"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" მოლხენაზე სუფრის თამადა - კვირის პალიტრა

"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" მოლხენაზე სუფრის თამადა

"ერთი სიტყვა პოლიტიკაზე არ თქმულა, არც მივცემდი ამის უფლებას იმიტომ, რომ თამადა გახლდით და როგორც ამბობენ, ძალიან კარგად ვითამადე"

როგორც ცნობილია, გუშინ ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილების მარანში აღნიშნა. შეკრებას ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. მოსალხენად მისულ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მეუღლეებიც თან ახლდნენ.

"მიყვარხართ, პატივს გცემთ და კარგად იყავით" - ასე მიმართა ჟურნალისტებს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკრების დატოვების შემდეგ.

ფოტო არქივიდან - სტუმრად ბიძინა ივანიშვილთან

ლხინის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საახალწლო შეკრების აღსანიშნავი თანხა თავად შეკრიბეს - "ჩვენ ყველამ, ფრაქციის წევრებმა მეუღლეებთან ერთად შევკრიბეთ თანხა და გადავიხადეთ დღევანდელი საახალწლო სუფრა", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" მხიარული არიფანა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და სხვები...

როგორც შეკრების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე არანაირი პოლიტიკური საკითხები არ განუხილიათ და მხოლოდ ძველით ახალი წელი აღნიშნეს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" გუშინდელ არიფანაზე თამადა საპარლამენტო ურმავლესობის წევრი, თემურ ჭკუასელი იყო. შეკრების დეტალებზე სასაუბროდ სწორედ მას დავუკავშირდით.

- იყო კალანდა, ძველით ახალი წელი და შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვემხიარულა, გვემღერა. ძირითადად მეგობრები ვიყავით, ერთი გუნდის წევრები. გვქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარლამენტში ყოფნის დროს სამივე პრემიერი დაგვეპატიჟებინა და გავაკეთეთ კიდეც, ეს იყო ჩვენი მიზანი, ერთი სიტყვა პოლიტიკაზე არ თქმულა, არც მივცემდი ამის უფლებას იმიტომ, რომ თამადა გახლდით და როგორც ამბობენ ძალიან კარგად ვითამადე. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ეს იმითაც გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა და ახალი პრემიერიც, როგორც წესი, სუფრიდან ცოტა ადრე მიდან ხოლმე, დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ბიძინას და ვიცი მისი ხასიათი, და თქვენ წარმოდგინეთ, ამ საღამოს  არცერთს გამოუთქვამს ადრე წასვლის სურვილი. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. საერთოდ კარგია, რომ ჟურნალისტებისგან ასეთ ყურადღებას ვიმსახურებთ, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ დაძაბული სიტუაციის შემდეგ გინდა, რომ ცოტა მოისვენო.

- მხოლოდ ჩვეულებრივი სადღეგრძელოები შესვით თუ პოლიტიკურიც გამოურიეთ?

- გურული ვარ და ცოტა წავიტრაბახებ, როცა მე ვარ თამადა, იმ სუფრაზე ჩვეულებრივი სადღეგრძელოები არ არის ხოლმე, მხოლოდ საინტერესო სადღეგრძელოებს ვსვამთ.

- მაგრამ ამდენი პოლიტიკოსი ერთად იყავით, ნუთუ არ გისაუბრიათ ამ თემაზე?

- არა, არანაირი პოლიტიკა.

- არც ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დაგილევიათ?

- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას სადღეგრძელო დავლიეთ. პრემიერების სადღეგრძელოები შევსვი იმ თანმიმდევრობით, როგორც იყვნენ, ანუ ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი. წლებია მათ ვიცნობ და მინდა გითხრათ, ჩვენ ყველას  ერთადერთი სურვილი გვაერთიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და ყოველი მომდევნო ახალი წელი იყოს უკეთესი და უკეთესი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა