"ქალი "სკოჩით" გაკოჭეს, მერე თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს"
"თუ ეს ამბავი არ გამოიძიეს დროულად, ასე შიშით ვერ ვიცხოვრებთ, და ჩვენს სოფელში რომ სუფსის ნავთობის ტერმინალი გადის, იმას გადავკეტავთ, მერე ნახონ იმ ჩინოვნიკებმა ზარალი რა არის, სავარძლებში რომ არიან გაქსუებულები და დამნაშავეები თავის ნებაზე გააპარპაშეს".
ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობიდან 3 დღეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში წამებით ქალბატონი მოკლეს, - 67 წლის ნინა გოგალაძე ძმამ ნაცემი, ხელ-ფეხ გაკოჭილი და თავზე ცელოფანჩამოცმული იატაკზე იპოვა. მიცვალებულს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. იმერეთის პატარა მთიანი სოფელი მკვლელობამ შოკში ჩააგდო. როგორც გარდაცვლილის ბიძაშვილი სოსო გოგალაძე ამბობს, ნინას გარდაცვალების შემდეგ დაშინებული და დათრგუნვილი მოსახლეობა კარს შიშით ვეღარ აღებს.
სოსო გოგალაძე:
- ჩვენი სოფელი ალბათ საუკუნეებია არსებობს და რაც ახლა მოხდა, ხალხს გადმოცემითაც არ სმენია. ქალი "სკოჩით" გაკოჭეს, აწამეს, მერე თავზე ცელოფანი ჩამოამხეს და გაგუდეს. ისეთი საშინელებები ხდება, მეორედ მოსვლას რომ ეძახიან, ის ჟამი დგას მგონი, უკვე...
- გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ძმამ გარდაცვალებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ იპოვა.
- სადაც ნინა ცხოვრობს, მისი ბაძაშვილები და ძმებიც ახლოს ვცხოვრობთ; ნინა მარტო ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს; მაგრამ ზოგჯერ ხომ ხდება ხოლმე, როცა საქმე არ გაგიშვებს, ნინასთან იმ დღეს არავინ შესულა.…მოუწველავმა და ბაგაზე დაბმულმა ძროხებმა ბღავილი რომ ატეხეს, ძმა გაიქცა -ალბათ ჩემს დას რაღაც ცუდი სჭირსო. ნინას ოჯახი არ ჰყავდა, თავის დედმამიშვილებზე ზრუნავდა. ის, რაც ჩემს საწყალ ბიძაშვილს თავისი დის სახლში დახვდა, მტერსაც არ ვუსურვებ.
- მკვლელობის მიზეზად სავარაუდოდ ძარცვა დასახელდა…
- თავდაპირველად მართლა ასე შეიძლება იფიქროს კაცმა, - აბა, სხვა რა უნდა მოგივიდეს თავში; ვიფიქრეთ, ალბათ ვიღაცამ დაინახა, პენსია რომ აიღო და იმიტომ დაესხა თავსო; მაგრამ სახლიდან არაფერია წაღებული, ნინას წასაღები არაფერი ჰქონდა, - პენსია რომც აეღო, სოფლის მაღაზიის ვალი ჰქონდა და პირველ რიგში იმას გაისტუმრებდა. თურმე ვიღაც-ვიღაცეებს დაუწერიათ, რომ ჩემს ბიძაშვილს წამების კვალი არ ეტყობა. ამ სიმართლით იარონ მათ, ვინც ეს თქვა, - ქალმა მთელი სიცოცხლე მორიდებულად და მოკრძალებულად იცოცხლა და ბოლო ასეთი ერგო, - მთლიანად დალურჯებილი და ნაცემია, თავზე ცელოფანი აქვს ჩამოცმული და ისეა გაგუდული; წამება სხვა რანაირაია?!
- ლოგიკურად, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა იყოს, ვინც იცოდა, რომ თქვენი ბიძაშვილი მარტო იქნებოდა, ეჭვი გაქვთ ვინმეზე?
-აბა, მანდაეთში სხვა ვინ მოვიდოდა?! ვიღაც ჩვენებურის გაკეთებული რომაა, ეს უფრო გვზარავს ყველას. ჩვენს გვერდით დადის ის უნამუსო ახლაც ვინ იცის... ის ადამიანიც არ არის, ცხოველი რომ უწოდო ისიც კი მეტია მისთვის... თუ ეს ამბავი არ გამოიძიეს დროულად, ასე შიშით ვერ ვიცხოვრებთ, და ჩვენს სოფელში რომ სუფსის ნავთობის ტერმინალი გადის, იმას გადავკეტავთ, მერე ნახონ იმ ჩინოვნიკებმა ზარალი რა არის, სავარძლებში რომ არიან გაქსუებულები და დამნაშავეები თავის ნებაზე გააპარპაშეს.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)