"უცნობი": "გადაბაძე და გვარამია სახელმწიფოს აშანტაჟებენ!"
ბაია გადაბაძე: "ჟურნალისტებმა იციან, გაყიდა თუ არა წილი გაჩეჩილაძემ"
"გადაბაძემ "მაესტროსთან" ბარიკადები როგორც დადო, ისე მოუწევს მათი აღება"
"მაესტროს" დირექტორად ნიკა ტაბატაძე უნდა დანიშნულიყო, მაგრამ..."
ბაია გადაბაძის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრმა "მაესტროს" ახალ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე მეორედ არ დაარეგისტრირა, თუმცა, რეგისტრაციის მოთხოვნის განახლებას, უკვე მესამედ, გაჩეჩილაძის ადვოკატი ჩვენი გაზეთის გამოსვლის დღეს გეგმავს და იმავე დღეს ტელევიზიაში შესვლასაც არ გამორიცხავს. ძმებ გაჩეჩილაძეებისა და "მაესტროს" მოქმედი მენეჯმენტის დაპირისპირება ორი მხარის დავას თავიდანვე გასცდა. პროცესში სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ - "კავკასიის" ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის, განცხადებით, გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") 25%-იანი წილი წლების წინ გაყიდა: "როდესაც "მაესტროში" გაჩეჩილაძეები დავინახე, მაშინვე ვიკითხე, გიამ საკუთარი წილი ხომ დიდი ხნის წინ გაყიდა და ახლა რისთვის იბრძვის-მეთქი? კონკრეტულ ადამიანს არ დავასახელებ, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე არც მამუკა ღლონტი ამბობს რამეს..."
ამ განცხადების შესამოწმებლად მამუკა ღლონტს დავუკავშირდით, თუმცა, მან ამ ინფორმაციას კონფიდენციალური უწოდა: "ზუსტად ვიცი, რომ ჩემი კუთვნილი წილი არასოდეს გამიყიდია; რაც შეეხება გიას, პირობა დავდე, რომ ამ საკითხზე არაფერს ვიტყვი. კონკრეტული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ სანამ ის კონფიდენციალურად ითვლება, დეტალებს არ გავახმაურებ".
"მაკა ასათიანთან სალაპარაკო არაფერი მაქვს"
ჯანგირაშვილის განცხადებას ჭორს უწოდებს გია გაჩეჩილაძე. როგორც "უცნობმა" "კვირის პალიტრას" განუცხადა, "მაესტროსთვის" ბრძოლას აგრძელებს, თუმცა, მაკა ასათიანთან საუბარს არ გეგმავს:
- ჯანგირაშვილი ამ განცხადებით ამტკიცებს, რომ ჭორბიუროს თავმჯდომარეა. ფაქტი დადოს! როგორ შეიძლება ჟურნალისტად იწოდებოდეს ადამიანი, რომელიც ჭორების დონეზე საუბრობს?!
- სხვათა შორის, თქვენ ჟურნალისტს რაიონიდან ჩამოსული უწოდეთ და ამის გამო საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურეთ...
- ვინც "რაიონიდან ჩამოსული" საკუთარ თავზე მიიღო, როგორც ჩანს, სწორად მითქვამს.
მე 15 წელია სოფელში, საგურამოში ვცხოვრობ და საერთოდ, ყველანი ჩამოსულები ვართ, მაგრამ ჩემი განცხადება სულ სხვა რამეს გულისხმობდა. მე არაპროფესიონალიზმსა და გაუნათლებლობაზე მივანიშნე, რასაც ჟურნალისტიკაში ვებრძვი.
- "მაესტროსთვის" ბრძოლას როგორ აპირებთ?
- ალბათ, არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლებასაც ტელევიზიებიდან აშანტაჟებენ. ტელევიზია თუ ხარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს? გაგიგიათ, კომპანიაში 55%-ის მფლობელს დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობა არ ჰქონდეს?! ეს სახელმწიფოს იმიჯს აზარალებს. ეთერ გადაბაძე და მასთან ერთად, ნიკოლოზ გვარამია, ტელევიზიისა და თავისუფალი სიტყვის სახელით სახელმწიფოს აშანტაჟებენ!
ამერიკის ელჩთან თუ ვირბენ, ვალები ჩამომეჭრება, კომპანიის გაკოტრებასაც შევძლებ და რეიტინგის ვარდნაზეც არ ვიქნები პასუხისმგებელი? გადაბაძეს ზურგს, რატომღაც, საჯარო რეესტრიც უმყარებს და დირექტორს არ მამტკიცებინებს. არავისთან მაქვს სალაპარაკო, მათ შორის, არც - მაკა ასათიანთან. რატომ უნდა ვნახო მაკა ასათიანი, როდესაც მისი რჩეული ეთერ გადაბაძე მთელი სახელმწიფოს დაშანტაჟებას ცდილობს? შანტაჟით ნამდვილად ვერ შემაშინებენ და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ. "მაესტრო" ისეთ ტელევიზიად უნდა ვაქციო, როგორიც მას ეკადრება. დღეს ის ტელევიზიას არ ჰგავს. ყველაფერი გააკეთეს, რომ საზოგადოების ნდობა დაეკარგა. გადაბაძისა და გვარამიას მსგავსად, ვიღაცებთან სირბილს არ ვაპირებ, კანონით გავიმარჯვებ.
- შენობასთან დაცვა გააძლიერეს და როგორც გადაბაძე აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც მზად არის. როგორ აპირებთ "მაესტროში" შესვლას?
- გადაბაძეს კი არა, სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი და მაშინ ვერ მოახერხეს ჩემი ბარიკადებით შეშინება. "მაესტროში" აუცილებლად შევალ. არ დავუშვებ, ვინმემ თავზე გადამიაროს. გადაბაძემ "მაესტროსთან" ბარიკადები როგორც დადო, ისე მოუწევს მათი აღება.
- გადაბაძის გარდა, "მაესტროს" დამფუძნებლებიც გედავებიან. ამბობენ, რომ ტელევიზიის 25%-ზე წლების წინ თქვით უარი. მიჰყიდეთ თუ არა 2011 წელს მამუკა ღლონტს კუთვნილი წილი?
- არავისთვის არაფერი მიმიყიდია. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს. ისე, უცნაურია, რომ ღლონტს ტელეკომპანიის გაკოტრება სულაც არ ადარდებს და პროცესს შორიდან მშვიდად აკვირდება. იქნებ საზოგადოებას უკეთესად აუხსნან, რას უკავშირდება მისი სიმშვიდე?
- თქვენი აზრით, "მაესტროს" გაკოტრება დამფუძნებლებს ხელს რატომ უნდა აძლევდეთ?
- მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ახლა მთავარია, გადაბაძე-გვარამიას შანტაჟი დავასრულო და ტელეკომპანიაში ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება მომეცეს.
- საინტერესოა ირაკლი რუხაძისა და კოტე გოგელიას მოლაპარაკების დეტალებიც. რატომ ვერ შეთანხმდნენ "მაესტროს" ფასზე?
- რუხაძე-გოგელიას შორის მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. დეტალების გახმაურება არ მინდა. რუხაძე სიმართლეს ამბობს - აჟიოტაჟის შექმნით გოგელია ტელევიზიის ფასის აწევას ცდილობს. როგორც ვიცი, რუხაძეს თავიდან 9,5 მილიონს სთხოვდა, მერე ეს თანხა 5 მილიონამდე დავიდა, თუმცა, მოლაპარაკება მაინც ჩაიშალა...
"პოლიტიკურ კომბინაციებში გავიხლართეთ"
რა გეგმები აქვს "მაესტროს" მოქმედ დირექტორს? ამის გასარკვევად ბაია გადაბაძეს დავუკავშირდით:
- კითხვები თქვენი მისამართითაც ისმის: რა პირობით დაინიშნეთ "მაესტროს" დირექტორად და რატომ მიიყვანეთ კომპანია გაკოტრებამდე?
- თავდაპირველად "მაესტროს" დირექტორად ნიკა ტაბატაძე უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ორკვირიანი ფიქრის შემდეგ უარი განაცხადა. მერე ჩემი კანდიდატურა განიხილეს და ერთწლიანი ხელშეკრულება დაიდო, თუმცა, დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, კონტრაქტი გაეგრძელებინათ. "მაესტროს" ყოფილი ჟურნალისტები არჩევენ თემას, ვარ თუ არა წარმატებული მენეჯერი და არ სვამენ კითხვას, რატომ არის კონკურენტი არხის მფლობელი "მაესტროს" წილებით დაინტერესებული...
დიახ, "მაესტროში" რეიტინგების კლების ტენდენცია 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ჟურნალისტების წასვლის პერიოდში მკვეთრად დაეცა, მაგრამ სამ თვეში აწევა მოვახერხე. აპრილიდან დღემდე რეიტინგი მზარდია. ამ ჟურნალისტებმა ისიც კარგად იციან, გაყიდა თუ არა გია გაჩეჩილაძემ წილი, რადგან თვითონ არიან ამ პროცესის მომსწრეები.
- ხელფასების პრობლემა ნამდვილად გაქვთ?
- ფინანსური პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩემი ჟურნალისტებისთვის მთავარი პროფესიული საქმიანობაა.(?!) როგორც კი გადავწყვიტეთ, მდგომარეობა ფინანსურად გაგვეუმჯობესებინა და "იმედთან" ერთად გაგვეყიდა სარეკლამო დრო, მაშინვე პოლიტიკურ კომბინაციებში გავიხლართეთ. ისიც გაუგებარია, რატომ სვამენ ყოფილი ჟურნალისტები მაკას ინვესტიციაზე კითხვას. როცა ის ფულს დებდა, ეს "ნაცმოძრაობასთან" გამალებული ბრძოლით იყო განპირობებული და მაკას ფინანსური მოგების სურვილი არ ამოძრავებდა. კოტე გოგელიას "მაესტროთი" ფულის შოვნა არ უნდოდა, მას უნდოდა გამართული მაუწყებლობა ჰქონოდა და ტელევიზიას საკუთარი თავის შენახვა შესძლებოდა.
- ასათიანის ადვოკატი გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გაკოტრებისგან გადარჩენის გეგმის წარდგენას სთავაზობს. გეგმის წარმოდგენის შემთხვევაში დამფუძნებლების შეთანხმება შესაძლებელია?
- ექვსი თვეა, გია გაჩეჩილაძე გვეუბნება, რომ კონკრეტულ გეგმას წარმოგვიდგენს, მაგრამ არაფერი წარმოუდგენია.
გვითხრას, როგორ აპირებს 54-მილიონიანი ვალის გადახდას. ვიცით, რომ ირაკლი რუხაძის დახმარებით 10 მილიონის გარანტიის წარმოდგენა შეუძლია, მაგრამ ჯერ არაფერი წარმოუდგენია.
მაკას ეფექტი
ტელეკომპანია "მაესტროს" სკანდალს მაკა ასათიანის საქართველოში ჩამოსვლამ ახალი ნიუანსი შემატა - სოციალურ ქსელში ტელევიზიის მეწილეებს შორის დაპირისპირებამ უკანა პლანზე გადაიწია და ყველა მაკას სილამაზეზე ალაპარაკდა. მაკა ასათიანმა ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ "ფეისბუკი" აფეთქდა. კომენტარებში ქართველი "მზეთუნახავი" ანჯელინა ჯოლის შეადარეს და უამრავი ქათინაურით შეამკეს, თუმცა, ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მაკა ასათიანს ასაკთან ერთად მომატებული ნაოჭები დაუთვალეს. ასე იყო თუ ისე, მაკას ეფექტი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ: "ერი შეთანხმდა და შეჯერდა - როგორც იქნა, ერთ აზრზეა ქალიან-კაციანად და ეს აზრი დროს უძლებს. მადლობა მაკას სილამაზეს ქართველი ხალხის გაერთიანებისთვის"...
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, მას შემდეგ, რაც კახა ბექაური "მაესტროს" გენერალური დირექტორობიდან გადადგა, ახალ დირექტორად კი ბაჩო კიკაბიძე დაინიშნა, ცნობილი გახდა, რომ გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის აქციების 50%-ის ნახევარი მაკა ასათიანს გადასცა. როგორც ძმები გაჩეჩილაძეები აცხადებენ, მაშინ ტელევიზიაში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, "მაესტროს" სოლიდური დავალიანებაც დაუგროვდა, რომლის დაფარვას თავისი ოჯახის ახლობლებს მაკა ასათიანი დაჰპირდა (მაკა და ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე დეიდაშვილები არიან). მაკა ასათიანი ტელევიზიის გადმობარების პროცესში მალევე ჩაერთო, ყველა ხელშეკრულებაც მის სახელზე გაფორმდა, თუმცა, მაშინვე ითქვა, რომ არხის წილებით რეალურად მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია იყო დაინტერესებული. მაკასაც არასოდეს დაუმალავს, რომ ტელევიზიის ფორმატის შეცვლაში მისი მეუღლეც აქტიურად მონაწილეობდა...
"მაესტროში" 25%-იანი წილის გარდა, მაკა ასათიანი ფლობს აქციებს "მერსედესის" სადილერო კომპანია შპს "აკასა" და შპს "ნოღელაში". არაოფიციალური მონაცემებით, ასათიანი-გოგელიას ქონება 50 მილიონი დოლარია. მაკა დღეს შვეიცარიაში ცხოვრობს.
"მითხრა, ნუ გაქვს სოფლური გამოხდომებიო"
"დღეს მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა გითხრათ-მეთქი?! ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ამ სფეროში, ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი უჭირავს ხელში... არ შეიძლება ასე, არა!" - "უცნობის" ამ განცხადებას "რეზონანსის" ჟურნალისტი თიკო ოსმანოვა გამოეხმაურა და გია გაჩეჩილაძესთან საუბრის დეტალები გაიხსენა:
"ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა "მაესტროს" ამბებზე. მითხრა, განცხადება უკვე გავავრცელეო. მე ვუთხარი, ვიცი, თუმცა, მაინტერესებს, რა გეგმები გაქვთ""მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით და შეხვდებით თუ არა პრემიერს-მეთქი. მან მითხრა, რასაც შენ აკეთებ, ეს არ არის ჟურნალისტიკა, ნუ გაქვს სოფლური გამოხდომებიო. თბილისში დავიბადე და გავიზარდე და უკვე 7 წელია, რაც "რეზონანსის" ჟურნალისტი ვარ".
რუსუდან შელია