"რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია" - ქართული ხელნაწერების გამოფენა კიოლნის უნივერსიტეტში
15 იანვარს, კიოლნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ქართველ სტუდენტთა გაერთიანება "აისის" ორგანიზებით ქართული ხელნაწერების გამოფენის გაიხსნა. ხელნაწერები გამოფენილი აპრილის დასაწყისამდე იქნება და მას ამ დროის განმავლობაში ასეულობით სტუდენტი ნახავს.
კიოლნის უნივერსიტეტი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტია, რომელშიც დაახლოებით 50 000 სტუდენტი სწავლობს. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კალიგრაფიული ნამუშევრები ოთხ ახალგაზრდა ხელოვანს დავით მაისურაძეს, გიორგი გორგიაშვილს, ნიკა ღუნაშვილისა და ვაჟა ერემეიშვილს ეკუთვნის.
ნინო ბურდილაძე გამოფენის სულისჩამდგმელია "აისის" ხელმძღვანელი ნინო ბურდილაძე, რომელიც ამავდროულად კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტია. ასევე კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი და გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორია მიხეილ სარჯველაძე, "აისის" მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სტუდენტური ორგანიზაცია "აისი" ორი წელია აქტიურად ეწევა გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველ სტუდენტთა ორგანიზაციაა.
გაერთიანება მჭიდროდ თანამშრომლობს კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებასთან, რომელიც განხორციელებული პროექტების დიდ უმრავლესობას აფინანსებს.
"აისის" საქმიანობა დამყარებულია მოხალისეობრივ პრინციპზე. გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბურდილაძე, ისევე როგორც გაერთიანების სხვა წევრები არსებული მცირე დროის ინვესტირების ხარჯზე ცდილობენ გააცნონ გერმანელებს საქართველო, ქართული კულტურა. "თითქმის ყველა ქართველს ჰქონია შემთხვევა, რომ ქართველები ხშირად რუსები ჰგონიათ და ძალიან ბევრმა ისიც კი არ იცის, თუ სად მდებარეობს საქართველო. ჩვენი მიზანია ერთია - შეექმნათ ევროპელებს წარმოდგენა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, თუმცა ამავდროულად მოხდეს მათთვის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გაცნობა, მაგალითად ისეთის, როგორციაა რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია". - გვითხრეს ორგანიზაციის წევრებმა, რომელთა თქმთაც, მიუხედავად იმისა, რომ "აისი" გერმანელ და სხვა უცხოელ სტუდენტებს უმეტესწილად პროექტებს ქართულ კულტურასთან დაკავშირებით სთავაზობს, თითქმის ყოველთვის ხდება პოლიტიკური ელემენტის ჩართვაც.
როგორც აგვიხსნეს, ხელნაწერთა გამოფენაშიც მოხდა მცირედი დოზით პოლიტიკური თემის გახმაურება, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაეცნოს ერთგვერდიან ტექსტს საქართველოზე, რომელშიც საქართველოს მრავალფეროვნებაზე ალაპარაკი და მაგალითისთვის "სხვათა შორის" წერია, რომ თითოული კუთხე მოყოლებული აფხაზეთიდან, დასრულებული კახეთით ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე გამოფენილია ერთიანი საქართველოს რუკა. სტუდენტების თქმით, ზემოთ ნახენებ ტექსტთან დაკავშირებით მცირე ინციდენტიც მოხდა:
მიხეილ სარჯველაძე:
- შემთხვევით შევესწარი, როგორ უხსნიდა გამოფენასთან მდგარი რუსი გერმანელი (გერმანული წარმოშობის რუსები, რომლებიც 90-იან წლებში დაბრუნდენ გერმანიაში) სტუდენტი თავის კოლეგას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შეცდომითაა ტექსტში მითითებული, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილიო. სტუდენტს, რომელსაც უნივერსიტეტის ღონისძიებებიდან ვიცნობ, როგორც მემარცხენე სტუდენტთა გაერთიანების წევრს (გერმანიის მემარცხენე პარტია მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში) გამოველაპარაკე და ნაცვლად იმისა, რომ დაესაბუთებინა რაც თქვა, ლექციის დაწყება მოიმიზეზა და გაიქცა.
ამ დიდ საინფორმაციო ომში, რომელიც საქართველოსაც ეხება, ძლიერი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია. მაგალითისთვის, russia today-ის გერმანული რედაქციის არსებობაც კი საკმარისია, რომელიც ზეაქტიურად ცდილობს, გერმანიაში და ევროპაში რუსეთის ინტერესების გახმოვანებას, მათ შორის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, რადგან საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ცალკეული მთავრობების მიერ, როგორც წესი საშინაო პოლიტიკის და ამომრჩევლების განწყობის მიხედვით ხდება. სწორედ ამიტომ, ქართველ ახალგაზრდებს გვაკისრია დიდი მისია, რომელიც აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, თუ გვსურს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. მისია კი იმაში მდგომაროებს, რომ "აისის" მსგავსი აქტივობებით, ბლოგებით, სტატიებით, ცალკეული საინფორმაციო პროექტებით უკეთ გავაცნოთ ევროპელებს არა მხოლოდ ქართული კულტურა, არამედ საქართველოს უმთავრესი პრობლემებიც, რათა ასე მაინც ჰქონდეთ არჩევანი პროპაგანდას და რეალობას შორის.