არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე? - კვირის პალიტრა

არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე?

"დარბაზს წიგნის სუნი ჰქონდა"... - ეს სტრიქონი ამეკვიატა 4 მარტს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის საპრეზენტაციო დარბაზში ავდიოდი. მართალია, მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის ინტერპრეტაცია მოვახდინე (ხომ გახსოვთ: "ბალახს ქალის სუნი ჰქონდა..."), მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ხომ მართლაც იგრძნობა აქ დაცული წიგნების ნაცნობი და საყვარელი სურნელი. იმ დღეს კი ამ წიგნებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებიც შერეოდა: "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოცემული დიდი მხატვრების ალბომები, წიგნები შემეცნებითი სერიიდან "ეს სამყაროა" და... ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოცემული "ქართული პროზის საგანძურის" პირველი ტომი.

ლამის მთელ საქართველოს ამდენი ხანია წიგნების ყიდვა რომ გვინდოდა და ვერ ვყიდულობდით, ახლა ვიყიდით, - ყოველ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად. ვიყიდით იმიტომაც, რომ 300-გვერდიანი წიგნების ფასი ერთობ ხელმისაწვდომია და სულ რაღაც 3 ლარი ღირს! და ვიყიდით ყველაფერ საუკეთესოს, რაც ქართველ მწერლებს შეუქმნიათ. არ არის ეს ბედნიერება და ეროვნული საქმე? ეს რომ ასეა, სხვათა შორის, სულ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მკითხველთა გამოსვლებსაც დაეტყო: იაფად წიგნის ბეჭდვის იდეამ ერთნაირად ათქმევინა ყველას (ვინ აღარ მოვიდა პრეზენტაციაზე მწერლების, პარლამენტარებისა და გრძელკაშნეიანი გოგო-ბიჭების ჩათვლით...), - ასეთ დიდ საქმეში გამომცემლობამ თავის გვერდით გვიგულოსო.

პუბლიცისტი კობა იმედაშვილი ისე მოკრძალებით დაჰყურებდა გურამ დოჩანაშვილის წიგნს, რომ გულმა არ მომითმინა და სიჩუმიდან გამოვიყვანე, - ხომ ძალიან იაფია, ბატონო კობა, ქართული პროზის საგანძური და ხომ ძალიან კარგია-მეთქი? ძალიანო, - მითხრა, იქვე დააყოლა, - იოსებ იმედაშვილი ხომ გაგიგიათო?

- როგორ არ გამიგია, ბატონო კობა, ასეთი ქართველი ნეტავი ბევრი ჰყავდეს ქვეყანას-მეთქი.

- ჰოდა, სხვებიც კი აკეთებდნენ ამ საქმეს, მაგრამ მე პაპაჩემის ამბავს გეტყვით, - ისიც ასე ბეჭდავდა იაფ წიგნებს. იაკობ გოგებაშვილის წიგნები რომ დაბეჭდა, ილიას მიადგა, უფლება მომეცით, თქვენი წიგნებიც დავბეჭდოო... ილიამ, - სიამოვნებით, მაგრამ მე არა მაქვს მაგ წიგნების გამოცემის უფლება, მერკვილაძეს აქვსო. მერე, დაურღვიეთ ეგ უფლებაო, - უთქვამს. განა დიდი რამე შემოსავალი ჰქონდა ამ საქმით, წიგნს იმდენი რამ სჭირდება, ჩალის ფასად რომ გაყიდი, რა მოგებას მოგიტანს, მაგრამ ხალხი რომ კითხულობს, ესეც ხომ მოგებაა ერისკაცისთვის? ასე იქნება გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საქმეც. ამ პროექტით დიდი ვერაფერი მოგება ექნებათ, მაგრამ საერისკაცო საქმეს გააკეთებენ, - ქართველობა წიგნს წაიკითხავს.

...მით უფრო, თუ შვილებისთვის ყიდულობს! იქნებ სწორედ მისი შვილი გამოდის ის კაცი, რომელმაც საქართველოს უნდა უშველოს და თუ წიგნი ვერ წაიკითხა, როგორღა უშველის?! ახლა კი წაიკითხავს, მთელ ბიბლიოთეკას და პლუს ჟურნალ "გზას"  იქაც ხომ მრავალი საინტერესო რამ წერია!..

მუდამ ჩაფიქრებულმა და მუდამ უწიგნურობაზე გაბრაზებულმა მწერალმა რეზო ჭეიშვილმა კი დასძინა, თქვენი პროექტი, მართლაც რომ ეროვნული ჩანაფიქრიაო...

პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი: "ასეთ დიდ ეროვნულ საქმეში ჩემი წვლილი მცირე გამოჩნდება, მაგრამ ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ..."

მაგრამ ყველაზე უკეთ "მიზანში" პოეტმა მოარტყა, დავით დეფი გოგიბედაშვილმა: "ეს გენიალური წამოწყებაა. ამაზე უკეთესს ვინ რას გააკეთებს, რომ ამ ფასად ერის დიდ შემოქმედთა ნამოღვაწარი დაბეჭდოს, - იმათი, ვინც იმ ქვეყნად წასულა და იმათიც, ვინც საბედნიეროდ, ჩვენ გვერდით არიან. თითქოს პირდაპირ გეუბნებიან: იყიდეთ, სანამ დროაო! ეს მწერლებიც რა ბედნიერები არიან, როცა ხედავენ, რომ მათი წიგნების ყიდვა ყველას შეუძლია. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა, როგორ ყიდულობენ ასე ჩემს წიგნებს. ვილოცებ იმ წარმოუდგენლად რომანტიკული იდეალისტებისა და მამულიშვილური იდეით შეპყრობილი ხალხისთვის, ვინც ეს იდეა მოიფიქრა და განახორციელა. იმედი მაქვს, ჩვენც შევქმნით რაიმე ღირებულს, რომ მერე ასე ჩვენი წიგნებიც გაიყიდოს".

"პალიტრის" მედიასახლის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია: "დღეისათვის ჟურნალების და გაზეთების მკითხველი საქართველოში გაცილებით მეტია წიგნის მკითხველზე. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება გაგვეფართოებინა წიგნის მკითხველთა (და, რა თქმა უნდა, მყიდველთა) წრე და აი ასეთი გზა მოვიფიქრეთ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! ვულოცავთ ყველა მკითხველს და პირველ რიგში ყველა მწერალს. ასეთი მოთხოვნა და აჟიოტაჟი წიგნზე საქართველოში მინიმუმ 20 წელია არ ყოფილა!"

ლადო კახაძე: "მკითხველისა და ბაბუების სახელით გეტყვით: უყიდეთ შვილიშვილებს ეს წიგნები, - რა ბედნიერები არიან ისინი, ვისაც ასეთი ნუგბარი ელოდება წინ წასაკითხად!.."

მერე ახალგაზრდა ვირტუოზმა მუსიკოსმა ალექსანდრე წულუკიძემ კლასიკური მუსიკით დააგვირგვინა წიგნის ეს ზეიმი.

ტელერეპორტიორებით გარშემოხვეულ ჯანსუღ ჩარკვიანს აღარაფერი ვკითხე. უბრალოდ, მის კომენტარს მოვკარი ყური,  - ამ დღეს გაუმარჯოს, ბრწყინვალე დღეაო!..

ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამომავალ ხალხს მივყევი, "გზასთან" ერთად გურამ დოჩანაშვილის პროზა ვიყიდე და წიგნი გულში ჩავიხუტე.

მთელი წელიწადი, ყოველ ხუთშაბათს, ასე ვიზამ! თქვენც, ალბათ...

P.S. რედაქციაში "საგანძურის" პირველი ტომის გამოცემის  დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარი, - წიგნი ისე გაქრა ქსელიდან, ყიდვა ვერ მოვასწარით და რა ვქნათო. იმასაც გვეკითხებიან, "ქართული პროზის საგანძურის" გამოწერა შეიძლება თუ არაო. შემდეგ რომელი მწერლების წიგნებს ველოდოთ ან ტომების რიგითობა რის მიხედვით გადაწყვიტეთო. გვისაყვედურეს კიდეც, - ზოგიერთმა გამყიდველმა  პირველ ტომს ფასი აუწიაო.

ჩვენ კი ყველას დავამშვიდებთ: ვინც ვერ მოასწრო და გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" მიუხედავად საკმაოდ დიდი ტირაჟისა, ვერ შეიძინა, ამ ტომის ყიდვას იმავე ფასად ჟურნალ "გზის" ახალ ნომერთან ერთად, მომავალ ხუთშაბათს, 11 მარტს შეძლებს. პარალელურად, "გზის" იმავე ნომერთან ერთად გაიყიდება საგანძურის მეორე წიგნი - მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების კრებული "თეთრი საყელო". მოგვიანებით კი ყველა ტომი წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება, თუმცა იქ განსხვავებული ფასი ექნება.

რაც შეეხება "ქართული პროზის საგანძურის" გამოწერას, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჟურნალ "გზასთან" ერთად პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა.ჯის" მეშვეობით. გამოწერის მსურველებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 38-26-73; 38-26-74.

ტომების რიგითობას რაც შეეხება: არავითარი კანონზომიერება, თუ რომელი მწერლის ნაწარმოები რომელ ტომად გამოვა, გათვალისწინებული არ არის. მიგვაჩნია, რომ ყველა, ვინც "ქართული პროზის საგანძურში" დაიბეჭდება, უდიდესი მწერალია. მხოლოდ პირველ ტომად შეირჩა "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან, სწორედ ამ, ასე მეტყველი სათაურის გამო.

თუ შენიშნეთ, რომ რომელიმე რეალიზატორი ამ წიგნების ფასს ამახინჯებს, აუცილებლად დარეკეთ მედიასახლ "პალიტრის" ცხელ ხაზზე: 383-384. შეგახსენებთ: წიგნის ფასია - 3, ხოლო ჟურნალ "გზის" - 1 ლარი. ასე რომ, ორივე ერთად 4 ლარი ღირს.

 

"ქართული პროზის საგანძური" მრავალტომეული იქნება. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი სურვილი, რომელი ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ხილვა გსურთ ამ პროექტში და ჩაწეროთ კომენტარების გრაფაში.