"10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, - ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო" - რას ჰყვება ვახტანგ ქირიას შვილი
გამოძიების მთავარი ვერსია - მკვლელობა ყოფით ნიადაგზე?!
"ვინც ქირია გამოიყვანა სახლიდან, იმან დაურეკა კუჭავასაც. დარწმუნებული ვარ, ეს არის არა თვითმკვლელობა, არამედ განზრახ მკვლელობა"
16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კუჭავას ოჯახი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს.
ბიძინა კუჭავა
ნინო ქირია, ვახტანგ ქირიას ქალიშვილი: "მამა თბილისში 12 იანვარს, საღამოს ჩამოვიდა, ძალიან გაიხარა შვილიშვილის ნახვით. მერე შინიდან გავიდა. მოგვიანებით დაგვირეკა, - თუ საქმე დღეს ვერ დავამთავრე, არ მოვალო. იმ საღამოს არ მოსულა. ჩვენ პატარა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ მამა ზოგჯერ საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე, სასტუმროში რჩებოდა ხოლმე. მეორე დღეს, 13 იანვარს, მოვიდა. შესვენების დროს შინ შევირბინე. ბაბუა-შვილიშვილი ბურთს ბერავდა. რამე საეჭვო მის ქცევაში არ შემიმჩნევია. ვილაპარაკეთ და სამსახურში გავბრუნდი. ისინი კი ეზოში ჩასულან და უთამაშიათ. საღამოს 5-ის 15 წუთი ყოფილა, ბავშვისთვის რომ უთქვამს, - ახლა უნდა წავიდე, რომ მოვალ, ისევ ვითამაშოთო. 10 საათი ხდებოდა, რომ დარეკა, - ძველით ახალ წელს ხვდებით, თუ იძინებთო. ეს იყო და ეს. მას მერე მისი ნომერი აღარ პასუხობდა - გათიშული იყო. რა მოხდა, ამაოდ ვეძებ პასუხს. ინფორმაციას ტელევიზიიდან თუ ვიგებთ. იმედი მაქვს, დაადგენენ, რატომ მომიკლეს მამა".
- კუჭავას მეუღლე ამბობს, ოჯახებით ვმეგობრობდით და იმდენად ყურადღებიანი იყო, მანდარინიც კი ჩამოგვიტანა ახალი წლის დღეებში ზუგდიდიდანო.
- მამაჩემისგან არასოდეს მსმენია, რომ ჰყავდა ასეთი მეგობარი. მე, ჩემი და და დედაჩემი არც ბიძინა კუჭავას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ვიცნობთ.
მამუკა ფიფია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი: "ჩვენ 38 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ის რაიონის პროკურატურაში მუშაობდა, მე კი სტაჟიორი ვიყავი. ოჯახებით ვმეგობრობდით. ბოლოს 12 იანვარს ვნახე. ქუთაისში პროცესზე მიდიოდა. მითხრა, იქიდან თბილისში წავალ ჩემებთანო. ცოლ-შვილი თბილისში ჰყავდა, ერთოთახიანი ბინა იყიდეს და იქ ცხოვრობდნენ. ბიზნესი მას არ ჰქონია. ჰყავდა ძალიან ძველი მანქანა.
13 იანვარს სამსახურში უნდა მოსულიყო. დილით მელაპარაკა, - მანქანა წყალს ადუღებს და სანამ არ გავაკეთებ, ვერ მოვალო. 4-ის ნახევარზე ისევ ვესაუბრე. პომპა ყოფილა გაფუჭებული, ხელოსანმა ფულიც კი არ გამომართვაო. საღამოს 7 საათზე დავურეკე, - სად ხარ-მეთქი. გზაში ვარო. მეგონა, აქეთ მოდიოდა. თურმე თბილისში დადიოდა. 13 იანვრის 11-ის ნახევრამდე პასუხობდა ზარებს.
თუ შეხვედრაზე მიდიოდა, არ უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, ხვალ დილით აუცილებლად ვიქნები სამსახურშიო. მეორე დილასაც რომ არ გამოჩნდა, დავურეკე. ტელეფონი გათიშული იყო. არ მომეწონა. პროკურორებს ტელეფონი სულ ჩართული გვაქვს. 12 საათის მერე ნათესავებთან დავიწყე რეკვა. ძმისშვილს ველაპარაკე, თბილისში მის მეგობრებსაც შევეხმიანე. მერე ზუგდიდში შინ მივადეQქი. მანქანა რომ ვერ დავინახე, დავმშვიდდი. ტელეფონი რომ ჩაირთო და გვითხრეს, ქუჩაში იპოვესო, მივხვდი, ცუდად იყო საქმე".
გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის შემდეგ კუჭავამ დახმარებისთვის მოსკოვში მამუკა კუჭავას დაურეკა - საზღვრის გადაკვეთაში დამეხმარეო. მამუკა კუჭავამ ნაცნობ პოპოვებს სთხოვა დახმარება. თუმცა ამ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებენ კუჭავას ახლობლები... დეტალების გარკვევა თვითმკვლელობის მოწმესთან, პოპოვთან, კუჭავას ადვოკატებმა სცადეს, მაგრამ ის შეხვედრაზე ფარული ჩამწერით მივიდა. გაჩნდა ეჭვი - ვისთვის უნდა მიეტანა ეს ჩანაწერი პოპოვს. გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე ირწმუნება, რომ მისი ქმარი სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა. არც ქირიას მკვლელობაში ქმრის დადანაშაულებისა სჯერა.
"ვიზა აღებული არ აქვს და მოსკოვში გარბის კაცი, თან სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?! პოპოვების გვარი ადრე არ გამიგონია, არც გარეგნობით მეცნობა რომელიმე", - აცხადებს კუჭავას მეუღლე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოძიების მთავარი ვერსია ყოფით ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობაა. დეტალებს საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.
ნათია კორკოტაძე, ადვოკატი: "კუჭავას მეუღლე ამბობს, რომ 16 იანვარს, საღამოს 11-ის ნახევარზე ბიძინას დაურეკეს, გამოეწყო და შინიდან გავიდა. მეუღლეს დაუბარა, შეხვედრაზე მივდივარ და 2 საათში დავბრუნდებიო. ანალოგიური სიტუაციაა ვახტანგ ქირიასთან დაკავშირებით. მასაც დაურეკა ვიღაცამ და ისიც შინიდან გავიდა. ვფიქრობ, ვინც ქირია გამოიყვანა სახლიდან, იმან დაურეკა კუჭავასაც. დარწმუნებული ვარ, ეს არის არა თვითმკვლელობა, არამედ განზრახ მკვლელობა.
ოჯახი დაბეჯითებით ამბობს, რომ კუჭავას ბინა ნაქირავები არ ჰქონია. თუ "ბალგარკა" იყიდა, მკვლელობა ჩაიდინა, მერე სახლში ოთხი დღე როგორ იყო ეს კაცი მშვიდად? ოჯახი თვლის, რომ კუჭავას მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის და ითხოვს მისი სახელის რეაბილიტაციას." მართალია, კუჭავას ოჯახი ქირიას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ქირიას ოჯახი ამბობს, რომ არანაირი საფუძველი არა აქვთ, ეჭვი შეიტანონ შსს-ს ვერსიაში.
კუჭავას ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაუტარა. "საფეთქელთან არის დაზიანება, ფეხის ტერფის მიდამოზე ერთი დიდი დაზიანება აქვს, კერძოდ, ცერა თითის არეში. ფაქტია, ის სიცოცხლის დროინდელია... საინტერესოა თავად ქირიას გვამის შესწავლაც. დაკარგვის დღეს მოკლეს, თუ მეხუთე დღეს, ამის დადგენა ექსპერტებს არ გაუჭირდებათ". რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ქირიას მანქანა ნუცუბიძის პლატოზე იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით არ არის ჩადენილი. თუმცა არ კონკრეტდება, კერძოდ რა იარაღი ფიგურირებს. სპეციალისტები თვლიან, რომ მკვლელი შემდგომ კვალის მოსპობას შეეცადა. ამბობენ, დამნაშავე ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ცხედარი არავის ეპოვა, ყოველთვის ყოფილიყო ეჭვი, ეს კაცი იქნებ ცოცხალიაო.
თეა ხურცილავა