წლის ფერმერი ვაკიდან
"დამოუკიდებლად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია"
24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი სამი წელია, რაც უკანა ფშავში, სოფელ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად მეურნეობას მისდევს. დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდიან, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფერმერად დაასახელა. წლეულს დავით აღმაშენებლის აკადემიის სტუდენტი გახდა, სასწავლებლის რექტორმა სწავლის გადასახადი მოუხსნა. ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული.
- ახლა ჩვენს სოფელში წასვლა შეუძლებელია, გზა მოყინულია. თოვლი თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს ბარში ვატარებ, თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ვცხოვრობდი. სკოლა 14 კილომეტრშია, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავედი, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და თვითონ მამეცადინებდა. მისი დახმარებით გავიარე პირველი კლასის პროგრამა. ალბათ, სკოლა რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მაგრამ მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა.
- საქონელი ბევრი გყავთ?
- საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, ვუვლით, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებ.
- პროდუქციას სოციალური ქსელის დახმარებით ყიდით...
- ასეა. მყავს ჩემი მომხმარებლები, რომლებიც თავად მიკავშირდებიან, თან, ისეთ რძის პროდუქტებს ვამზადებ, რომელთა შენახვა ხანგრძლივად შეიძლება. ბოსტნეულიც ასეთი ნიშნით მაქვს შერჩეული.
- მხოლოდ შენ და დედა მუშაობთ?
- დედა პროფესიით აგრონომია და ძალიან მეხმარება. მიწა დედაჩემს მშობლებისგან ერგო. 2 ჰექტარი სახნავ-სათესია. არც ისე დიდია, დანარჩენი ფერდობი ადგილებია, რასაც საძოვრად ვიყენებთ.
- ვაკის სოფელში რამდენი მოსახლეა?
- ზაფხულში 6-7 ოჯახია, ბოლო 3 სოფელში კი, უკანა ფშავში, ზამთარში მხოლოდ სამი ოჯახი რჩება, ერთმანეთს ეხმარებიან. ბართან გაზაფხულამდე კავშირი არა აქვთ.
- შენი აქტიურობითა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით, სამთო მექანიზაციის ცენტრიც შეგიქმნია...
- სექტემბერში გავხსენით, გვყავს ორი მაღალი ხარისხის ხელის ტრაქტორი, სათიბი, ბოსტნეულის სათესი და ამოსაღები. ეს ტექნიკა გაისად 70-80%-ით შეგვიმსუბუქებს შრომას... მუდმივად ვსწავლობ, სხვანაირად არ შეიძლება, მით უმეტეს, მთაში, სადაც ელემენტარული პირობებიც არ არის: ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა სანატრელია... ჩემი მეგობარი ჩემთან ერთად მეფუტკრეობისთვის ხელის მოკიდებას აპირებს. კარგია, რომ ახალგაზრდებს სოფლად შრომის სურვილი გაუჩნდათ. მატერიალური დაინტერესებაც მნიშვნელოვანია. მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. შესაძლოა, იმუშაო და ამინდმა არ შეგიწყოს ხელი, ან კარგი მოსავალი აიღო, მაგრამ ვერ გაყიდო.
- დიახ, მაგრამ შენ არაფერს უშინდები, არ ჩერდები, რაც დასაფასებელია.
- ჰოდა, წამახალისა კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - წლის ფერმერის ჯილდო გადმომცა. ეს სტიმულია.
- დახმარებას არ დაგპირდნენ?
- დახმარება კარგია, მაგრამ მინდა, ფონს ჩემით გავიდე და წარმატებას მივაღწიო, არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული, თუმცა, თუ ვინმე დამეხმარება, ცუდი არ იქნება. მინდა ბევრი ადამიანი ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და მწვანილიდან დაწყებული, კვერცხით დამთავრებული, ყველაფერი ქართულ ბაზარზე მოხვდეს. ეს არის ის, რამაც შეიძლება ადამიანი მთაში დააბრუნოს და გავძლიერდეთ... ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის დახმარება სჭირდება. გასულ ზაფხულს ორთვე-ნახევარი გზა არ გვქონია, ფშავის არაგვმა წაიღო. ხალხის გასაჭირი მეტად უნდა მიიტანონ გულთან, ხშირად ჰკითხონ, რა სჭირდებათ? მაგალითად, თუ ადამიანს 50 ძირი ფუტკარი ჰყავს, დაეხმარონ, რომ კიდევ მეტი იყოლიოს და სხვ.
- შენი ოცნება ბერლინურ "მწვანე კვირეულში" მონაწილეობა ყოფილა, სადაც საკუთარ პროდუქტს გააცნობ ხალხს.
- ეგ დროც მოვა. მინდა, ჩვენი მთის პროდუქტებს უცხოეთშიც იცნობდნენ, მაგრამ მანამდე ჩვენთან უნდა მოიხმარონ.
- ოჯახის შექმნას ჯერ არ აპირებ?
- მინდა, წინ წავიდე და ამიტომ არ ვჩქარობ... მეწარმეობაზე მიყვარს წიგნების კითხვა, ცნობილი ადამიანების ისტორიების გაცნობა, როგორ დაიწყეს საქმიანობა. ძალიან მომწონს ამერიკელი რობერტ კიიოსაკი, უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, წიგნებს წერს და ტრენინგებს აწყობს. ეს ადამიანი იდეურად ჩემთან ძალიან ახლოსაა. აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც აგროსექტორში თავისუფლად შეიძლება გამოვიყენო.
- საახალწლოდ რას ისურვებდი?
- მინდა სოფლის მეურნეობაში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. კარგია, როცა გეხმარებიან, მაგრამ დამოუკიდებელად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია.
მთის კერძი-ბრენდი!
მთის ტაბლის ყველაზე მნიშვნელოვანი საახალწლო კერძი დამბალხაჭოსგან მომზადებული ხაჭოერბოა: დამბალ ხაჭოს დავასხამთ წყალს და ნელ ცეცხლზე შევდგამთ, თან განუწყვეტლივ ვურევთ. როდესაც თათარასავით გახდება, დაახლოებით მესამედს, რაც ხაჭო იყო, იმდენ ერბოს დავამატებთ და ისევ მოვურევთ. კერძი 5-წუთში მზად იქნება. მისი მიყოლება ყველაფერზე შეიძლება, უგემრიელესი რამ არის. ეს არის მთის კერძი-ბრენდი!
ლალი ფაცია