"ვამბობდი, ქადაგიძის წასვლის წინ შოკი გველის-მეთქი"
"მთავარია, გამოიწვევს თუ არა ლარის გაუფასურება პროდუქტის ფასის ზრდას, რაც სახელმწიფოს დიდ ზიანს მიაყენებს"
გამოიწვევს თუ არა ლარის გაუფასურება ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებას და რა გავლენას მოახდენს პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე? "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პასუხობს:
- როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო, კონტრაქტორების დიდმა ნაწილმა კომპენსაციის საკითხი დააყენა, თუმცა, საქმეში ჩახედვის შემდეგ მოთხოვნა მეტწილად გადაჭარბებული აღმოჩნდა. მსოფლიოში ეკონომიკურმა დაძაბულობამ ძირითად პროდუქციაზე ფასების შემცირება გამოიწვია. მაგალითად, არმატურის, ცემენტისა და ბიტუმის ფასიც კი დაეცა. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების კორექტირებაც კი არ გახდა აუცილებელი. რამდენიმე კონტრაქტორს კომპენსაცია მივაწოდეთ. ეს ძირითადად იმ ნაწილს შეეხო, ვისაც მეტალის მილები ჰქონდა საზღვარგარეთიდან შემოსატანი. მოგეხსენებათ, პროექტების დიდ ნაწილს დონორები აფინანსებენ და მათგან ჩვენ დოლარს ან ევროს ვიღებთ. ზოგჯერ ეკონომიაც კი გამოდის, რაც გვაძლევს ფინანსურ საფუძველს, რომ კომპენსირების პრობლემა არ დადგეს.
- რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც მშენებლობაში არ საქმიანობს?
- ვიმეორებ, ზოგჯერ ფასები მატულობს, ზოგჯერ მცირდება, მაგრამ ჩემს სფეროში ლარის კურსის დაცემას კონტრაქტორებისთვის ზიანი არ მიუყენებია. პროცესს თვალყურს მივადევნებთ. დაითვალონ, თუ ლარის კურსის დაცემა მათ მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მაგალითად, წყალსადენების პროექტებთან დაკავშირებით იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენმა სტრუქტურებმა კონტრაქტორს მილების შემოტანაზე უარი უთხრეს, მერე კი მილების ფასი გაიზარდა. ვიღაცის გადაწყვეტილების გამო, კომპანიას თვითღირებულება გაუძვირდა.
- შეფერხება სტრუქტურის თანამშრომლის ინტერესებს ემსახურებოდა?
- ამ საქმეში ვინმეს ბრალეულობა რომ გამოკვეთილიყო, საქმეს პროკურატურას გადავცემდი.
- რამდენიმე თვის წინ აცხადებდით, რომ 2.50-იან მაჩვენებელს ქართული ეკონომიკა ვერ გაუძლებდა. დღესაც ასე ფიქრობთ?
- ამის ანალიზი ახლა შეუძლებელია, რადგან პროცესი რთულია და ინფორმაციის სრულად ფლობას საჭიროებს. ცხადია, რომ ლარის კურსის დაცემა საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ეკონომიკის ნაწილისთვის, დიდი დარტყმაა. სამწუხაროდ, საქართველოს ექსპორტის წილი მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანას და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს. შეიძლება ქვეყანას გარს ერტყას სახელმწიფოების წყება, სადაც ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ თუ კარგად გაქვს საზღვარი დაცული და სამედიცინო სფერო გამართულად მუშაობს, ნაკლები ზიანი მოგადგება. როცა ქვეყანას აქვს ეროვნული ბანკი, გარე ფაქტორები მის ეროვნულ ვალუტაზე ასეთ მძიმე გავლენას არ უნდა ახდენდეს.
- პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ეროვნულ ბანკს, თუ მთავრობასაც?
- ვიღაცის საქმიანობა რომ შევაფასო, მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. შეიძლება ასეც ვთქვათ: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს რომ არ აკეთებდეს, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, თუმცა, დაბეჯითებით არც ამის თქმა შემიძლია. ამისთვის პროცესის გაანალიზებაა საჭირო.
- როგორც მთავრობის წევრს, პროცესის გაანალიზება არ გიცდიათ?
- მთავრობის წევრი კი ვარ, მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს. როგორც კი ყველა სფეროში ჩახედვას დავიწყებ, ჩემი სამინისტრო უყურადღებოდ დამრჩება. სერიოზული მუშაობაა საჭირო, რისთვისაც ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი არსებობს. დიდი ხნის წინ განვაცხადე, რომ ქადაგიძის წასვლის წინ ასეთი შოკი კიდევ გვექნებოდა. არ ვამტკიცებ, რომ ყველაფერი მაინცდამაინც ეროვნული ბანკის არასწორი ქმედების შედეგია, მაგრამ ეს ეჭვი ერთი წლის წინ გამოვთქვი და დღემდე ეჭვად მრჩება. მთავარია, გამოიწვევს თუ არა ლარის გაუფასურება პროდუქტის ფასის ზრდას, რაც სახელმწიფოს დიდ ზიანს მიაყენებს. ჯერჯერობით ამის საშიშროება არ ჩანს.
- პროდუქტის ფასი უკვე გაიზარდა...
- მხოლოდ საწვავის ფასი უამრავ პროდუქტზე ფასის ზრდის ნიველირებას ახდენს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი გაგრძელდება და ფასების ფატალური ზრდა არ მოხდება და საზოგადოების აღშფოთება წუწუნს არ გასცდება.
- და რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, სახლები და ბინები კი - იპოთეკით დატვირთული?
- ალბათ, აღარ არის ასეთი მოთხოვნა დოლარში ასაღებ სესხზე, თანაც ჩვენი მოქალაქეები მომავალში მეტად დაფიქრდებიან. 60 წელს გადავცდი და შარშან 5 ათასი დოლარი მქონდა ვალი. როგორც იქნა, დავფარე. მეტ ვალს აღარ ავიღებ. ამაზე ყველამ უნდა იფიქროს. გარდა ამისა, ხშირად თუ ღრმად ჩაიხედავ, დაინახავ, რომ ბევრი მსესხებელი, ვალუტის კურსი შეიცვლებოდა თუ არა, მაინც არ იყო გადამხდელი.
- ანუ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას ვერც მომავალში ხედავთ?
- არ ვიცი. ამაზე ხშირად საუბრობენ. მე მიმაჩნია, რომ ჯერ მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ. თუ ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, ბუნებრივია, სახელმწიფო მორალურად მაინც არის პასუხისმგებელი.
- გიორგი ქადაგიძეს დაახლოებით ერთ თვეში თანამდებობის დატოვება მოუწევს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მისი შემცვლელის პოვნის პროცესის გაჭიანურება ლარზე უფრო ცუდად აისახოს?
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის პროცესის გაჭიანურება ცუდი იქნება. უარყოფით შედეგს გამოიწვევს თანამდებობაზე არაპროფესიონალის დანიშვნაც. ეროვნულ ბანკში ნებისმიერი რყევა ვალუტის სტაბილურობაზე აისახება. აუცილებელია, ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
- თავიდან თქვენ დაგასახელეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად. ახლა არ ხართ ამ პროცესში ჩართული?
- 2012 წლის არჩევნების შემდეგ ამაზე მინიშნებაც არ ყოფილა. ჭორებს არ დაუჯეროთ. შემოთავაზების შემთხვევაში კი ჩემი პოზიცია ასეთი იქნება - ორჯერ ერთ მდინარეში არ უნდა შეხვიდე.
- დაბოლოს, პოლიტიკაზეც გკითხავთ. პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შემდეგ გადახალისება მთავრობის შემადგენლობასაც სჭირდება?
- გიორგი კვირიკაშვილი უკვე დაღვინებული და გამოცდილი პოლიტიკოსია. რაც შეეხება მთავრობას... ქვეყანაში, სადაც კრიზისული ვითარებაა, მთავრობაში ერთი სახე დიდხანს არ უნდა იყოს. უნდა აკეთებდნენ ერთ საქმეს სწორი მიმართულებითა და სტრატეგიით, მაგრამ "ცხენები" უნდა იცვლებოდნენ. მოკლე ხანში ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება შეუძლებელია, საზოგადოებას კი ერთი და იგივე სახეები აღიზიანებს.
- დღეს "ცხენების" შეცვლის დრო დადგა?
- განვითარებად ქვეყანაში ცვლილებები ყოველთვის უნდა იყოს. პერიოდულად სისხლის განახლება უნდა ხდებოდეს, რაც საზოგადოებას იმედს მისცემს - თუ პროგრესი გრძელდება და ერთ სახეს არ უყურებენ, ადამიანები გაჭირვებას ადვილად იტანენ.
რუსუდან შელია