კა-გე-ბეში განსაკუთრებით ის აინტერესებდათ, თუ ვის რა ნივთი მივყიდე და რომელი მაღალჩინოსანი რა ქონების მფლობელი იყო.

იმ ავადსახსენებელი 18 თვის შემდეგ ხონის მე-5 კოლონიაში  გადამიყვანეს. 6 წელი ვიჯექი. დაილოცოს ზვიადის სული. მან ჯერ ხონის კოლონიაში კოსტავა გამომიგზავნა, ჩემი პრობლემებით დაინტერესდა, თავისი პრეზიდენტობის დროს კი ყველა ბრალდება მომიხსნა და ჩემი რეაბილიტაცია მოახდინა.

- ზვიად გამსახურდიას ადრეც იცნობდით?

- ვიცნობდი, დედამისი როცა ავადმყოფობდა, ჩემგან მიჰქონდა დეფიციტური წამლები...

- მიხეილ სააკაშვილს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს არასოდეს დახმარებიხართ?

- კარგად ვიცნობ მიშასაც და მამამისსაც. ერთხელ ნიკა სააკაშვილს მართლაც დავეხმარე, ბალნეოლოგიურ საავადმყოფოში აფთიაქი შევუქმენი. მთხოვა, იქ მემუშავა, რაზეც უარი ვთქვი. ფული შემომაძლია და არც ის ავიღე. გავიდა ხანი, მიშამ ლესელიძეზე ამოიარა და "ჩაშკას" აფთიაქი რომ დაინახა, შეჩერდა, მომიკითხა.

უბნელებმა დამიძახეს, გამოვედი და ვხედავ, ჩემ წინ დგას მიშა, ნინო ბურჯანაძე, ბადრი პატარკაციშვილი, გიგი წერეთელი. მაშინ თქვა მიშამ ჩემზე, - ამ კაცმა მამაჩემთან მუშაობაზე უარი განაცხადაო. უბნელებმა უპასუხეს, - არ იცით, "ჩაშკა" ვინ არის? თავისი პატარა აფთიაქი ყველაფერს ურჩევნიაო. ჰოდა, იმ წამსვე "დამიძმაკაცდა" პრეზიდენტი, ჩემთან სურათიც გადაიღო. ახლა სახლში ისე ვართ არეული, ამ ფოტოს პოვნა ძალიან გამიჭირდება. გზაკვალი მაქვს არეული, გავუბედურდი კაცი...

- დიდი ხანია, თქვენი აფთიაქი აღარ მუშაობს?

- ჩემს აფთიაქს  მუდმივმოქმედი ლიცენზია აქვს. დეფიციტური პრეპარატების შესაძენი ფული თვითონ არ გამაჩნია. ავადმყოფები თუ შემაწუხებენ და ამა თუ იმ პრეპარატის შოვნას მთხოვენ, მივდგები, მოვდგები და მათივე ფულით, ჩემი კავშირების წყალობით ბევრ რამეს მოვახერხებ.

ხშირად კმაყოფილი ხალხი რამდენსაც მოისურვებს, იმდენს მჩუქნის. ისევ ამით ვარსებობთ. თუმცა გეტყვით, უკვე ორი წელიწადია, რაც ასე ძალიან გაგვიჭირდა. ელექტროენერგიისა და გაზის ჩართვას ვერიდები, რადგან გადასახადის გადახდა მიჭირს.

მე რომ ახლა  5 ათასი დოლარი მქონდეს, ჩემს პატარა აფთიაქს ისევ ავამუშავებდი.

- რას ამბობთ, 5 ათას დოლარად ააწყობთ ბიზნესს?

- დიდი აფთიაქის ამუშავებას სჭირდება 100 ათასი. ჩემი ბიზნესის დასაწყებად 5 ათასიც კმარა. მხოლოდ დეფიციტურ, უშოვარ  წამლებს შემოვიტან. ამ საქმისთვის ფული კი არის საჭირო, მაგრამ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. სინამდვილეში, ბიზნესის აწყობას სჭირდება თავი, მოძრაობა, კავშირები... გასაგებ მიზეზთა გამო დღეს რუსული წარმოების მედიკამენტები აღარ შემოდის, თუმცა, აღარც ამერიკული პრეპარატები იშოვება.

ისინი კომპანიებს სიძვირის გამო არ შემოაქვთ. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე კლანს უჭირავს მონოპოლია, რომლებიც დიდი მოგების მიღების მიზნით, იაფი წამლების შემოტანით და მათი ძვირად გაყიდვით არიან დაკავებულნი. მე არავის საქმეში არ ვერევი, თუმცა აფთიაქი თუ ავამუშავე, იქ "ნოშპას" და "ალოხოლს" ნამდვილად არ გავყიდი...

- ექსპერტთა დასკვნებით, "ავერსის" და პე-ეს-პეს შვილობილმა კომპანიებმა "ავერსი-რაციონალმა" და ჯი-ემ-პიმ ძვირიანი უცხოური ანტიბიოტიკების შემცვლელი პრეპარატების წარმოება დაიწყეს, თუმცა რატომღაც  ადგილობრივი წამალი შემოტანილზე იაფი მაინც არ ღირს. ამას რა ახსნას მოუძებნით?

- გითხარით, სხვის საქმეში არ ვერევი-მეთქი. ისე კი, მედიკამენტები ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

- მაგრამ თქვენც თავის დროზე საბჭოური პერიოდისათვის ძალიან ძვირად ყიდდით "სულფაქტანტს". თუ არ ვცდები, 3 ამპულა 1.000 მანეთიც კი ღირდა!

- არა, დღეს უფრო ძვირია ეს წამალი. "სულფაქტანტი" ერთი ამპულა 500 დოლარი ღირს და კვლავაც არ იშოვება. ადრე ეს მედიკამენტი ბევრად უფრო იაფი იყო. საერთოდ, ჩემთან მოსულ გაჭირვებულ კაცს უწამლოდ არასოდეს ვუშვებდი. ვინმეს ფული თუ არ ჰქონდა, საჭირო პრეპარატს ნისიად ვატანდი. ერთხელ ავადმყოფის პატრონი სასწრაფოდ ჩემი ფულით გადავაფრინე ქუთაისში და ისე გავატანე წამალი.

ასეთი შემთხვევაც მახსოვს, ერთი კაცი მოვიდა, რომლის შვილს ეპილეფსია სჭირდა. უშოვარი პრეპარატი მთხოვა, რომელიც არ მქონდა და ვერ დავეხმარე. ის კაცი წავიდა, საჭირო წამალი კი სულ რამდენიმე წუთში მომიტანეს. რა მექნა, ჩავჯექი ჩემს ავტომობილში და დავედევნე დაძრულ მატარებელს, რომლითაც ავადმყოფი ბავშვის მშობელი  მიემგზავრებოდა, მცხეთასთან დავეწიე...

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე?

- ყველა ეროვნების მეგობარი მყავს: ქართველი, ებრაელი, ბერძენი... დილაობით ვიკრიბებით ხოლმე, ვთამაშობთ დომინოს, მუსაიფი იწყება ამ ჯადოსნური სიტყვით: "გახსოვს?"…და ჩვენც ვიხსენებთ დუდუკებსა და თბილისურ სიმღერებზე გატარებულ ღამეებს,  ხანდახან ჩავარტყამთ კიდეც... ამ უბანს ძველთბილისური ურთიერთობა ძველებურად შემორჩა. მაგრამ გამოგიტყდებით, ბოლო დროს ჩემი უბედურების გადამკიდეს აღარაფრის ილაჯი აღარა მაქვს.

ის კი არადა, სახლში ტელევიზორსაც აღარ ვრთავთ. გული მიკვდება ჩემი ცოლის შემყურეს. ერთ დროს ულამაზესი ქალი იყო. პირველად ჩემთან მოდური ჩექმის შესაძენად მოვიდა. ისე ძალიან მომეწონა, სამჯერ  განზრახ დავიბარე ჩექმის "შესარჩევად", გულში კი ვთქვი, - ცოლად უნდა შევირთო-მეთქი.

ამ ჩანაფიქრის შესრულება კი შევძელი, მაგრამ მას ჯერ ჩემი ციხეში ყოფნით მივაყენე ტანჯვა, ახლა კი შვილის ამბავმა მოინელა.…ბოლო დროს  ჩემი ყოველი დღე ამ უბედურებაზე ფიქრით იწყება და მთავრდება.