"სიახლისთვის მუდმივი მზადყოფნა ქმნის პერსონაჟს" - მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ფილმში - კვირის პალიტრა

"სიახლისთვის მუდმივი მზადყოფნა ქმნის პერსონაჟს" - მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ფილმში

"უბრალოდ ისიც კი მიხაროდა, თუ ვინმე დამასაქმებდა, თუმცა, მე ისევ ანდერგრაუნდი ვარ. სად გინახავთ ჩემი კომერციული ფილმი? თავიდან დინებას წავყევი, მთავარი იყო ენა მესწვალა და თამაში შემძლებოდა. აქედან რომ წავედი, არ ვფიქრობდი მთების გადადგმაზე, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ პროფესიის დათმობა არ მომიხდა".

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ოსკაროსანი რეჟისორის, სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ტომ ჰენქსთან ერთად მონაწილეობს. "ჯაშუშთა ხიდი" ასეთია რეალური ისტორიებით შთაგონებული თრილერის სახელწოდება, სადაც მერაბ ნინიძე საბჭოთა მომლაპარაკელბლის როლს ასრულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სტივენ სპილბერგმა მერაბ ნინიძე პირველად ფილმ "არსად აფრიკაში" იხილა და იმდენად მოიხლიბლა ქართველი მსახიობით, რომ ათი წლის შემდეგ საკუთარ ფილმში გადასაღებად მიიპატიჟა. ფილმი "ჯაშუშთა ხიდი" ჩრდილოეთ ამერიკაში 2015 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა, საქართველოში კი ფილმის პრემიერა დღეს გაიმართება.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო. 1980 წელს მან ითამაშა რობერტ სტურუას სპექტაკლში "რიჩარდ III" პრინც ედვარდის როლი. 1991 წლამდე ნინიძე რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდა.

მისი პირველი ფილმი იყო თენგიზ აბულაძის "მონანიება", რომელმაც მსახიობს წარმატება მოუტანა. 1995 წლიდან ნინიძე ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

გთავაზობთ ამონარიდს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

- 25 წლისას ყველაფრის დაწყება, ფაქტობრვად, თავიდან მოგიხდათ, ალბათ, თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლაც გიწევდათ. ყოფილხართ იძულებული უინტერესო, მაგრამ კომერციულად მომგებიანი კინოს სასარგებლოდ გაგეკეთებინათ არჩევანი?

- არაფერსაც არ ვირჩევდი, უბრალოდ ისიც კი მიხაროდა, თუ ვინმე დამასაქმებდა, თუმცა, მე ისევ ანდერგრაუნდი ვარ. სად გინახავთ ჩემი კომერციული ფილმი? თავიდან დინებას წავყევი, მთავარი იყო ენა მესწვალა და თამაში შემძლებოდა. აქედან რომ წავედი, არ ვფიქრობდი მთების გადადგმაზე, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ პროფესიის დათმობა არ მომიხდა. ჩემი ფილმები ხან არტ-ჰაუსია, ხან ნაკლებად კომერციული, ხან მეტად, ხან ცუდია, ხან კარგი. მე კინო მიყვარს და ამას გარდა, ელემენტარული შემოსავალიც მჭირდება. მიხარია, რომ თუ ძალიან ცუდ ფილმში ვითამაშებ, საქართველოში ამას არავინ ნახავს და თუ კარგი გამოვა, მისი წარმატების ამბავს აუცილებლად ყველა გაიგებს.

- თქვენ თვითონ უყურებთ თქვენს ნამუშევრებს?

- რაღაც ფილმებს წინასწარ ვიცი, რომ არ უნდა ვუყურო, რაღაცებს სიხარულით ველოდები.

- რა პროცესს გადიხართ სცენარის წაკითხვიდან კინო-პრემიერამდე, როგორ იქმნება თქვენი პერსონაჟები?

- ხან მეტს ვფიქრობ, ხან ნაკლებს. არასდროს ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მანამდე არ გამიკეთებია, სულ ვეუბნები ჩემს თავს: უფრო მარტივად, უბრალოდ. რეჟისორთან, კოლეგებთან ურთიერთობა და სიახლისთვის მუდმივი მზადყოფნა ქმნის პერსონაჟს. შენთვის ოთახში რაღაც იდეები გაქვს, მაგრამ გადასაღებ მოედნაზე ყველაფერი სხვანაირადაა, სწორედ ესაა ყველაზე მიმზიდველი. მარტივად გეტყვი: მაგალითად, ჩემი პატარა ძმისშვილის გაუმართავი სიარული ვაქციე მოხუცი შეილოკის სიარულის მანერად, ხანდახან არაადეკვატური რაღაც მაძლევს შთაგონებას. ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ვმოქმედებ". (წყარო)

მერაბმა პირველი ავსტრიული როლი გორან რეგიჩის "ჰუგოფილმში" შეასრულა. მანამდე კი იყო "კურდღლებზე ნადირობა," შემდეგ "მთვარე მამა" , "ქარვის ამულეტი". ერთ-ერთი მისი ბოლო როლია რეზო გიგინეიშვილის ქართულ-რუსულ ფილმი "სიყვარული აქცენტით".

ყველაზე დიდი წარმატება მერაბ ნინიძეს კაროლინა ლინკის ფილმმა "არსად აფრიკაში" მოუტანა, რომელმაც "ოსკარის" დაჯილდოვებაზე "საუკეთესო უცხოენოვან ფილმებში" გაიმარჯვა. 2011 წლის აპრილში ლეჩეს ევროპულ კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა საუკეთესო ევროპელი მსახიობის პრიზი მიიღო მამაკაცის როლის შესრულებისთვის, რობერტ ადრიან პეჟოს ფილმში "მკვლელი კამერა".

ფოტოგალერეა

იხილეთ ფილმის თრეილერი