"შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებს? ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება..." - რას ჰყვებოდა სუხიშვილების ხანდაზმული მოცეკვავე
არქივი, 2016 წელი.
ქალბატონი ლამარა 2021 წელს გარდაიცვალა.
მუსიკა რომ მესმის, ფეხები მექანიკურად ჰყვება ტემპს, მაგრამ გული არ მაძლევს ცეკვის უფლებას, ასე მგონია, ხელებს ვეღარ გავშლი. ან კი შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებს? ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება...
ოთხი წელი დიდ სცენაზე იდგა. ქუჩაში ცნობდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, ესიყვარულებოდნენ... სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, 81 წლის ლამარა მახარაშვილი დღეს ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს. ლეგენდარული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლში მოხვედრამდე იყო გრძელი და რთული გზა - დაიბადა კახეთში, სოფელ მაღაროში, სადაც მშობლებთან და ძმასთან ერთად 5 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ მარტოხელა მამიდამ თბილისში წამოიყვანა.
ოჯახი
"მეც და ჩემი მომავალი მეუღლეც 15 წლის ვიყავით, ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა. გაკვეთილების შემდეგ კინოთეატრ "კოლხეთში" ვხვდებოდით. ერთად დაჯდომის გვერიდებოდა და წინ მე ვჯდებოდი, ჩემ უკან - გურამი. ერთ მშვენიერ დღეს მცხეთაში ხინკალზე დამპატიჟა და გორში, გაშლილ სუფრასთან აღმოვჩნდი...
პუშკინის სახელობის ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, ქალიშვილს დედამთილი მიზრდიდა, ვაჟს - დედა. მეუღლე არაფერში მზღუდავდა, თვითონაც მოცეკვავე იყო. ჩემი მამამთილი, ალექსანდრე იაშაღაშვილი, მწერალი გახლდათ, ცნობილი რომანის, "მგლის ბილიკის" ავტორი".
სუხიშვილები
"მამიდამ სუხიშვილებთან სინჯებზე მიმიყვანა. იოლად მოვხვდი ნაციონალურ ბალეტში. განსაცვიფრებელი გახლდათ ბატონ ილიკოსა და ქალბატონ ნინოსთან ურთიერთობა. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, გასტროლები, ტაში, ქართული ცეკვით გაოგნებული უცხოელები... განსაკუთრებულად ამერიკა დამამახსოვრდა. ანსამბლის გოგონები ღამე ხელმძღვანელებს რესტორანში გავეპარეთ. მკაცრ რეჟიმს მიჩვეულებს ალკოჰოლი მალევე მოგვეკიდა. გამთენიისას ძაფებივით ერთმანეთზე გადახლართულები დავბრუნდით და დილის რეპეტიცია ჩავაფლავეთ. ნინო ანსამბლის სახელს ძალიან უფრთხილდებოდა და ამიტომაც დაუნდობელი გახლდათ - ყველა ნაქეიფარი გოგონა დაგვსაჯა, ჰონორარი არ მოგვცა. თან დაგვემუქრა, თქვენს ქმრებს მოვუყვები ყველაფერსო...
სუხიშვილები განსაკუთრებული ფენომენია. როგორც დღეს, ადრეც სუხიშვილობა სტატუსი იყო, ამის გამო ყველა პატივისცემით გვეპყრობოდა. ახლაც ყურში ჩამესმის მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში სუხიშვილების ცეკვით მოხიბლული მაყურებლის ოვაცია და ტაში.
ანსამბლში სულ 4 წელი დავყავი. მერე ოჯახის სიმძიმე დამაწვა მხრებზე... ილიკოს და ნინოს ძალიან დასწყდათ გული, როცა ვუთხარი, ანსამბლიდან უნდა წავიდე-მეთქი. ისინი უწინარესად დიდი ადამიანები და სანიმუშო მშობლები იყვნენ. მითხრეს, - ყველაზე დიდი საქმე ღირსეული მშობლობააო და გზა დამილოცეს. ნინო ჩემთვის დღესაც მისაბაძი ქალბატონია. მეც მასავით ვატარებ ჩალმას, ბროშს, მაკიაჟსაც მისნაირად ვიკეთებ...
მერე გამიჭირდა სუხიშვილებს მიღმა დარჩენა. პლეხანოვის სახელობის კლუბში ცეკვის სამი ჯგუფი ავიყვანე. არ გამიმართლა - ფეხი მოვიტეხე, რამაც ცეკვას ჩამომაშორა... ამასობაში შვილები წამოვზარდე და მუშაობა მე-9 საავადმყოფოში დავიწყე ლაბორანტად. პენსიამდე სასწრაფოში ექთანად 40 წელი ვმუშაობდი. სომხეთში, სპიტაკშიც წავედი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად..."
ტრაგედია
"შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ვცადე, ალკოჰოლსაც მივეძალე. შინიდან გაპარულს ჩემი ბიჭის საფლავზე მპოულობდნენ...
მეუღლე ნაადრევად გარდამეცვალა. ჩემი ქალიშვილი პროფესიით ექიმია, ამჟამად ამერიკაშია. ჩემი ნინოც ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა, პატარა შვილები დარჩა. მისი მამამთილიც ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილია.
ვაჟმა პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. კათედრაზე დატოვეს სამუშაოდ. ახალგაზრდა კაცი ანევრიზმით გარდაიცვალა. თავს დატეხილმა უბედურებამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. მტკვარში გადავხტი, მაგრამ გადამარჩინეს... მთელ ღამეებს სასაფლაოზე ვათენებდი. არ ვფიქრობდი, რომ მეორე შვილსაც ვჭირდებოდი. ამდენმა დარდმა მეხსიერებაც დამიქვეითა. არაჩვეულებრივი რძალი და შვილიშვილი მყავს. ისინი არიან ჩემი ნუგეში და ცხოვრების აზრი".
პანსიონატი
"ჯანდაცვის სისტემაში ჩემს ოჯახს კარგად იცნობდნენ, ამიტომ ხანდაზმულთა პანსიონატში დასაქმება შემომთავაზეს. უარი ვუთხარი, არ მქონდა მუშაობის თავი, მაგრამ ისე მომეწონა აქაურობა, დარჩენა გადავწყვიტე. მაჩვენეს ეს ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობ და დავრჩი, მაგრამ ქალიშვილმა შინ დამაბრუნა, მე კი ისევ უკან დავბრუნდი. ეს ჩემი მეორე სახლია. ცხოვრება გამიიოლა პანსიონატის დირექტორმა, ქალბატონმა დარეჯან თომაძემ. მისი ღვაწლი განუზომელია პანსიონატში... აქ ბევრი მეგობარი მყავს და არაფერი მაკლია.
ასეთი ტრაგიკულია ჩემი ცხოვრება, მაგრამ მაინც ვნატრობ, ჩემი თაობის მოცეკვავეებს ხშირად შევხვდე. ისინი ბევრს მახსენებენ... შვილის დაღუპვის შემდეგ აღარ მიცეკვია. დიდი ხანია, ყვავილებიც აღარავის უჩუქებია. შვილმკვდარ დედას რაღა მაცეკვებს? მუსიკა რომ მესმის, ფეხები მექანიკურად ჰყვება ტემპს, მაგრამ გული არ მაძლევს ცეკვის უფლებას, ასე მგონია, ხელებს ვეღარ გავშლი... ცეკვა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, აღარ შესრულდება..."
თორნიკე ყაჯრიშვილი