"არის პრინციპები, რომლებსაც ფედერაცია არ გადაუხვევს!"
"ეს თემა არც განხილულა და მე პირდაპირ ახლგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს"
წლის პირველი თვე გია გეგუჩაძისთვის ემოციურად დატვირთული გამოდგა: თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ჯერ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცად დანიშნეს, რამდენიმე დღის შემდეგ გამართულ სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს. "დინამოდან" მწვრთნელის წასვლა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის გათავისუფლებას დაემთხვა და კახა ცხადაძის შემცვლელად ბევრი სწორედ გეგუჩაძეს მიიჩნევდა, თუმცა, გია გეგუჩაძეს ახალგაზრდული გუნდი ჩააბარეს, ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა კი ჯერაც უცნობია.
- მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ დაფასებისა და მოლოცვისთვის. წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება დიდი პატივი და აღიარებაა. ამიერიდან მეტი სტიმული მექნება.
- ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობის შეთავაზება მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- ფეხბურთის ფედერაციას სურდა, ამ პოსტზე მე მემუშავა, თუმცა, მოსაგვარებელი იყო საკითხი თბილისის "დინამოსთან", რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა. მადლობას ვუხდი "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც ხელი არ შემიშალა წასვლაში და ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობა მომცა.
- ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული იყოს, სხვა დონის გამოწვევაა, მაგრამ არც დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება იქნებოდა ადვილი... "დინამოს" მიტოვება არ გაგიჭირდათ?
- ნურავინ იფიქრებს, რომ "დინამოს" იოლად შეველიე. გვქონდა გეგმა და მიზნები, რომლებზე უარის თქმაც მძიმე იყო ჩემთვის. თუმცა, კლუბმაც ხელი შემიწყო და თვითონაც ვხედავდი, რომ ასე იყო საჭირო. როცა საქმეს სჭირდება, ასეთი გადაწყვეტილებაც გამართლებულია. მით უმეტეს, როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეს შევეჭიდეთ.
- თუ შეხვდით თბილისის "დინამოში" თქვენს ნაცვლად დანიშნულ იურაი იარაბეკს? და რა იცით ამ სლოვაკ მწვრთნელზე?
- იარაბეკს არ შევხვედრივარ და მის შესახებ ბევრი არც არაფერი ვიცი. შთაბეჭდილება მაშინ შემექმნა, როცა "ზესტაფონში" მუშაობისას იარაბეკის გაწვრთნილ ტრნავის "სპარტაკს" ვეთამაშეთ. იმ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, შემოქმედებითი მწვრთნელი უნდა იყოს - "სპარტაკის" ფეხბურთელები დალაგებულ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ.
- მართალია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენი ასისტენტი გია ჭიაბრიშვილი იქნება?
- არ ვიცი, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ვადასტურებ, რომ რამდენიმე სხვა მწვრთნელთან ერთად, ამ თანამდებობაზე გიას კანდიდატურაც განიხილება, იმასაც გეტყვით, რომ მეც მაქვს ჭიაბრიშვილთან მუშაობის სურვილი, მაგრამ მოლაპარაკებების და ძიების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გია ჭიაბრიშვილს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და მოვალეობები აკისრია. ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
- რას უპასუხებთ მათ, ვინც დარწმუნებულია, "დინამოდან" იმიტომ წამოხვედით, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცობას გიპირებდნენ და მხოლოდ ბოლო წუთს გადაიფიქრეს?
- სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ასეთი არასასიამოვნო ელფერი მიეცა... სინამდვილეში ეს თემა არც განხილულა და მე პირდაპირ ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს. იმედი მაქვს, ამის მთქმელებს ის მაინც სჯერათ, რომ ამ საკითხის განხილვა ჩემ გარეშე არ მოხდებოდა!
- რა შეიცვლება 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის მისვლით, რა იქნება თქვენი უპირველესი ამოცანა?
- როგორც ცნობილია, არ ვარ მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. უშუალო საქმიანობის გარდა, დამევალა ყველა ასაკობრივი ნაკრების სპორტული ხელმძღვანელობაც, რაც დიდი გამოწვევაა ჩემთვის. აქ სისტემის დალაგებაზეა ლაპარაკი, რეფორმებიც უნდა ჩატარდეს და ახალმა სისტემამ ფეხბურთელების ცვლის შედეგებიც უნდა დატოვოს. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს უწყვეტი პროცესი, რომელშიც თანმიმდევრულად მოვამზადებთ ფეხბურთელებს. ანუ, მოთამაშეები ეტაპობრივად გაივლიან ყველა ასაკობრივ გუნდს და საბოლოოდ ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან.
- სავარაუდოა, რომ ეს კონცეფცია არა მხოლოდ ფეხბურთელთა მომზადების უწყვეტ ციკლს გულისხმობს, არამედ თამაშისა და მზადების ერთნაირ სისტემასაც ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის...
- რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია მზადების ერთნაირ მეთოდიკაზე, სათამაშო სტილზე და ა.შ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონეზე გვყავდეს თანამოაზრეები. გვინდა, შევქმნათ სისტემა, რომელიც იმუშავებს და ახლოს იქნება ქართულ გენსა და ხასიათთან. და რაც მთავარია, იქნება შედეგიანი!
- საინტერესოა, რას ფიქრობს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე?
- ეს არ არის თემა, რომელზეც მე კომენტარი უნდა გავაკეთო... იმას კი ვიტყვი, რომ მესმის, თანამედროვე ფეხბურთში რა არის საჭირო წარმატებისთვის და თანადგომას ვუცხადებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ვხედავ, რომ ქართულ ფეხბურთში აუცილებელია რეფორმები და იმ პროგრამაში, რომელსაც ცოტა ხანში გაეცნობა ქართველი ქომაგი, ბევრი ისეთი საკითხიც არის გათვალისწინებული, რაც აუცილებლად წასწევს წინ ქართულ ფეხბურთს!
- იმის მიუხედავად, რომ ეს ინდივიდუალურია და დიდად არის დამოკიდებული სპეციალისტზეც, გარემოზეც და მოთამაშეთა კონტინგენტზეც, თქვენ რა დაგანახათ ბოლო წლებმა - საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უფრო შეეფერება თუ უცხოელი?
- ძნელია ხელაღებით თქმა, ქართველი უფრო გამოდგება ამ პოსტზე თუ უცხოელი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი - არის პრინციპები, რომლებსაც, მწვრთნელის დანიშვნის დროს, ფეხბურთის ფედერაცია არ გადაუხვევს!
- რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს?
- ეროვნული პირველობა ქვეყნის უმაღლესი ტურნირია და იქ საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ცვლილებები არასპორტული პრინციპით მოხდეს. მესმის, რომ ამის გამო, ამ ეტაპზე, ბევრი რამ შეუძლებელია. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თუ ხარისხიანი პირველობა გვინდა, ეროვნულ ჩემპიონატს რეფორმა აუცილებლად სჭირდება! სახელმწიფო გვერდით უდგას ქართულ ფეხბურთს და ეს რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა. ეს იყო ნაბიჯი, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა საფეხბურთო სამყარო და ქართველი ქომაგი. თუმცა, მინდა, გულშემატკივრებს ვთხოვო, სულსწრაფობას ნუ გამოიჩენენ, რადგან დაფინანსების გაზრდა შედეგს მაშინვე ვერ მოიტანს, თანდათანობით კი ყველა დავინახავთ, რომ ქართული ფეხბურთი წინ მიდის.