"გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი" - როგორ აფასებენ "გლადიატორ" გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი" - როგორ აფასებენ "გლადიატორ" გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს "ფეისბუკში"

"გუშინ მანჩესტერი-ჩელსი "გვერდზე გადავდე" და გიორგი კვირიკაშვილს მოვუსმინე."

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა შემცირდეს საზოგადოების პოლიტიზაცია.

"საერთოდ, პოლიტიკაშიც და საზოგადოებაშიც ალბათ ფიზიკის კანონები მოქმედებს. ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდროებას ბუნებრივია მოჰყვა ბუნებრივი რეაქციები როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ვფიქრობ, ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება დავაწყნაროთ, დავამშვიდოთ, გვქონდეს სტაბილურობის შეგრძნება და საზოგადოებაში პოლიტიზაცია შევამციროთ.

მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, ნამდვილად ვიქეცით ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად. მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ყველანი ვართ გლადიატორები, რომლებსაც ყოველ საღამოს ტელევიზიით გვიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს".

გიორგი კვირიკაშვილი დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გამოეხმაურა წამების კადრების საჯაროდ ჩვენებას. ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, ამ კადრების საჯარო ჩვენებაში გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე იყო ჩაართული. კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო აღნიშნული ტიპის კადრების ჩვენება იყო "საშინელება".

"გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, ეს პიროვნება იყო თუ არა ამ ჩვენებაში ჩარეული. ეს იყო საშინელება, რომ ვიღაცამ გააკეთა ორგანიზება და საჯარო თავშეყრის ადგილებზე მოეწყო წამების კადრების ჩვენება. თავისთავად საშინელებაა ის, რომ ასეთი კადრები არსებობს ბუნებაში და რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობა გაგავაჩნია, მაგრამ მით უმეტეს დანაშაულია ღია სივრცეში ამ კადრების გაშვება და ჩვენება. თუ მე აღმოვაჩინე, რომ ასეთი ჩარევა არსებობდა, დამერწმუნეთ, ჩემი გადაწყვეტილებები იქნება შესაბამისი. მე ამას ამ ტრიბუნიდან გეუბნებით".

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ფუნქციონირებასაც შეეხო. მისი განცხადებით, უმჯობესი იქნება პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა ის პატივს სცემს საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს.

"თუ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება, რომ ქუთაისში გააგრძელებს საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებას, ჩვენ ინვესტიციებს განვახორციელებთ სახელმწიფოს მხრიდან და პარლამენტის შენობის ირგვლივ დამატებითი კეთილმოწყობა განხორციელდება".

კვირიკაშვილი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში მომატებულ რუსულ პროპაგანდას. "ძალიან მაწუხებს მომატებული რუსული პროპაგანდა. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის სიცრუის მანქანა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენი ქვეყნის გამოცხადებული სტრატეგიისთვის ეს არის საზიანო. ამ ეტაპზე უფრო მეტის თქმა არ შემიძლია. მე გპირდებით, რომ ამ მიმართულებით როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური პოლიტიკის თვალსაზრისით შევეცდებით, რომ გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს სწორი სტრატეგიული კონტრპროპაგანდის სახით. ეს პროპაგანდა ჩვენ ყველას გვაწუხებს".

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი დღეა გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან არ ჩამოსულა. მის გამოსვლებს გამოეხმაურნენ "ფეისბუკში":

ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი:

"ამ დღეებში ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოცხალ მაგალითზე დაამტკიცა სიბრძნე: "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი"!

ზაზა ხუციშვილი, მუსიკოსი:

"გუშინ მანჩესტერი-ჩელსი "გვერდზე გადავდე" და გიორგი კვირიკაშვილს მოვუსმინე. ვთვლი, რომ ასეთი კომპეტენტური პრემიერი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია! "ნაციონალებისგან" განსხვავებით, წარმატებას ვუსურვებ!"

იხილეთ ასევე: კვირიკაშვილი ინტერნეტ-კაზინოების წინააღმდეგ - აიკრძალება ონლაინ აზარტული თამაშები?!