"გამტაცებლებმა მითხრეს, რომ შვილს დამიბრუნებენ, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ" - კვირის პალიტრა

"გამტაცებლებმა მითხრეს, რომ შვილს დამიბრუნებენ, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ"

სამი დღის წინ ქვემო ფონიჭალიდან 17 წლის გოგონა სამირა ბაირამოვა გაიტაცეს.  "ჩემი შვილი მასწავლებლებთან ემზადებოდა. შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის სრულიად უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც 30 წელს არიან გადაცილებულები. პოლიციასთან ვასახელებთ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, თუმცა სამართალდამცავები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ", - ამბობს გოგონა დედა ნაილა გურაბანოვა, რომელმაც ახლობლებთან ერთად 20 თებერვალს, პოლიციასთან აქცია გამართა, 21 თებერვალს კი ფონიჭალიდან გატაცებული 17 წლის გოგონას ახლობლებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს.

გოგონას დედის თქმით, გამტაცებლებს მისი შვილი საქართველოდან გაყვანა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. დღესვე გახდა ცნობილი, რომ სამი დღის წინ გატაცებული გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა. როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, გოგონა "სადღაც პარლამენტის შენობასთან" ჰყავთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულ გოგონას, სავარაუდოდ, მოკლე ხანში დააბრუნებენ. სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ განუცხადა, ისინი ესაუბრნენ პოლიციის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ მათ დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ. "მე მქონდა საუბარი პოლიციასთან. ამის შემდეგ დამირეკეს გამტაცებლებმა და მითხრეს, რომ ჩვენ შვილს დააბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ და ველოდებით ჩვენი შვილის დაბრუნებას. მეტი არაფერი ვიცი", - განაცხადა გატაცებულის დედამ.

ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის სამმართველოსთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი დანიელ მგელიაშვილიც მივიდა, როემლმაც განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი 17 წლის სამირა ბაირამოვას საქმეს მესამე დღეა სწავლობს.