"მე ფილოსოფოსი ვარ, ნოველებს მხოლოდ უქმე დღეებში ვწერ" - "ვარდის სახელის" ავტორი გარდაიცვალა
იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
"ვარდის სახელი" უმბერტო ეკოს პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც 1980 წელს გამოიცა. წიგნის ეკრანიზაცია 1989 წელს მოხდა. ფილმში მთავარი როლი შოტლანდიელმა მსახიობმა, შონ კონერმა შეასრულა.
ლიტერატურული რომანების გარდა, ეკო წერდა საბავშვო წიგნებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი". მან ერთხელ დაწერა: ”წიგნები ყოველთვის სხვა წიგნებზე საუბრობენ და ყველა ისტორია ყვება უკვე მოყოლილ ამბავს”.
"მე ფილოსოფოსი ვარ, ნოველებს მხოლოდ უქმე დღეებში ვწერ", - ამბობდა უმბერტო ეკო. უმბერტო ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა. მამამისი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად მათ ოჯახს მატერიალურად არ ულხინდა. ამის გამო ბავშვობიდანვე მშობლები იურისტობას ურჩევდნენ, თუმცა უმბერტომ საბუთები ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. იქვე, 1954 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თომა აქვინელის შესახებ.
ამის შემდგომ ეკო მუშაობას ტელერადიოკომპანია რაი–ში აგრძელებს და იწყებს ლექციების კითხვას ტურინის უნივერსიტეტში (1956–1964). ტელევიზიაში მუშაობის დროს ეკომ გაიცნო იმდროინდელი ავანგარდის წარმომადგენელი ხელოვნების წარმომადგენლები – მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები – რამაც მის მომდევნო სამწერლო კარიერაზე დიდი ზეგავლენა იქონია.
უმბერტო ეკომ 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.