ჯაბა კანკავა: "ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს!" - ექსკლუზივი
"უმოტივაციოდ მოედანზე გასვლას მირჩევნია, ფეხბურთი საერთოდ არ ვითამაშო!"
"კახა ცხადაძე არის მაღალი დონის მწვრთნელი, რომლის საქმიანობითაც კმაყოფილი ვიყავი და სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან მუშაობას"
"ცხადაძის, როგორც მწვრთნელის საწინააღმდეგო არც ფეხბურთის ფედერაციას ჰქონია რამე - უბრალოდ, ანაზღაურების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ"
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავა დასახელდა. "უკრაინისგან განსხვავებით, საფრანგეთის ჩემპიონატი ზამთარშიც გრძელდება და ფეხბურთს არც იანვარ-თებერვალში სწყდები, რაც ძალიან სასიამოვნოა", - ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრება ჯაბა კანკავამ სწორედ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა და ახალ ტიტულზე არც ქართულ მედიასთან ულაპარაკია. "რეიმსის" ნახევარმცველს საფრანგეთში დავუკავშირდით და კლუბზე, ვირტუალურად მიღებულ ჯილდოსა და ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებულ არასასიამოვნო ამბებზე ველაპარაკეთ.
- პირველად გავხდი წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რაც, ორმაგად სასიამოვნო შეგრძნებაა. მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შეემატა ჩემს კარიერას...
- როგორ ფიქრობ, ეს აღიარება სანაკრებო მატჩების დამსახურება უფროა, თუ "დნიპროსა" და "რეიმსში" წარმატებული თამაშის?
- ალბათ, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა: კარგი მატჩები გვქონდა ნაკრებში, "დნიპრომ" წარმატებით ითამაშა ევროპის ლიგაზე, საფრანგეთში გადაბარგებაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო... ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გამომარჩია.
- "რეიმსმა" ზედიზედ მოიგო ორი მატჩი (ინტერვიუ "ბასტიასთან" შეხვედრამდეა ჩაწერილი. - ავტ.). უკვე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისული პერიოდი გადალახეთ?
- საფრანგეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და მცირე შეცდომაც კი გოლის ფასად გვიჯდებოდა, ბურთის გაშვების შემდეგ კი თამაშის გადარჩენა რთულია. ფეხბურთელებიც გვაკლდა და წარუმატებელი თამაში ამის ბრალიც არის. თუმცა, უკვე დავიმატეთ მაღალი კლასის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც აშკარად გაგვაძლიერეს და ვფიქრობ, მომავალ მატჩებშიც დაგვეხმარებიან.
- იოლად შეეგუე ახალ კლუბს და საფრანგეთის პირველობას?
- დრო დამჭირდა, სანამ "ლიგა-1"-ს კარგად შევისწავლიდი. ახლა ადაპტაციის პროცესი უკვე დასრულებულია და თავდაჯერებაც მომემატა, რადგან მწვრთნელისა და თანაგუნდელებისგან სულ უფრო მეტ ნდობას ვგრძნობ.
- მხოლოდ გაფრთხილებებს ვერ მოუხერხე ვერაფერი...
- აგრესიული სტილის მოთამაშე ვარ და გაფრთხილებას ხშირად ვიღებ, მაგრამ ისე არაფერი ფუჭდება, ჩემი ყვითელი ბარათები სულ წინა პლანზე იყოს. დავუშვათ, მოვიგეთ და კარგად ვითამაშე, სათაურად მაინც ყვითელი ბარათის ამბავს გაიტანენ! ყველა მატჩში წითელ ბარათს რომ ვიღებდე, კრიტიკა არ გამაკვირვებდა, მაგრამ გაფრთხილებით საქმე არ ფუჭდება. ათ მატჩში ხუთი ყვითელი რომ მივიღო და ერთი თამაში გამოვტოვო, ქვეყანა იქცევა?! მით უმეტეს, ჩემი თამაშის სტილი ყველამ იცის და წესით, აღარ უნდა უკვირდეთ. წინასწარ ვარ შეგუებული, რომ გაფრთხილებას მივიღებ! სხვათა შორის, ზოგჯერ ემოციურობის - მსაჯთან ლაპარაკის გამოც ვიღებ გაფრთხილებას.
- მოედანს მიღმა ისეთი სიტყვაძუნწი ხარ, მსაჯთან კამათისთვის როგორ ახერხებ ყვითელი ბარათის მიღებას?!
- როცა მართალი ხარ, არბიტრი კი სხვაგვარად ფიქრობს, რთულია, თავი შეიკავო და არ შეეპასუხო. ეს არის ემოცია, რომელსაც ვერ ვაკონტროლებ... პოზიციაც ისეთი მაქვს და ხასიათიც, რომ სხვაგვარად არ შემიძლია.
- "რეიმსში" ახალი ჩარიცხული იყავი, ფრანგ ჟურნალისტს რომ შეჰპირდი - ექვს თვეში ინტერვიუს ფრანგულ ენაზე მოგცემო... როგორ ეტყობა საქმეს, შეასრულებ პირობას?
- ვცდილობ, მაგრამ ჯერჯერობით, ძალიან მიჭირს. ინგლისური რომ ყოფილიყო, უფრო გამიადვილდებოდა, ფრანგულის სწავლა კი ნულიდან მიწევს და რთულია.
- "სენტ-ეტიენთან" მატჩში საგოლე გადაცემით "რეიმსს" ქულა მოუტანე. იმ ეპიზოდს როგორ გაიხსენებ?
- გამიხარდა, ანგარიში ჩემი პასის შემდეგ რომ გათანაბრდა. მით უმეტეს, ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, შეტევის ჩაშლა უფრო მევალება, ვიდრე წამოწყება.
- ყველაზე მეტად რა მოგწონს საფრანგეთის ჩემპიონატში?
- ის, რომ სულ ფეხბურთით მიწევს ცხოვრება! უკრაინის ჩემპიონატში დეკემბრიდან მარტამდე შესვენება იყო, საფრანგეთში კი, თამაში ზამთარშიც გრძელდება. ძალიან სასიამოვნოა, ყოველ კვირას თამაშისთვის რომ ემზადები. უკრაინასთან შედარებით, ჩემპიონატის დონეც უფრო მაღალია, ფაქტობრივად, არ არიან სუსტი გუნდები და ყველა მატჩი ბოლო წუთამდე დაძაბულია.
- ახერხებ განტვირთვისთვის დროის გამონახვას? როგორ იყენებს ჯაბა კანკავა თავისუფალ დროს?
- როცა დრო გვაქვს, რეიმსში მცხოვრები ქართველები ვიკრიბებით ხოლმე. ხანდახან პარიზში გავისეირნებ და ა.შ. ღამის ცხოვრება დიდად არ მიტაცებს, თუმცა, თამაშის შემდეგ ზოგჯერ კლუბში წასვლაც შეიძლება... ისე კი, თუ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, დღის განრიგი ისე ნაწილდება, "დაუხარჯავი" დრო არც გრჩება.
- "რეიმსში" ყველას ასეთი მენტალობა აქვს?
- ნამატჩევს განსატვირთად წასვლა ჩვეულებრივი ამბავია - ზოგს კლუბები უყვარს, სხვას სახლში ყოფნა ან სტუმრად წასვლა ურჩევნია... თორემ თამაშის წინა დღეებში რომელიმე ფეხბურთელი ღამეს ათენებდეს, ან ზომაზე მეტს სვამდეს, არათუ "რეიმსში", არც ერთ პროფესიულ კლუბში არ მინახავს.
- რა არის შენთვის ფეხბურთი?
- ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. რაც მაქვს, ყველაფერი ფეხბურთმა მომცა და ჩემი ყოველი წუთიც მასზე ფიქრს უკავშირდება. ნიჭი ამ საქმეში აღმომაჩნდა და მადლობა უფალს, რომ ჩემი ცხოვრების გზა მაჩვენა...
- ფეხბურთი შენი ცხოვრებაა, მაგრამ მოტივაციაც ხომ აუცილებელია, რათა ყოველდღე, ყოველკვირა აკეთო ერთი და იგივე საქმე? რა გაძლევს მოტივაციას კონკრეტული მატჩის ან სეზონის წინ?
- წარმატებისთვის მოტივაცია აუცილებელია! თამაშის წინ განწყობას ვიქმნი ხოლმე - ისეთ რაღაცებზე ვფიქრობ, რაც სტიმულს მაძლევს, მოტივაციას მმატებს. უმოტივაციოდ მოედანზე გასვლას მირჩევნია, ფეხბურთი საერთოდ არ ვითამაშო!
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ეს ნატვრა უკვე ასრულებული გაქვს და არა მხოლოდ წევრი, ნაკრების კაპიტანიც ხარ. მაგრამ რაც შეეხება კლუბს - რომელ გუნდს უკავშირდება შენი "საკლუბო ოცნება"?
- ძალიან მინდოდა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მოტივაციას ამაზე ფიქრი მაძლევდა. ყველაზე დიდი სიამოვნებით "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითამაშებდი, მაგრამ... "ფრენა" არ მიყვარს, რეალისტი ვარ და ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ მანჩესტერში მოხვედრა ძალიან რთულია. ჯერ კიდევ მაქვს შანსი, ინგლისში ვითამაშო? მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ვიმეორებ - მე რეალისტი ვარ! იმ ყველაფრისთვის კი, რაც უკვე იყო ჩემს კარიერაში - მადლობა უფალს...
- ნაკრების კაპიტანი ხარ და რაც უნდა არასასიამოვნო იყოს, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით: რა რეაქცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ახალი შესარჩევი ციკლის წინ იცვლება?!
- იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ჩემთვისაც და ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტია. ვწუხვარ, რომ სფფ-ის პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ რას ვიზამთ...
- კახა ცხადაძემ თქვა, რომ არც ერთი ფეხბურთელისთვის არ დაურეკავს - ბიჭები თვითონ შემეხმიანენ და მხარდაჭერა გამოხატესო...
- კახას ჩემთან არ დაურეკავს. იმ ამბების შემდეგ მასთან არ მილაპარაკია, მხოლოდ ჩემი პოზიცია გამოვხატე, რომელსაც ახლაც გავიმეორებ: კახა ცხადაძე არის მაღალი დონის მწვრთნელი, რომლის საქმიანობითაც კმაყოფილი ვიყავი და სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან მუშაობას! ცხადაძის კომპეტენციაში არც არავის ეპარება ეჭვი. მისი, როგორც მწვრთნელის, საწინააღმდეგო არც ფეხბურთის ფედერაციას ჰქონია რამე - ანაზღაურების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ! ვიმეორებ - მე ჩემი პოზიცია გამოვხატე და ყველგან ვიტყვი, რომ კახა ჩინებული მწვრთნელია და ნაკრებშიც ძალიან კარგი ატმოსფეროს შექმნა მოახერხა.
- როგორ ფიქრობ, ეს ამბავი უარყოფითად იმოქმედებს ნაკრების თამაშზე?
- ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ვნახოთ, ვინ მოვა და როგორ ვითარებას შექმნის ნაკრებში.
- და მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს - ზედმეტად მკაცრი, დამთმობი, თუ...
- პირველ რიგში - ქართველი უნდა იყოს! ქართველმა უკეთ იცის ჩვენი ხასიათის თავისებურებანი და ნაკრებში არსებულ ვითარებაშიც უფრო მალე გაერკვევა. მწვრთნელმა თავისი საქმე უნდა იცოდეს, სწორი ხედვა ჰქონდეს და ფეხბურთელებსაც გაგვაგებინოს, რას ითხოვს ჩვენგან. რაც შეეხება ხასიათს, მკაცრი იქნება თუ მეგობრული, ეს მეორეხარისხოვნად მიმაჩნია. თუმცა, მწვრთნელს ფეხბურთელები არ ირჩევენ. მოთამაშეებისთვის არასდროს უკითხავთ და, ჩემი აზრით, არც უნდა ჰკითხონ, ვინ ურჩევნიათ მწვრთნელად, ეს ფეხბურთის ფედერაციის საქმეა!