"რატომ ვერ აღმოაჩინა საპატრიარქომ სიტყვები: "მამათმავლობა", "უსაფრთხო სექსი..." - განათლების მინისტრის პასუხი პეტიციის ხელმომწერებს - კვირის პალიტრა

"რატომ ვერ აღმოაჩინა საპატრიარქომ სიტყვები: "მამათმავლობა", "უსაფრთხო სექსი..." - განათლების მინისტრის პასუხი პეტიციის ხელმომწერებს

"სირცხვილია, იმ ადამიანებს, რომლებიც გულანთებულები ლაპარაკობენ რელიგიის სახელით, ავიწყდებათ, რომ ჩვენი რელიგია კრძალავს ტყუილს და ცილისწამებას"

"კვირის პალიტრის" რედაქციაში შემოვიდა წერილი-პეტიცია სახელწოდებით "განგაშის ზარები", რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და რომლებიც ითხოვენ არ შეიტანონ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" ახალი ვერსია. (იხილეთ პეტიცია)

წერილს მკითხველებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პეტიციის ავტორების ბრალდებებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოეხმაურა. გადაცემა 2030-ში მიწვეულმა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი საგნის სტანდარტის შემუშავებაზე კონსულტაციებს საპატრიარქოსთან ერთად გადიან, და საგნის არცერთ ვერსია არ გულისხმობს სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებაა და აღრევაა.

თამარ სანიკიძე:

"ამ ეტაპზე საგნის სტანდარტი თითქმის მომზადებული და დასრულებულია. საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ საპატრიარქოსთან. სწორედ იმ საკითხების გამო, რომელიც შეეხება რელიგიისა და ოჯახის თემას. უფრო მეტიც, რელიგიის თემა იყო ის ნაწილი, რომელზეც მსჯელობა კვლავ გრძელდება და ბოლომდე ვერ გადავწყვიტეთ ამ ასაკობრივ ჭრილში, ის საკითხები, რასაც გვთავზობს საპარტიარქო იქნება თუ არა მისაღები, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს ამ ახალ საგანში და ის დარჩეს როგორც საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ ასეთი ინტენსიური მუშაობა მიდიოდა, მაპატიოს საზოგადოებამ და თუ საპატრიარქო, განათლების სამინისტრო სიტყვასიტყვით გადის ამ სტანდარტს, რატომ ვერ აღმოაჩინა ამ სტანდარტში ისეთი სიტყვები, როგორიც არის "მამათმავლო","უსაფრთხო სექსი", "იდენტობა" და ა.შ. უფრო მეტიც, როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ პირველად ვერსიაში იყო გარკვეული საკითხები, რომელიც ეჭვს ბადებდა და ასახელებენ ისევ და ისევ ამ თემებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ვერსია მაქვს და არცერთ ვერსიაში მსგავსი არაფერი არ წერია.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მეცნიერებზე მუშაობა მიმდინარეობს, დამთავრდება და მივიღებთ ისეთი სახით, რის მიხედვითაც შევძლებთ წესიერი ლიტერატურის შექმნას, მასწავლებლის მომზადებას, გზამკვლევების დამუშავებას და ა.შ. ამ სპეკულაციას თავი უნდა დავანებოთ, სირცხვილია, იმ ადამიანებს, რომლებიც გულანთებულები ლაპარაკობენ რელიგიის სახელით, ავიწყდებათ, რომ ჩვენი რელიგია კრძალავს ტყუილს და ცილისწამებას".

ვიდეო