"კინაღამ გავგიჟდი, არ მინდა თქვენი სიმღერა-მეთქი!"
"ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი"
"როცა ხალხს უყვარხარ, რაც გინდა, ის ქენი"
არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე"- ძნელია, ამ სიტყვების ავტორს არ დაეთანხმო. ნანი ქართველების სიამაყეა. მიუხედავად თავისი ბრწყინვალებისა, ის ძალიან თბილი და უშუალოა. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, თუმცა, ჩვენი საუბარი ახალი წლით დაიწყო და ახალი წლითვე დასრულდა.
- ახალ წელს ყოველთვის კარგი განწყობაა. მომავლის იმედი და რწმენა გვემატება. ნაძვის ხეს აუცილებლად ვრთავთ. ტრადიციულად, ყველა ერთად - ჩემი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჩემს სახლში ვხვდებით ამ დღეს.
ჩემი მეკვლეები, ძირითადად, მეზობლები არიან. ჩემ პირდაპირ ახალგაზრდა ყმაწვილი ცხოვრობს, თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით. ის თუ შემოვა, გამიხარდება. შარშან მისი მეუღლე იყო ჩვენი მეკვლე. ძლიერი სიყვარული და მყარი ოჯახი აქვთ. ტელევიზიით მოვისმინე: კარგი იქნება, წელს მეკვლედ ძლიერი ადამიანი თუ შემოვაო.
- რაიმე განსაკუთრებულს თუ მღერით დღესასწაულზე?
- მომზადებული რეპერტუარი არა გვაქვს, რაც მოგვინდება, იმას ვიმღერებთ. მე შენ გეტყვი, არ ვიცით სიმღერები. ქართველებს ხომ მრავალხმიანობა გვიყვარს და ჩვენც ხმებს ვშლით. ჩემი შვილიშვილები ბანს არ ამბობენ, ამიტომ, სუფრასთან სიმღერისას, მე ბანზე ვარ გადასული.
- სიმღერა როდის შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში?
- ალბათ, პირველად რომ თვალი გავახილე, იმ წამიდან. ჩემი ექვსივე დეიდა, ბაბუა, დიდი ბებია - ყველანი მღეროდნენ...
ფორტეპიანოსთან მეცადინეობა არ მიყვარდა, მაგრამ დედა სულ გვერდით მეჯდა. ღამის ორ საათზეც რომ დავწოლილიყავი, დილის 10 საათზე მაინც ინსტრუმენტთან დამსვამდა. უკვე კონსერვატორიის სტუდენტიც, ამ რეჟიმში ვცხოვრობდი. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა ბაზარში. იმ წუთშივე სიმღერას ვიწყებდი. რომ დაბრუნდებოდა, მაშინვე კლასიკაზე გადავიდოდი.
- საყვარელი კომპოზიტორი გყავთ?
- ყველა დიდმა კომპოზიტორმა დაწერა ჩემთვის სიმღერები. უხერხულიც იქნება, რომელიმე გამოვყო. ნუნუ გაბუნიას "ბედის ვარსკვლავო" ჩემთვის განუმეორებელი რომანსია, მერე ეკას მივეცი და არც ის მღერის ურიგოდ. გია ყანჩელის თითქმის ყველაფერი ნამღერი მაქვს, მაგრამ "ის აქ არის" შემრჩა. როგორ ფიქრობთ, რეზო ლაღიძე არ მიყვარს? ან გოგი ცაბაძე? ან ჩემი უსაყვარლესი ბიძინა კვერნაძე, რომელმაც ბევრი რამ დამიწერა, მაგრამ შემრჩა მაინც "შემოდგომის ყვავილებს", ვაჟა აზარაშვილს საუკეთესო სიმღერები აქვს ჩემთვის დაწერილი. რომელს გამოვარჩევ?!
- არაჩვეულებრივად მღერით და უკრავთ, კიდევ რა გამოგდით უზადოდ?
- ძალიან მიყვარს სახლის დალაგება. კიდევ ჭურჭლის რეცხვა. კარტოფილს ვწვავდი არაჩვეულებრივად. დედაჩემი საუკეთესო მზარეული იყო. ახლაც სულ ვადარებ მისნაირად თუ ამზადებს ვინმე. ის რომ ბადრიჯანს აკეპავდა ნიგოზში... დედა სულ მანებივრებდა. ავად რომ გახდებოდა, მამას ეუბნებოდა, გიგა, არ დატოვო ბავშვი მშიერიო. ხომ იცით, კაცებს გემრიელი ხელი აქვთ. ახლა ეკას აქვს კარგი ხელი, ყველაფერი ეხერხება: სახლის დალაგება, ყიდვა, მოტანა, რემონტი, სადილი, ქსოვა... როლები გავცვალეთ - ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი ვარ. თვალის ოპერაცია გავიკეთე. არ იცით, რა ხდებოდა... ეკა ამ დროს ნატალიასთან იყო ნიუ-იორკში. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი შვილიშვილები, ხან ერთი ბიჭი მითევდა ღამეს, ხან - მეორე. მოდიოდნენ ნათესავები, მეგობრები. ასეთ დროს ხვდები, რომ რაღაცას ნიშნავ...
- ნანის ხშირად ავიწყდება სიმღერის ტექსტებიო...
- ამას წინათ ყაზანში მქონდა კონცერტი, ერთი იქაური კომპოზიტორის სიმღერა უნდა შემესრულებინა. სიტყვები რომ გამომიგზავნეს, კინაღამ გავგიჟდი, არც თქვენი სოლო მინდა და არც სიმღერა-მეთქი, ვფიქრობდი. თუმცა რომ ჩავედი და მომასმენინეს, მერე ისე ვიმღერე, არც ჩამიხედავს ტექსტში. შესანიშნავად გამომივიდა.
"Снегопад" და "თბილისო" - ამ ორ სიმღერას მთელი სიცოცხლე ვმღერი, მაგრამ მათი ფენომენი ჯერაც ვერ ამოვიცანი. ყოველ შესრულებაზე მგონია, პირველად ვმღერი, მისი შესრულების ნიუანსები არ მთავრდება. 80 წელი რომ სიმღერა პოპულარულია, რა უნდა თქვა. ამას წინათ "Снегопад" ვიმღერე და
გავჩერდი, ჩემთან ერთად მუსიკაც გაჩერდა. თურმე მესამე სტროფიდან დამიწყია და ერთ წუთში დამთავრდა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა... მე კიდევ გათამაშება არ შემიძლია და პირდაპირ მივმართე: ბოდიში, მაგრამ სიტყვები დამავიწყდა და შემახსენეთ, როგორ იწყება-მეთქი. ისეთი სიცილი იყო დარბაზში...
როცა უყვარხარ ხალხს, რაც გინდა, ის ქენი... მერე თავიდან შევასრულე. ეს ამბავი მურმანსკში მოხდა. თბილისში გამოსვლისას განსაკუთრებულად ვნერვიულობ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ხალხის მიმართ, ასეთი განცდა სხვაგან არა მაქვს, გარდა პეტერბურგისა. იქ საოცრად დახვეწილი მაყურებელია, ახსოვს ის ძველი გამოსვლები, 5-ათასიან დარბაზს რომ ვავსებდი და ერთი თვე გადაჭედილი იყო. ახლახან ფაქტის წინაშე დამაყენეს. იანვარში უნდათ ჩემი, ეკასა და ნატალიას კონცერტი გავმართოთ იქ. მე კიდევ მეშინია. ვაითუ, ძველი ნანი ახსოვთ და ახლა არ მოვეწონო.
ახალი წელი მოდის და მინდა ჩემს ქვეყანას ვუთხრა: ჩემო საყვარელო საქართველო და ქართველებო, უთქვენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. საუკეთესო და ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ, ოღონდ მეტი მოვეფეროთ ერთმანეთს. სიმშვიდეს გისურვებთ, ჯანმრთელობას! ვიყოთ კეთილმოსურნენი ერთმანეთის მიმართ. მიყვარხართ, თქვენი ნანი!
ეკა სალაღაია