დიპლომიანი მებაღე მე-5 სართულიდან
"მებაღეობისთვის არ კმარა კარგად ხაზვა, კარგი ფანტაზიის უნარი თუ ფერთა შეხამების ცოდნა. თუ მცენარე არ იცი, შორს ვერ წახვალ"
"მოაჯირებზე პეტუნიები გადმოვკიდე, თბილისში კარგად ხარობს"
"ნუცუბიძის პლატოდან თბილისი გაშლილ ვიტრაჟში ჩანს და წელიწადის დროთა ცვალებადობა ბინის ინტერიერს ფონს უქმნის. ჩუქურთმებიანი აივანი მაქვს, რკინა მთლიანად მოვხსენით. ძველი თბილისი შემოვიარეთ, ლამაზ აივნებს ფოტოებს ვუღებდით ნიმუშის შესარჩევად. კორპუსისთვის ამგვარი ელემენტი ცოტა უცხო კი იყო, მაგრამ მაინც ვეცადეთ მისადაგება... ჩემმა რძალმა აივნის ფოტო საკონკურსოდ ჩემგან დამოუკიდებლად ატვირთა. ერთ დღეს შინ კომპეტენტური ჟიური მეწვია... საბოლოოდ კი ხუთეულში მოვხვდი... მთავარი ის იყო, რომ მცირე ფართობში მქონდა გაკეთებული ბაღი. თუ კაცი მოინდომებს, 6 კვადრატულშიც შეიძლება სამოთხე შეიქმნას"
ვინ იცის, რამდენ მებაღესთან, მეყვავილესა თუ დეკორატორთან მისაუბრია, მაგრამ ისეთი რესპონდენტი ჯერ არ მყოლია, რომელსაც მცენარეებისა და ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ძირითადი პროფესიის პარალელურად, მებაღეობის დასაუფლებლად, სწავლა სპეციალურ სასწავლებელში დაეწყოს.
ჟურნალისტმა თამარ ხონელიძემ თავის ორ დიპლომს (უცხო ენების სპეციალისტისა და არქიტექტორის) მესამეც მიუმატა, - საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში საფუძვლიანად შეისწავლა ეს დარგი და უკვე დიპლომიანი მებაღე-დეკორატორიც გახლავთ.
თამარ ხონელიძე: - ქვეყანა, სადაც ასეთი კარგი ბუნებრივი პირობებია, რატომ არ უნდა იყოს ბაღნარი?! გაიხედ-გამოიხედავ და გული დაგწყდება, ირგვლივ უამრავი მიტოვებული მიწის ნაკვეთია.
ჩემმა მეუღლემ, პროფესიით აგრონომმა, 7 წლის წინ ნატახტარში მიწის ნაკვეთი შეიძინა. აფხაზეთიდან დევნილმა ყველაფერი დაკარგა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, - ნატახტარში დავსახლდები, რომ ჩემს შთამომავალს მამაპაპისეული ფუძე ჰქონდესო. მიუხედავად იმისა, რომ ნატახტარში მართლა კარაქივით მიწაა, იქაურთა უმეტესობა მწვანილს მაღაზიაში ყიდულობს, რაც ძალიან მიკვირს.
ჩვენ უკვე 5 წლის ბაღი გვაქვს, სადაც 120 ძირი, ძირითადად ხეხილოვანი კულტურაა დარგული. დეკორატიული ბაღი ვერ გავაშენე, ჯერჯერობით მხოლოდ ბანკს ვქმნი - რა მცენარეც მომეწონება, მიმაქვს და ნაკვეთში ვრგავ. როცა ბაღის კონცეფცია მექნება, უკვე ადაპტირებულ მცენარეებს გავაშენებ.
პატარა სახლი ავაშენეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალითა და ტექნოლოგიით - გვაქვს ავტონომიური მზის გათბობა, ჭა, ბუხარი, რომ სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. შაბათ-კვირას სულ იქ ვართ და სულიერად ვისვენებ, მიწასთან ურთიერთობა მამშვიდებს.
- თბილისში, მრავალსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მცენარეებით ლამაზად გაქვთ აივანი გაფორმებული.
- ყვავილებით გატაცება 15 წლის წინ დამეწყო. ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობ, საიდანაც თბილისი ჩანს გაშლილ ვიტრაჟში და წელიწადის დროთა ცვალებადობა ბინის ინტერიერს ფონს უქმნის. ჩუქურთმებიანი აივანი მაქვს, რკინა მთლიანად მოვხსენით. ძველი თბილისი შემოვიარეთ, ლამაზ, ძველქართულ აივნებს ფოტოებს ვუღებდით ნიმუშის შესარჩევად. კორპუსისთვის ამგვარი ელემენტი ცოტა უცხო კი იყო, მაგრამ მაინც ვცადეთ მისადაგება. როცა ლამაზი აივანი გაქვს, მერე იქ განსაკუთრებული ყვავილებიც მოგინდება. სამწუხაროდ, თბილისში აივნების გაფორმება ჯერჯერობით დაბალ დონეზეა...
- ია ბევრი გაქვთ?
- კი, უზამბარულმა (ოთახის) იებმა თავიდანვე ძალიან გამიტაცა. ჩემთან ერთხელ სამოცდაათი სხვადასხვა ფერის ია ყვაოდა, საოცარი სილამაზე იყო... მერე აივანს ვარდები დავამატე, მოაჯირებზე კი პეტუნიები გადმოვკიდე. იმ დროს აივნების ტელეკონკურსი გამოცხადდა, ჩემმა რძალმა აივნის ფოტო საკონკურსოდ ჩემგან დამოუკიდებლად ატვირთა. ერთ დღეს კი შინ კომპეტენტური ჟიური მეწვია. აივანი მოეწონათ, საბოლოოდ კი ხუთეულში მოვხვდი... კონკურსი ბევრისთვის აღმოჩნდა სტიმულის მომცემი. მთავარი ის იყო, რომ მცირე ფართობში მქონდა გაკეთებული ბაღი. თუ კაცი მოინდომებს, 6 კვადრატულშიც შეიძლება სამოთხე შეიქმნას.
ჯერ კიდევ არქიტექტორად მუშაობისას, როცა ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მუშაობა მიწევდა, მივხვდი, რომ თბილისის ულამაზეს ჩუქურთმებიან აივნებს აკლდა ის ელემენტი, რაც უცხოეთში უხვად არის - აივანზე გადმოკიდებული ყვავილები. ეს ცოდნა ჩემი აივნის მოწყობისას დამეხმარა.
გადავწყვიტე, მოყვარულის დონეზე კი არა, პროფესიონალურად მოვკიდებოდი საქმეს და დავიწყე ძიება, სად შეიძლებოდა ამ\ის სწავლა. მივაგენი საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯს, მივედი დედა თეკლესთან (დირექტორის მოადგილე) და ავუხსენი, რა მინდოდა. ძალიან გაუხარდა. კოლეჯში გასაუბრებით მიმიღეს, სადაც საუკეთესო სპეციალისტები საფუძვლიანად მასწავლიდნენ...
უკვე კერძო შეკვეთები მაქვს, ვერანდები, რამდენიმე რესტორნის ინტერიერი და ექსტერიერიც გავაფორმე, შექმნილი მაქვს არაერთი პროექტი. მებაღე-დეკორატორობა ჩემს ძირითად საქმიანობაში ხელს არ მიშლის, ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა. "ფეისბუკში" მაქვს გვერდი - "მწვანე სახლი", სადაც მცენარეების შესახებ ინფორმაციას ვათავსებ. ათასობით ყვავილს შევუქმენი პასპორტი, იქ ყველაფერი წერია მისი წარმოშობისა და განვითარების პირობების შესახებ. ეს იდეა "ყვავილნარის" ჯგუფმა განაპირობა, სადაც დღესაც ვარ გაწევრებული.
- მებაღე რომ გახდე, რა არის საჭირო?
- მებაღეობისთვის არ კმარა კარგად ხაზვა, კარგი ფანტაზიის უნარი თუ ფერთა შეხამების ცოდნა. თუ მცენარე არ იცი, შორს ვერ წახვალ, პროდუქტს, ანუ ლამაზ ბაღს ვერ შექმნი, თანაც, ბალახიდან დაწყებული გიგანტური ხით დასრულებული - სკრუპულოზურად უნდა იცოდე ყველაფერი, რა საარსებო გარემო და პირობები სჭირდება თითოეულს...
- აივანზე ახლა ყინვაგამძლე მცენარეები გაქვთ?
- დროთა განმავლობაში გემოვნება მეცვლებოდა, მრავალგვარი მცენარე მომიშენებია. ახლა რატომღაც ბალბები, პეტუნიები მიზიდავს. ეს უკანასკნელი თბილისში კარგად ხარობს. ბალბა სხვადასხვა ჯიშის მაქვს, ეს მცენარე მწერებისგან თავდაცვის კარგი საშუალებაა. თუ ის აივანზე დგას, ოთახში ბუზი, კოღო არ შეგაწუხებს. ყინვასაც უძლებს, თუმცა, როცა დიდი ყინვებია, შინ შემომაქვს.
ადამიანს ღმერთი მხოლოდ არსებობისთვის არ მოავლენს, ყველას თავისი მისია აქვს და ბედნიერია, ვინც იპოვის, რისთვის მოვიდა ქვეყნად. როცა მიზანს იპოვი, აუცილებლად აიხდენ გულისწადილს. მე ჩემი ინტერესები, გემოვნება, ცოდნა და გამოცდილება შევუხამე ერთმანეთს.
ლალი ფაცია