"რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი" - კვირის პალიტრა

"რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი"

"ფიქრობდა, რომ შემდეგ პოლიციაში დარეკავდა და ლევან კაპანაძეს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავებდნენ"

თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინა. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ამ ამბავს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. მინისტრის ვარაუდით, დაუდგენელ პირებს აღიზიანებთ გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობა, უკანონო ხე-ჭრის აკრძალვა, უმკაცრესი კონტროლი.

- ჩვენი სამინისტროს საქმიანობის გამო ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ეტყობა, შურისძიება განიზრახეს. ამ შემთხვევაში სამიზნე ლევან კაპანაძე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩნდა ხელყუმბარა წარწერით:–"გაფრთხილებთ, წადით!"

ლევან კაპანაძე: "შეუძლებელია, ეს უკავშირდებოდეს ჩემს პირად ცხოვრებას, ჩანს, ვიღაც ჩემმა საქმიანობამ გაამწარა"

"ვაფრთხილებ თითოეულს - თანამშრომელს თუ სხვას, გაგრძელდება სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის და უკანონო ნადირობის წინააღმდეგ. ვინც ამ სტრატეგიის მიმართ ბოროტი განზრახვით მოქმედებს, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ქმედებების აღსაკვეთად, რათა ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

"კვირის პალიტრას" ლევან კაპანაძე ესაუბრა: - 27 დეკემბერს, საღამოს, სამსახურის ავტომობილი მივიყვანე სამრეცხაოში. უკანა სავარძელი რომ გადმოვწიე, საბარგულში ფუთა შევნიშნე, გაკვირვებულმა გავხსენი ცელოფანი. შიგ ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და 30-ვაზნიანი მჭიდი აღმოჩნდა. მრეცხავი და მე მოვცილდით ავტომობილს, 112-ზე დავრეკე და პატრულს ვუხმე. შეუძლებელია, ეს უკავშირდებოდეს ჩემს პირად ცხოვრებას, ჩანს, ვიღაც ჩემმა საქმიანობამ გაამწარა. ამაზე მიუთითებს ის, რომ ბომბი სამსახურებრივ ავტომობილში იდო. კარი არ არის დაზიანებული. ეს უთუოდ იმ ადამიანის გაკეთებულია, ვისაც შეეძლო იოლად შეეღწია ამ მანქანაში.

- იარაღის აღმოჩენამდე ბოლოს როდის ნახეთ ის ადგილი?

- დაახლოებით ერთი თვის წინ საბურავი გამიფუჭდა და დომკრატის"ასაღებად გავხსენი საბარგული. ვერ გეტყვით, რამდენი ხნის წინ გაჩნდა იარაღი ჩემს მანქანაში, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი და ვიღაც რაღაც მაქინაციებს ხლართავდა.

ლაშა მოისწრაფიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი: - ლევანი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურში მუშაობდა. ოთხი თვის წინ კონკურსის საფუძველზე თბილისის ეროვნული პარკის დირექტორად დავნიშნეთ. მისვლის დღიდან აქტიურად დაიწყო უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ცნობილია, რომ თბილისში თუ რამ შეშა იყიდებოდა, ძირითადად ეროვნული პარკიდან გამოჰქონდათ. ლევანმა მკაცრად აღკვეთა ყველა უკანონობის მცდელობა, რის გამოც თანამშრომელთა ნაწილი გაუნაწყენდა, ბევრი სამსახურიდან წავიდა, ბევრიც ჩიოდა - ახალი დირექტორი უხეში და მკაცრიაო. ალბათ ვიღაცამ ამ ფორმით მოინდომა შურისძიება და ავტომობილში ბომბი ჩაუდო, ფიქრობდა, რომ შემდეგ პოლიციაში დარეკავდა და ლევან კაპანაძეს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავებდნენ, მაგრამ პროვოკატორმა ვერ გათვალა, რომ თუ ბომბზე ლევანის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდებოდა, გაათავისუფლებდნენ.

ლაგოდეხში გიორგი სულამანიძის და თბილისში - ლევან კაპანაძის მიმართ ასეთი პროვოკაციები იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაცებს ძალიან აღელვებთ, რომ დაცული ტერიტორიები - მსუყე ლუკმა - უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება მათთვის. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დირექტორის, გიორგი სულამანიძის ავტომობილში ბომბის ჩადების ფაქტი. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში იგივე არ მოხდება. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღგვითქვეს, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე იქნება აყვანილი. ვიღაც ცდილობს კანონის აღმასრულებლების დაშინებას. თუ ეს მცდელობა არ აილაგმება, დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს."

"წადი!"

2015 წლის გაზაფხულზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით "გაფრთხილებთ, წადი!" გიორგი სულამანიძის განცხადებით, ხელყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო. ნაკრძალის დირექტორი მომხდარს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს.

გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2010 წლიდან მუშაობს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის თავზე სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. პოლიცია ამ ამბავსაც იძიებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა და ძიება შეწყდა.