აფეთქება შვილის საფლავზე, საუკუნის ძარცვა, საზარელი ხანძარი...
"საუკუნის ძარცვის" ახალი დეტალები
24 ოქტომბერს საქართველოში უპრეცედენტო ძარცვა მოხდა - თავისუფლების მოედანზე, "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალიდან, ინკასაციის მანქანით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს. მძარცველებმა ეროვნული ვალუტით დატვირთული ინკასაციის მანქანა რადარებიდან გათიშეს, ქალაქის ერთ-ერთ უბანში დააგდეს, თანხა კი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაიტანეს. "საქართველოს ბანკიდან" 10 მილიონამდე ლარი ინკასატორმა გაიტანა. ეს ფაქტი "საუკუნის ძარცვად" შეფასდა.
შს სამინისტრომ რამდენიმე დღეში საქმე გახსნა და დააკავა ორი პირი - 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ.
შსს-ს განცხადებით:
"ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი "საქართველოს ბანკის" საცავიდან 9 197 771 ლარს ფარულად დაეუფლა. დადგინდა, რომ ნაქურდალი ფულის ნაწილი თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს. სამართალდამცველებმა მათი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს".
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია: - ამ დანაშაულში გარეული იყო ბანკის თანამშრომელი, თანაც, არა რიგითი, ილია გელაშვილი "საქართველოს ბანკის" ინკასაციის ჯგუფის უფროსი გახლდათ. ის 2012 წლამდე "პრივატბანკში" მუშაობდა. მოგეხსენებათ, ეს ბანკი "საქართველოს ბანკმა" შეიძინა და გელაშვილიც იქიდან გადმოვიდა. ძიება გრძელდება და ისიც დადგინდება, ამ სამი პირის გარდა, კიდევ თუ იყო ვინმე გარეული საქმეში.
"კვირის პალიტრას" სანდო წყარომ აცნობა, რომ ამ საქმეზე დაკავებული ქალი და მამაკაცი არ არიან "საქართველოს ბანკის" თანამშრომლები. მათ გელაშვილმა ნაძარცვი თანხის ნაწილი აჩუქა. წყაროსავე ცნობით, გელაშვილმა ფულის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთში გაიტანა - მას ოსი ეროვნების დედა და მეუღლე ჰყავს და წინასწარ გამზადებული პასპორტით დატოვა საქართველოს საზღვრები.
წლის მკვლელობა
საზოგადოებრივი მოძრაობის ,,გადაარჩინე სიცოცხლე" ერთ-ერთი დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ააფეთქეს. ის წლების განმავლობაში ითხოვდა 2006 წელს სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას...
2015 წლის 7 თებერვალს დააკავეს და იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალი დასდეს ყოფილ პოლიციელ გია სოსანაშვილს, რომელსაც სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...
ვაზაგაშვილის ოჯახის რწმუნებით, გია სოსანაშვილი მკვლელობის შემსრულებელია და მას დამკვეთი არ დაუსახელებია.
ციალა შანავა, იური ვაზაგაშვილის ქვრივი: - მიუხედავად იმისა, რომ სოსანაშვილი ხელს აფარებს, პროკურატურა ეძებს მკვლელობის შემკვეთს. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღგვითქვა, რომ დანაშაულს გახსნის. მჯერა, სიტყვას შეასრულებს!
წლის ტრაგედია
5 მაისს რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სიხარული 2"-ის მოზარდები ქობულეთში, ე.წ ხასანას სასტუმროში იყვნენ, როცა მოულოდნელად შენობა ცეცხლის ალში გაეხვია. ალმოდებული სასტუმროდან პოლიციამ და მაშველებმა 45 ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი გამოიყვანეს. 11 წლის ბიჭები: თორნიკე ხვიჩია, დათო ზაქრაძე და რეზი დემეტრაშვილი ცეცხლში ჩაიწვნენ. დადგინდა, რომ სასტუმროში სამშენებლო ნორმები დარღვეული იყო, გაუმართავი იყო ელექტროგაყვანილობაც. დაკავებულია სასტუმროს მეპატრონის შვილი ზაზა ართმელაძე.
ელგუჯა ხვიჩია, თორნიკე ხვიჩიას მამა: - ამდენი დრო გავიდა და ახლაც ბურუსით მოცულია ყველაფერი. ხასანას თუ სასტუმრო გამართული არ ჰქონდა, ეს სახელმწიფოს ბრალია. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, უპირველესად კი - ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია. არ ვამბობ, დახვრიტეთ, დაწვით-მეთქი, კანონით უნდა დაისაჯოს.
ეკა ბენაშვილი, რეზი დემეტრაშვილის დედა: - გოგი მარღანია ამბობს, გამოძიება დაადგენს, ვინ არის დამნაშავეო. რას ნიშნავს ეს, თვითონ არ იყო დამნაშავე? ის იყო ბავშვებზე პასუხისმგებელი! ჩვენ არც ვიცოდით, რომელ სასტუმროში მიჰყავდა ბავშვები. სულ იქ დადიოდა და ვერ ხედავდა, სასტუმრო რომ გამართული არ იყო?!
წლის ავარია
1-ელ აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსასთან, მიკროავტობუსი "მერსედესის" მარკის ავტომანქანას ისეთი სიძლიერით შეეჯახა, რომ მანქანა აფეთქდა. ყველაფერი წამებში მოხდა და მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრეს. "მერსედესში" 6 ადამიანი იჯდა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ყველა დაიღუპა. სასწრაფოს ექიმებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიკროავტობუსის მძღოლს იქვე აღმოუჩინეს დახმარება. ერთ-ერთი დაშავებული კი ფოთის საავადმყოფოში მიჰყავდათ, როცა გზად კვლავ უბედური შემთხვევა დატრიალდა - სასწრაფოს მანქანას პოლიციის პიკაპი შეეჯახა. პიკაპში სამი პოლიციელი იჯდა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი გადარჩნენ, მაგრამ შეჯახებისას გარდაიცვალა პირველი ავტოკატასტროფისას დაშავებული მგზავრი - ერთხელ სიკვდილს გადარჩენილი ქალბატონი მეორე ავარიას ვერ გადაურჩა. დაშავდნენ სასწრაფოს ექთანი და მძღოლიც...