პირველი ქართველი მილიონერის, დავით ზოდელავას ღია წერილი პირველ ქართველ მილიარდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - კვირის პალიტრა

პირველი ქართველი მილიონერის, დავით ზოდელავას ღია წერილი პირველ ქართველ მილიარდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე ვიყავი და ვრჩები თქვენი მხარდამჭერი. მწამს, რომ ხართ საქართველოს პატრიოტი, გამოძრავებთ არა ანგარება და თქვენ იყავით გადამწყვეტი ფაქტორი წინა რეჟიმის დამარცხებაში, მერწმუნეთ, რომ ამას პირფერობა არ მალაპარაკებს.

ამ წერილის მოწერა კი გადამაწყვეტინა დღეს საქართველოში შექმნილმა გარდამტეხმა პერიოდმა და იმის განცდამ, რომ მიუხედავად დიდი ფინანსური ინვესტირებისა და ძალისხმევისა, თქვენი რეიტინგი და თქვენი მხარდამჭერთა რაოდენობა, ფაქტია, რომ კლებულობს. გაკეთებული საქმეები და კარგი გადაწყვეტილებები და სათქმელიც რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. მაგრამ, ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი უარყოფითი შედეგების გამომწვევ ძირითად მიზეზზე: კადრები.

ბიზნესისგან განსხვავებით, წამყვანი სახელმწიფო მოხელეების შერჩევა ერთგულების პრინციპით წამგებიანია. თუ კადრი პროფესიონალია, იმას თავისი აზრიც აქვს და მისი დაცვაც უნდა შეეძლოს. როგორც წესი ის თავისუფალი ნატურაა და გადაწყვეტილებებსაც ის უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და მას უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ.

ასეთმა მიდგომამ გამოიწვია, ფაქტობრივად, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება, გამონაკლისების გარდა, გადაწყვეტილებები ადგილზე ვერ მიიღება, საქმეები ან ჭიანურდება, ან მერე უაზრო ხდება.

იგივე მიზეზით გახშირდა ნეპოტიზმის, დაუსჯელობის სინდრომის და კორუფციის ფაქტები. პრიორიტეტების არასწორმა შერჩევამ და სახსრების არასწორმა გადანაწილებამ კი, რა დადებით შედეგიც უნდა მოეტანა, ის იმედი არ გამართლდა.

მაგალითისთვის, თუ მსოფლიოში ყურძნის სიჭარბეა, ბიუჯეტი კი აფინანსებს რთველს, რატომღაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით აწარმოებს კონიაკს (მეწარმე ამას არ აკეთებს, რადგან არამომგებიანად მიაჩნია), რა საჭირო იყო ასეთი ფართო მასშტაბით ყურძნის პლანტაციების გაშენების დაფინანსება და ამ საქმის წაქეზება, როდესაც 1–2 წელიწადში ეს ვენახო მსხმოიარე გახდება და პრობლემებიც მოიმატებს? (მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა რეკომენდაციას უწევს და 10000 ევროს კომპენსაციისთვის უხდის ფერმერს, რომ ყუძენი სხვა კულტურით ჩაანაცვლოს).

სახელმწიფოს სტრატეგიის არასწორი დაგეგმვის უამრავი მაგალითების მოყვანა შემიძლია სხვა სფეროებშიც. აი თუნდაც ერთი: თუ პარლამენტი ბიო პროდუქციის მოყვანას სტიმულირებს, მაშინ სამინისტრო რატომ ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს?! ან რატომ დაუშვეს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა?! მაგალითისთვის, მე კი გუმანით მიმაჩნია, რომ “პანორამა თბილისი” სასიკეთო საქმეა, მაგრამ ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი შემექმნას. აქამდე არსებული ინფორმაცია და დისკუსია მხოლოდ ზედაპირული იყო და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებდა. ხომ შეიძლებოდა დაწყებლიყო ამ პროექტის უფრო საჯარო განხილვა, დისკუსია ინტერნეტში, ტელევიზიაში, საზოგადოების ფართო ფენებში და ყველასთვის გასაგები იქნებოდა მისი დადებითი შედეგი და თავს ავარიდებდით ამხელა აჟოტაჟს და ვნებათა ღელვას.

კადრების შერჩევის დროს და გადაწყვეტილების მიღების დროს საერთოდ უგულებელყოფილია ქართველი ცალკეული ეთნოსისა და თბილისელების განსხვავებული მსოფლმხედველობა და მენტალიტეტი.

უნდა აღიაროთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, რომ სასიკეთო საქმეები გაკეთებულიყო პიარის გარეშე, მცდარი გამოდგა ისევ ქართული ნატურიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, თქვენ ან არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ან ინფორმაციის სეროზულ ნაკლებობას განიცდით. მოგახსენებთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ 2012 წლის ახალ წლებზე ჩამოვედი საქართველოში და პირველი შეხება ახალი ხელისუფლების სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო ის, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს 20:00 საათზე ახალ წელს, სახლში მომაკითხეს საგადასახადო ორგანოებიდან და ჩამაბარეს უწყისი, იმ მიზეზით, რომ შეტყობინების ჩაბარების რაღაც ვადა იწურებოდა. ზუსტად ასევე დაუარეს მეწარმეებს სიით 31 დეკემბერის საღამოს. ახალი მინისტრი უკვე დანიშნული იყო და მოგეხსენებათ, ამით რა საახალწლო განწყობა შეიქმნებოდა ათასობით ოჯახში.

მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი საქართველოში და ორი საქმე წამოვიწყე, ერთი ელექტროსადგურის აშენება არსებულ დალის მთის წყალსაცავზე, რომელშიც ნახევარი მილიონი დავხარჯე და შემდეგ სამინისტროების ლაბირინთებში დოკუმენტების მოუგვარობლობის გამო მომიწია მშენებლობის შეჩერება (დღესაც ეს კაშხალი სახიფათო ავარიულ მდგომარეობაშია).

მეორე საქმე უფრო ჰობისა და ქველმოქმედებისთვის შევქმენი: მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, კვების პროდუქტების ხარისხის და გენმოდიფიცირების დადგენის მიზნით, რადგანაც იმ დროს მსგავსი ლაბორატორია არ არსებობდა საქართველოში. დღეს ერთი კონკურენტი ლაბორატორია გვყავს. სულ ორი აკრედიტირებული ლაბორატორიაა ამ სფეროში.

ვიცით, რომ გიყვართ ფაქტებით საუბარი და მეც მინდა მოგაწოდოთ ერთ მაგალითი მსჯელობისთვის: მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 20 დეკემბერს უკვე განხორციელდა ის სამარცხვინო დანაშაულებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენი ლაბორატორიის მიმართ 2015 წლის ტენდერში მოგების შემდეგ, წარმართავს აკრედიტაციის ცენტრი. ფაქტობრივად დასტურდება, რომ მათი მიზანია არაკანონიერი გზით ჩვენი ჩამოშორება ტენდერიდან 2016 წელს გენმოდიფიცირებული პროდუქტების კვლევებზე და მონოპოლიის მიცემა ჩვენი კონკურენტი ხარისხის ლაბორატორიისათვის. უკანონობისა და დანაშაული ქმედებების შედეგად, უმუშევარი დარჩა 4 მეცნიერების დოქტორი მიკრობიოლოგიის სფეროში და 5 მეცნიერ-თანამშრომელი (მოგეხსენებათ, ამ სფეროში შეკვეთები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან ხორციელდება ტენდერების საშუალებით).

მოგახსენებთ, რომ შპს ტესტ ლაბორატორია შეიქმნა უცხოური ინვესტირებით და მისი შექმნის არსი ქველმოქმედება იყო. ტენდერებში მონაწილეობა და მისგან მიღებული სახსრები ხმარდებოდა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელფასსა და ძვირადღირებული საკვლევი მასალების შესყიდვას. ერთი თეთრი ინვესტორსა და რაიმე მოგება ლაბორატორიას ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია და გვეგონა, რომ ამით ვემსახურებოდით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს. ეს წერილი ეხება ჩვენი ლაბორატორიის მიმართ განხორციელებული ტერორისა და სიყალბის მხოლოდ საბოლოო ეტაპის დამაგვირგვინებელი ფაზის მოკლე აღწერას. ეს ყველაფერი წერილობით დასტურდება. ჯერ აკრედიტაციის ცენტრმა წამოგვიყენა აბსურდული მოთხოვნა, რომ გაგვეფართოებინა აკრედიტაციის სფერო იმ სფეროში, რომლის აკრედიტაცია უკვე გვქონდა. ამისთვის კი საჭირო იყო აკრედიტაციის ცენტრის ზედამხედველობა კვლევაზე, რომელის დაწყებაც ხელოვნურად გააჭიანურა, და როგორც იქნა ა/წ 2-4 ნოემბერს დანიშნა კვლევის ზედამხედველობა. მოგეხსენებათ, რომ ა/წ 14 აგვისტოს მოვიგეთ ტენდერი და იმის გამო, რომ აკრედიტრაციის ცენტრი ხელოვნურად აჭიანურებდა ზედამხედველობის სამუშაოების დამთავრებას, ამ პროცესს აკვირდებოდა ტენდერში დამკვეთი: შემოსავლების სამსახური და ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებაზე თავს იკავებდა. ხელშეკრულების გაფორმება მოვახერხეთ მხოლოდ ა/წ 13 ოქტომბერს. ანუ, სამუშაოები, რომლებიც უნდა ჩაგვეტარებინა 31 იანვრამდე 6 თვის განმავლობაში, რეალურად საშუალება მოგვეცა ჩაგვეტარებინა ორ თვენახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში კი, ტენდერის პირობებით ჩვენთან გამოსაგზავნი ნიმუშები ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო იგზავნებოდა ჩვენს კონკურენტ ლაბორატორიაში.

ზედამხედველობის პერიოდში დამკვირვებლებმა დაგვიფიქსირეს შეუსაბამობა და გააფორმეს შეუსაბამობის ოქმი #4, რომ ჩვენი კვლევის მონაცემები არ ჯდება დაშვებულ გადახრის ზღვრებში 0.02%. ეს გადახრის ზღვრის მაჩვენებელი სრული სიყალბეა და ამ ზღვარში ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ვერც ერთი ლაბორატორია ვერ ჩაჯდებოდა. ოქმი რომ გაეფორმებინათ აკრედიტაციისა და ოქმის გაფორმების პროცესს მანიპულაციების გზით ჩამოაშორეს ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, და მერე დირექტორი. ჩვენ აკრედიტაციის ცენტრში წარვადგინეთ სამი ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟული გერმანული ინსტიტუტების დასკვნები, და ყველა მტკიცებულება რომ ჩვენი მონაცემები ვალიდურია და ჯდება დასაშვებ ზღვარში. მაგრამ, ამის შემდეგ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერც ერთხელ ამ საკითხის ტექნიკური გარჩევა. გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ სხდომაზე უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე; არადა საკითხი სასწრაფო განხილვას საჭიროებდა, რადგან 16 დეკემბერს გამოცხადებული იყო სახელმწიფო შესყიდვების ტენდერში საბუთების შეტანა და 21 დეკემბერს ელექტრონული აუქციონი.

ჩვენ უამრავი წერილითა და თხოვნით მივმართეთ სხვადასხვა ინსტანციებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის აუდიტის დეპარტამენტს, რომ დაგვხმარებოდნენ. დიდი გაჭიანურების შემდეგ, აკრედიტაციის სხდომა დანიშნეს ტენდერის გამოცხადების მეორე დღეს, ა/წ 17 დეკემბერს. პირველად სხდომაზე სერიოზული კამათი გამოიწვია იმან, რომ ტექნიკურმა შემფასებელმა ბ-მა ილია გოროზიამ წაიკითხა ინგლისურიდან ნათარგმნი წერილი, რომელიც ეხებოდა კვლევის ცდომილების ზღვრის შეფასებას და დაწერილი იყო გერმანიის ერთ–ერთი წამყვანი ინსტიტუტის პროფესორ გაბრიელა მიკლერის მიერ 10.12.2015 წ. აკრედიტაციის ცენტრის კითხვებზე. მან სხდომას წაუკითხა ამ წერილის ასეთი თარგმანი (ჩანაწერი ჩვენც და აკრედიტაციის ცენტრსაც გაგვაჩნია): „ჩვენ ვიცით, რომ რიცხობრივი გამოთვლილი მაჩვენებელი 0,75% ან 1,2% – 1%–იანი DNA პოზიტივ კონტროლისთვის ძალიან მაღალია“. სინამდვილეში კი წერილში წერია (იხ. დანართი ინგლისურ ენაზე): „ჩვენ ვიცით, რომ 0,75% ან 1,2% – 1%–იანი DNA პოზიტივ კონტროლისთვის გამოიყურება ძალიან მაღლად, მაგრამ ეს კარგია და ჯდება ნორმებში“...

იგივე ზედამხედველი დაუსჯელობის განცდით და მისი ხელმძღვანელის მფარველობით განაგრძობს სიცრუეებს. ჩვენი პროტესტის შემდეგ კომისიამ ეს ფაქტი შეაფასა როგორც თარგმანის უნებლიე შეცდომა, ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავებაა და ადგილი ჰქონდა ფაქტების ხელოვნურად დამახინჯებას.

ამან გამოიწვია კონფლიქტური სიტუაცია, დაძაბულობა, რომელიც ბოლომდე ვერ განიმუხტა. ამ სხდომაზე ნახევრად დაგვეთანხმნენ და აღიარეს რომ კვლევის გადახრის დასაშვები ზღვარი ±0,02%, რაც შემოწმების ოქმში ჰქონდათ დაფიქსირებული ზედამხედველებს არასწორია და აღიარეს ჩვენს მიერ სტანდარტით მიწოდებული მაჩვენებელი. ფაქტობრივად ეს აღიარება მთელ ამ პროცესის სიყალბეს ადასტურებს. შემდგომ, სხდომამ უკვე აღარც მიიღო და არც განიხილა მონაცემები და გათვლები, რომლებიც ადასტურებდა, რომ კვლევის შედეგები უკვე ახალ, მათ მიერ აღიარებულ დასაშვებ გადახრის ზღვარში ჯდებოდა. არაფრით არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ ჩვენ არავითარი შეუსაბამობა არ გვქონდა. ჩვენმა მოთხოვნამ, რომ განხილულიყო ციფრობრივი შედეგები იმ დღესვე სხდომაზე, ისინი ძალიან გააღიზიანა და სხდომა დახურეს ჩვენი უდისციპლინობის მიზეზით. დროის გაჭიანურებისა და თავის გამართლების მიზეზით კი მოგვთხოვეს სხდომაზე წარდგენილი მონაცემები მიგვეტანა მეორე დღეს აკრედიტაციის ცენტრში, არადა ყველა ეს მონაცემები უკვე ისედაც ჰქონდათ და მის განხილვას სხდომაზე 10 კლასის განათლება და 10 წუთი დრო ესაჭიროებოდა. ამით გაიწელა კიდევ ერთი დღე 18 დეკემბერი და შექმნეს ილუზია, რომ ვითომ რამე ახალს იხილავდნენ და ვითომ ჩვენ აღმოვფხარით შეუსაბამობა. ამის შემდეგ მათ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ვითომ აღმოიფხვრა შეუსაბამობა.

ა/წ 19 და 20 დეკემბერი შაბათ–კვირა და 21 დეკემბერს მოგვცეს მოწმობა, ისე, რომ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისთვის დავაგვიანეს. ჩვენ არ გვჯერა ის, რომ აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ბ–ნი პაატა გოგოლიძე, მატერიალური ან ფინანსური დაინტერესებით ხელმძღვანელობდა ამ პროცესში, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ის იმყოფებოდა გავლენიანი (თანამდებობრივი პირების) წნეხის ქვეშ. მაგრამ, ყოველივე ეს კი მაინც არ ამართლებს და არც ათავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან, რაც სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს აკისრიათ, მითუმეტეს, რომ სწორედ მისი პასუხისმგებლობით მისი სპეციალისტები: აკრედიტაციის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ქ–ნ ნესტან მგელაძე და წამყვანი სპეციალისტი ბ–ნ ილია გოროზია ჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებას სამსახურეობრივი მოპვალეობების შესრულების დროს - ეს ფაქტობრივად და დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტია და რა თქმა უნდა ისინიც ვიღაცის ძალიან ძალიან ძლიერი ზეწოლით. ჩვენ 22 დეკემბერს შევხვდით აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებს და შევპირდით, რომ აუცილებლად ვუჩივლებდით და მოვითხოვდით დამნაშავეების დასჯას. მეორე დღეს 23 დეკემბერს კი თავს დაგვესხა შემოსავლების სამსახურის ოპერატიული ჯგუფი შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შვილობილ კომპანიაში: ბიო პროდუქციის ანალიზის და რეალიზაციის პუნქტში, რომლის დირექტორიც მე გახლავართ და რომელსაც დღეში 300-500 ლარიანი ბრუნვა აქვს.

გამახსენდა მიშას დრო, როდესაც როგორც კი ოპოზიციურ აზრს ტელევიზიაში ვიტყოდი, მეორე დღესვე მოდიოდნენ შემოწმებაზე. მართალია ფაქტიურად ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი გამოიხატება და ასეთი დამთხვევების არ გვჯერა. ეს სხვა თემაა და იმედია ყველაფერი სამართლიანად გაირკვევა (ასეთი გადაგვიტანია?!). ფაქტობრივი დანაშაულებრივი მასალა სახეზეა, ხოლო აქტიური პოზიცია ყველა ქართველის ვალია, როდესაც სახელმწიფო გარდატეხის პროცესშია და ამას თქვენც მოგვიწოდებდით. ამ წერილის დაწერის მიზეზი, მერწმუნეთ, არის მხოლოდ თქვენი და საქართველოს კეთილდღეობის სურვილი და მომავლის იმედი. იმედი რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღსდგება, მაგრამ როდის?! რის ფასად?! ეს კითხვები მაინც ღიად რჩება.

(R)