გურამ დოჩანაშვილი: "ახლა რუსეთმა ომი არ წამოიწყოს..." ექსკლუზივი
როგორ დაიწყეს რუსებმა ყველაფერში ჩარევა, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის დროს იყო! მაშინ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის სპეცსამსახურები ერთმანეთს წაჰკიდებდნენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებს და აჩხუბებდნენ, თავისი მოძველებული იარაღი რომ გაეყიდათ. ჩვენ საბჭოთა კავშირის ჯიბრზე ამერიკა მოგვწონდა ზედმეტად და მახსოვს, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: რა აქვს კარგი ამერიკას, ერთი ოხერია ეგენი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამერიკა გამძღარი რუსიაო...
უსაყვარლეს მწერალსა და ადამიანს, გურამ დოჩანაშვილს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვეწვიეთ მე და ჩემი ზუგდიდელი მეგობარი ხატია ჯანაშია. დიდი ხანია, არ გვენახა და გვენატრებოდა, თან ვფიქრობდი, ეგებ, ჩვენი გაზეთისთვის "ირიბად" მაინც ჩავიწერო ინტერვიუ-მეთქი. ერთხელ, ბატონ გურამს გამოვუტყდი, თქვენი მოსმენა ერთ რამედ ღირს და, მართალია, ინტერვიუები არ გიყვართ, მაგრამ გპირდებით, თქვენთან სტუმრად ყოველთვის ჩართული ჩამწერით მოვალ, რასაც მიამბობთ, სიტყვა რომ არ გამომრჩეს-მეთქი. იმ საღამოსაც "საბრძოლო მზადყოფნაში" მივედი, თანაც \ბატონი გურამის მეუღლის, ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის მოკავშირეობის იმედი მქონდა.
ქალბატონმა ნათელამ ღიმილით შემოგვაგება: - გაიცანით, ეს მსახიობი გურამ დოჩანაშვილიაო.
ბატონი გურამი ჩვეულ ადგილას, ოთახის მარჯვენა კუთხეში, სავარძელში იჯდა, პლედი მიეფარებინა და მოუთმენლად გველოდა.
"ქუდს არ მოვიხდი, თავი დამანებეთ"
ვიდრე სამსახიობო დებიუტის ამბავს განგვიმარტავდა, მის მახლობლად მოვკალათდით, თან გულიანად ვიცინეთ მწერლის განუყრელ ქუდთან დაკავშირებულ ტრადიციულ საოჯახო პაექრობაზე:
ქალბატონი ნათელა: - ქუდი მოიხადე, გოგონებს სახე დაანახე!
ბატონი გურამი: - თავი დამანებე, არ მოვიხდი, ლაპარაკი დამაცადე...
მოკლედ, გავარკვიეთ, რა მსახიობობაზე გვესაუბრებოდნენ. თურმე საპატრიარქოს რადიოს სტუდიაში, ჩაწერაზე, ახალ რომანს ბატონი გურამი თავად კითხულობდა.
"ორსაათ-ნახევარი შეუჩერებლად ვკითხულობდი, სიტყვაც არ შემშლია, სამ დღეში 140 გვერდი ჩავწერე. პირველ დღეს წყალიც არ შემიტანია, არადა, საჭირო ყოფილა; თანაც, იქაურობა ჰერმეტულად არის დახურული და უჰაერობაა. მაგრამ მაინც კარგად გავართვი თავი და შეიძლება, შევიცვალო კიდეც პროფესია"
- გულიანად იცინოდა მწერალი. ჰერმეტულ სტუდიაზე საუბარმა კი ძველისძველი ამბავი გაახსენა:
- ტელევიზიაში ვიყავი ("საზოგადოებრივ მაუწყებელს" გულისხმობდა. - ავტ.) და დიქტორს ვუცდიდი. გადაცემა მიჰყავდა, რომლის ბოლოს ამინდის პროგნოზს აცხადებდა. იმ დღეს ისეთი წვიმა წამოვიდა, წყალი ორთაჭალის აბანოებში შევარდა და სამი კაცი დაახრჩო. იმ მომენტში ეს ამბავი არც ვიცოდით, მაგრამ კარგად ვხედავდი, გარეთ ყველაფერი ინგრეოდა. სტუდიის მიღმა, ოთახში, სადაც ვიცდიდი, ტელევიზორი იდგა. ჩემმა ნაცნობმა დიქტორმა გამოაცხადა, დღეს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელიო. რომ გამოვიდა, ვუსაყვედურე: ეს რამ გათქმევინა, მაგრამ ალბათ, მაგ ჰერმეტულ სტუდიაში არაფერი გესმოდა-მეთქი. რას ამბობ, მაინც შემოდიოდა წვიმის ხმა, მაგრამ მთავლიტირებული ტექსტი იყო და ვერ შევცვლიდიო. მართალიც იყო - სხვა რამ რომ გამოეცხადებინა, იმწუთას "პოლიტიკურზე" დაიჭერდნენ...
მახსოვს კიდევ, დავით ძიგუა იყო დიქტორი, რომელსაც ამერიკის საწინააღმდეგო ტექსტი უნდა წაეკითხა. თურმე, ამერიკა რაღაცების გაკეთებას დაჰპირებია გვატემალას, სანაცვლოდ, მისი ოქროს საბადოები წაუღია. თვითონ გამდიდრებულა და მერე რად სჭირდებოდა გვატემალა? ამიტომ არც დანაპირები შეუსრულებია. საბჭოური რეზიუმე იყო: აი, ასე დაეხმარა ამერიკა გვატემალასო - დაეხმარა ბრჭყალებში ეწერა, მაგრამ ძიგუამ ტექსტის წინასწარ ჩაკითხვა ვერ მოასწრო და გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვა მსმენელისთვის სწრაფად რომ ეთქვა, თანაც "პოლიტიკურში" არ ჩათვლოდა, ასე დაასრულა: ჰუ... დახმარება... ჰუო!- ანუ "ჰუ"-თი გამოთქვა ბრჭყალი.
უთხარი, რომ შენი პარტია გაქვსო...
ჩემმა მოკავშირე ხატიამ, როგორც მოლაპარაკებული ვიყავით, თემის შეცვლა მოიწადინა და პოლიტიკაზე ჩამოაგდო სიტყვა: ხან ერთი პარტიიდან მწერენ, ხან მეორიდან, ჩვენთან იყავიო. მირჩიეთ, ბატონო გურამ, როგორ მოვიქცეო. კარგად კი იარტისტა, მაგრამ ბატონმა გურამმა ეშმაკური ღიმილით მოკლედ მოუჭრა: უთხარი, რომ შენი პარტია გაქვსო. მერე ერთი მაჟორიტარი გაიხსენა, "ვინმე X", წლების წინ თითო არხზე ოც-ოცჯერ რომ გამოდიოდა, თურმე არ ესიმპათიურებოდა, მაგრამ...
- მაგათ კი არ ვუყურებ, მაგრამ სხვადასხვა არხზე გადაცემებს რომ ვეძებდი, თვალში მეჩხირებოდა. მერე ორი წელი აღარსად შემიმჩნევია და ვიფიქრე, გარდაიცვალა-მეთქი. გულწრფელად შემეცოდა, ახალგაზრდა კაცი იყო. ერთთან ვთქვი და გაეცინა: კი არ გარდაიცვალა, არსად ჩნდება. ფულიანი ადგილი იშოვა და ახლა ეშინია ხმის ამოღების, ვაითუ, რაიმე შეიცვალოს, მაშინ იმ ადგილს ხომ დაკარგავსო?
ეს თქვა და გაჩუმდა.
ჩვენ კვლავ ვცადეთ "პროვოცირება" - რამდენი სევდიანი ადამიანი დადის ჩვენი ქალაქების ქუჩებში-მეთქი...
- ჰო, რა ქნან? მათ თვალებში ამოიკითხავთ, ფული მინდა...
მერე ზუგდიდი შეაქო - რა მოვლილი ქალაქია, სისუფთავეა, მომეწონაო. საცობები ვახსენეთ და მოაყოლა - მასშტაბებიდან გამომდინარე, მანქანების რაოდენობით ზუგდიდი და თბილისი მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული ქალაქები ყოფილაო.
ძლივს, თითქოს საჩვენოდ აგვეწყო საუბარი და... მობილურზე დაურეკეს. ბედი არ გინდა?.. პაუზის შემდეგ სახელმწიფოს ე.წ. ორიენტაციის თემა წამოვწიეთ, იქნებ, თქვენ მაინც გვითხრათ, საით მივექანებითო. წაგვიყრუა, სამაგიეროდ, პარტიული არჩევნის საკითხს მიუბრუნდა:
- ადრე მეც აქტიურად მთავაზობდნენ პარტიები, ჩვენთან წამოდიო.
მერე გაახსენდა - ერთი მწერალი ხშირად გამოდიოდა პარტიულ შეკრებებზე და თითოეულ გამოსვლას ლენინის სიტყვებით იწყებდა, თანაც ყველას აკრიტიკებდა, ამხანაგი ლენინის იდეებს არ ვიცავთო. ისე შემართებით გამოდიოდა, სულ ტაშის გრიალში ასრულებდა ლაპარაკს. იცი, რა უქნეს? მთავრობამ მანქანა მისცა მძღოლითურთ და მას მერე არსად გამოჩენილა!
ახლაც ასე არ ხდება? - იმწუთას ავყევით ბატონ გურამს. უპასუხოდ დაგვტოვა და განაგრძო:
- საწყალ ზვიად გამსახურდიაზე ამბობდნენ, ერთის ნაცვლად ორი მანქანა ჰყავსო. ახლა ამ მხრივ ძალიან დაწინაურდნენ.
ნიჭიერი ბიჭი იყო ზვიადი, კარგად წერდა. ძალიან კარგი ლექსები ჰქონდა, მაგრამ არ დაუბეჭდეს, რადგან პოლიტიკურ ამბებში იყო შემჩნეული...
რა უნდოდა ამ პოლიტიკაში, გაიუბედურა ცხოვრება! იცი, რა მეცნიერი იქნებოდა?
ძალიან ვმეგობრობდით, ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილები. ჯონდო გვყავდა კიდევ, მეტრეველი, ისეთი კვიმატი ენა ჰქონდა... მახსოვს, ბაკურიანში ვიყავით, ვოვა სიხარულიძეც ჩვენთან ერთად იყო, ზვიადი ცალკე იყო, სხვაგან. ვოვა, ჩვენგან განსხვავებით, სპორტული იყო, თხილამურებით სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღის განმავლობაში ვსვამდით. მაშინ საბაგირო არ იყო, ამიტომ ძლივს ავდიოდით კოხტაზე და ხშირადაც ვეცემოდით ხოლმე. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, - დაიხრჩობით, თქვე საწყლებოო, - ბრაზობდა და დავყავდით სასეირნოდ...
"ამერიკა გამაძღარი რუსეთიაო"
ახლა ომის თემა წამოვწიეთ: ჯერ ბებიები ვახსენეთ, სულ რომ გვაყვედრიდნენ, - თქვენ ომი არ გინახავთო. ვთქვით კიდეც, ერთი კი არა, უკვე რამდენი ომი ვნახეთ-მეთქი. ასე მოვედით სირიამდე, რუსეთამდე, თურქეთამდე და ტერაქტებამდე. ჩემი ზაფხულ-შემოდგომის იტალია-თურქეთში მოგზაურობის "მოხმობაც" კი დამჭირდა... ჰოდა, მსუბუქად "წამოვიყოლეთ" კიდეც.
- როგორ დაიწყეს რუსებმა ყველაფერში ჩარევა, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის დროს იყო! მაშინ საბჭოთა კავშირისა და ამერიკის სპეცსამსახურები ერთმანეთს წაჰკიდებდნენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებს და აჩხუბებდნენ, თავისი მოძველებული იარაღი რომ გაეყიდათ. ჩვენ საბჭოთა კავშირის ჯიბრზე ამერიკა მოგვწონდა ზედმეტად და მახსოვს, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: რა აქვს კარგი ამერიკას, ერთი ოხერია ეგენი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამერიკა გამძღარი რუსიაო...
მერე თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება გავიხსენეთ.
- ახლა მაგან (რუსეთს გულისხმობდა. - ავტ.) ომი არ წამოიწყოს. რა წყნარად იყო, კაცო, ბოლო ხანს...
ომზე სკოლის პერიოდი წამოუტივტივდა:
ლურჯი შინელი
- ომი ახალი დამთავრებული იყო, სკოლაში რომ შემიყვანეს, 1946 წელს. მამა სამხედრო ექიმი მყავდა, თუმცა
ჩემი მშობლები გაყრილები იყვნენ. კლასში ასეთი მდგომარეობა მხოლოდ ორ ბავშვს გვქონდა. იმხანად ეს უიშვიათესი შემთხვევა იყო. ახლა კი მესამე და მეოთხე ქმრის ყოლა ნორმალურად მიაჩნიათ.
ჰოდა, ჩემს კლასში ყველას შინელი გვეცვა. მამაჩემს ყოველ წელს ახალ შინელს აძლევდნენ. მამა ლურჯად აღებვინებდა ხოლმე და მომდევნო წელს მე მაძლევდა. გადამიკეთებდნენ ამ შინელს და წლის ბოლოს ჩემს ერთი წლით უმცროს მეზობელს - ჯუტულის ვაძლევდით, ჯუტულის რომ დაუპატარავდებოდა, მასზე უმცროსი ზურიკო იცვამდა, ჩვენი ნათესავი. ისიც ჩვენს ეზოში ცხოვრობდა. რადგან ჩემი შინელი ლურჯი იყო, კლასში ყველაზე მაგარ ჩამცმელად მიმიჩნევდნენ... ომზე მწერალ თამრი ფხაკაძის მოთხრობა გაიხსენა, მოთხრობაზე კი - ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" დახურვის ამბავი და კიდევ - ვერლიბრისტები, "მნათობის" რედაქციას რომ ხშირად აკითხავდნენ მაშინ, როდესაც თვითონ პროზის განყოფილებაში მუშაობდა. - ჟურნალებში 10 პოეტი თუ იბეჭდება, მათგან 9 - აუცილებლად ვერლიბრისტია. სულ მგონია, რომ ვერლიბრი პროზის საქმე უფროა, ვიდრე - პოეზიის. პოეზია თუ ჰქვია, რითმიანი უნდა იყოს. მაგალითად, რუსთაველი, ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა, იქით კიდევ - პუშკინი და დანტე პოეტები იყვნენ, აქეთ, შუამდინარეთში, თეთრ ლექსებს წერდნენო... მერე სიცილით გვიამბო "მნათობში" მუშაობისას, 1975-1985 წლებში, ორი ვერლიბრისტის რედაქციაში სტუმრობის ამბავი:
მწერლების იუმორი
- ოთახში რომ შემოვიდნენ, აშკარად იგრძნობოდა, დაწინაურებულად რომ მიაჩნდათ თავი. ყველას ზემოდან უყურებდნენ. მივიდნენ ბესიკ ხარანაულთან. უცებ, სწორედ რომ დროულად, ოთარ მამფორიამ შემოაღო კარი. საერთოდ, მწერლების უმრავლესობას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ ზაურ ბოლქვაძე და ოთარ მამფორია მათ შორის მაინც პირველები იყვნენ. ვიცოდი, ოთარი რაღაც უბედურებას იტყოდა და შეგნებულად ვკითხე: - ბატონო ოთარ, ვერლიბრისტებზე რა აზრის ბრძანდებით-მეთქი. ოთარი წელში გასწორდა და მიპასუხა: - მაგი, გენაცვალე, არის უშრომელი შემოსავალიო. რახან რითმების ძებნა არ სჭირდებოდა, იმიტომ თქვა ასე. ორმა ვერლიბრისტმა ერთმანეთს გადახედა და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.
ბატონ გურამთან კიდევ ცოტა ხანს დავრჩით. კვლავ ქუდთან დაკავშირებული საოჯახო პაექრობის ფონზე. საახალწლო მილოცვისთვის კი მოგვიანებით დავურეკეთ. მოგვიგო:
- რა დროს ახალი წელია, ახალი წელი 14 იანვარს დგებაო. რომ აღარ მოვეშვით, მიგვიხვდა, ჩაწერა გვინდოდა და გაგვეხუმრა:
- მე კი მშრომელთა სოლიდარობის დღეს, პირველ მაისს გილოცავთო. თუმცა ჩანს, გულმა არ მოუთმინა და დააყოლა:
- ღმერთმა ქნას, სიკეთე და ყველაფერი კარგი ყოფილიყოს საქართველოში, თქვენს ოჯახებსა და საქმეებშიო.
თქვენც ღმერთმა გადღეგრძელოთ, ბატონო გურამ!
ირმა ხარშილაძე