მაცხოვრის ნათლისღება - დღე როცა სამება გაცხადდა!
19 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.
Kvirispalitra.ge-ს სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი (დავითულიანი) ესაუბრება:
- ნათლისღება - დღე, როცა უფალმა მდინარე იორდანეში, იოანესაგან ნათელი იღო. იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან მაცხოვარიც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მოენათლა იგი, მაგრამ მაცხოვარმა უპასუხა: ასე იყოს, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. სახარების თანახმად, როცა მაცხოვარი წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა ცა და ღვთის სული მის თავზე და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მას ზედა. ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოესმა "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". ამ დღესასწაულს ღვთის გაცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას სამება გამოეცხადა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვითონ სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განეწმინდა კაცთა ცოდვები და მათთვის ნათლისღების მაგალითი ეჩვენებინა.
ნათლისღებით ძველი რჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. უფალმა წყლის და სულიწმინდით განაახლა ცოდვებისგან დამძიმებული კაცის ბუნება, ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს, წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმინდა კი გონებისგან მიუწვდომელ სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს აიღებს. ნათლისღების დროს ადამიანი საიდუმლოდ, როგორც ფიზიკური ისე გონებრივი თვალისთვის უხილავად, იბადება სულიერი ცხოვრებისთვის. ნათლისღება არის სხვა საიდუმლოთა შესავალი კარი, კარი შემწყნარებელი ქრისტეს ეკლესიაში, ანუ იგი არის უმთავრესი პირობა, რომლის გარეშეც ვერავინ იწოდება ქრისტიანად. ხოლო ყველა ის, ვინც მონათლულია და არ უარყოფს ამ ნათლისღებას, ქრისტეს ეკლესიის წევრია. თუ ადამიანი მოუნათლავია, უფლება არ აქვს რომელიმე სხვა საიდუმლოში ან საეკლესიო წესში მიიღოს მონაწილეობა. ნათლისღების შემდეგ ყოველ ადამიანს ღვთისგან უდგინდება მფარველი ანგელოზი და იგი ხდება ქრისტეს მხედარი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული მართმადიდებელი სამყაროსათვის?
- ნათლისღების დღე არის ჩვენი სულიერი შობის, განახლების დღე. ეს დღესასწაული არის დასაბამი ჩვენთვის ყოველი ცოდვის პატიებისა და ღმერთთან ერთობის აღდგენისა. იგია აუცილებელი პირობა ცხონებისა, მარადიულ ცხოვრებაში შესვლისა. ამ დღეს ჩვენ აღთქმას ვდებთ ღვთის წინაშე, რომ შინაგანად და გარეგნულად ქრისტიანული რწმენით ვიცხოვრებთ, თავს დავდებთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულისთვის. ღმერთი კი გვწმენდს რა ცოდვებისგან, აღგვითქვამს, რომ მისი მფარველობა და შემწეობა არ მოგვაკლდება ამ ცხოვრებაში, გარდაცვალებისას გვაცხოვნებს, ხოლო მეორედ მოსვლისას აღგვადგენს, მარადიული, დაუსრულებელი ნეტარებისთვის - განგვაღთობს. შეუძლებელია ადამიანმა დაივიწყოს თავისი ნათლობა (ნათლისღება), სულიერად დაბადების დღე არ აღნიშნოს (შეძლებისდაგვარად), უფრო მეტად, ვიდრე ხორციელად დაბადების დღე, რადგან ხორციელად სიკვდილისთვის ვიბადებით, ხოლო სულიერად - მარადიული ცხოვრებისათვის.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)