"მოვიდა დრო, გაბაშვილის ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდეს!"
"რუსი ებრაელები ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ამერიკაში კაპიკებად ყიდულობენ და რუსეთში მილიონებად ყიდიან... რეკლამა აკლია საზღვარგარეთ, თორემ გიგო გაბაშვილი შეიძლება ისეთი მხატვრის გვერდით დავაყენოთ, როგორიც ვან გოგია"
"პიკასოს კატალოგში შეტანილი ნახატი მაქვს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია"
"ცოტა ხნის წინ ამერიკაში ფიროსმანის ერთ-ერთი შედევრი ძალიან იაფად გაიყიდა. ნახატის ნამდვილობა, თავის დროზე ორმა დიდმა მუზეუმმა და მხატვარმა თენგიზ მირზაშვილმა დაადასტურეს... სამწუხაროდ, კლასიკოსი ქართველების ნახატებს იშვიათად ყიდულობენ ქართველები, სამაგიეროდ, რუსი ებრაელები აქ ჩალის ფასად შეძენილ შედევრებს მოსკოვში მილიონებად ყიდიან. ძალიან მინდოდა მეყიდა, მაგრამ, არ ვარ იმდენად შეძლებული, ქართველი კლასიკოსების ყველა ნახატი შევიძინო", - გვითხრა ამერიკაში მცხოვრებმა კოლექციონერმა დავით კობახიძემ, რომელზეც უკვე ვუამბეთ მკითხველს და სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სულ ახლახან დავით კობახიძემ გიგო გაბაშვილის კიდევ ერთი შედევრი "საზამთროს გამყიდველები" შეიძინა. მან თავისი კოლექციის ჩვენთვის უცნობ, სხვა უმნიშვნელოვანეს შედევრებზეც გვიამბო:
- გიგო გაბაშვილის გამორჩეული ნახატი "საზამთროს გამყიდველები" ამერიკაში რამდენიმე დღის წინ შევიძინე. გაბაშვილის ნახატები ამერიკელმა მილიონერმა ჩარლზ კრეინმა წამოიღო საქართველოდან. მან 1891 წელს იმოგზაურა კავკასიასა და შუა აზიაში. ქართველი მხატვრების ნამუშევრები ჩიკაგოს გამოფენისთვის შეიძინა, მათ შორის გიგო გაბაშვილის "კაზაკთა ბანაკი". გამოფენაზე ყველაზე დიდი მოწონება ამ ნახატს ხვდა წილად და იმავე წელს ჩარლზ კრეინმა გაბაშვილს შუა აზიისა და კავკასიის ხედებისა და ტიპების ამსახველი 12 სურათი შეუკვეთა, ასევე თითო სურათი ბუხარისა და სამარყანდის ცხოვრებიდან. მათ შორის იყო ცნობილი ტილო "ბაზარი სამარყანდში", რომელიც 2006 წელს "კრისტის" აუქციონზე 1 136 000 დოლარად გაიყიდა... კრეინის შვილიშვილები დღეს ნიუ-იორკიდან ორი საათის სავალზე ცხოვრობენ. ისინი ნახატებს ყიდიან და ასე მოხვდა ჩემთან ერთ-ერთი ნახატი, ნამდვილი შედევრი!
- თქვენ გიგო გაბაშვილის ნახატებით განსაკუთრებულად ხართ დაინტერესებული...
- მოვიდა დრო, ყველა მისი ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდეს! ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესის ერთი სამხატვრო გალერეიდან მესტუმრნენ. გიგო გაბაშვილის ერთ-ერთი სურათის ყიდვა სურდათ, მაგრამ კატეგორიული უარით გავისტუმრე! გიგო გაბაშვილი აუცილებლად პანთეონში უნდა გადაასვენონ! უდიდეს მხატვარს საქართველოში მეტად უნდა აფასებდნენ! რეკლამა აკლია საზღვარგარეთ, თორემ შეიძლება ისეთი მხატვრის გვერდით დავაყენოთ, როგორიც ვან გოგია.
- როგორც ვიცი, თქვენ შემთხვევით 5 დოლარად შეიძინეთ ნახატი, რომელიც შემდეგ ძალიან ძვირად ღირებული აღმოჩნდა...
- ეს მართლაც კურიოზული და სასიამოვნო შემთხვევა იყო! ნიუ-იორკშიც არის ისეთი ადგილები, თბილისში რომ მშრალი ხიდი გვაქვს. იქ შეიძლება კაპიკებად საოცარი რამეები შეიძინო. ერთხელაც მიწაზე დაგდებული ნახატი შევამჩნიე, მხატვრის გვარი - ანტონია სირენა არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ძალიან ძვირფასი ტილო ჩანდა... ინტერნეტში რომ ვნახე ამ მხატვრის ნახატები, აღმოჩნდა, მისი ნამუშევრები ცნობილ გალერეებში 70 და 80 ათას დოლარად იყიდება. შემდეგ ამ მხატვრის კატალოგი შევიძინე და 22 ნახატს შორის ჩემი შეძენილი ნახატი ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა. სირენას ნახატები აქვთ ვატიკანის მუზეუმს, რომის პაპს, ჰქონიათ ფედერიკო ფელინის, მარჩელო მასტროიანის, ლუჩანო პავაროტის, სილვიო ბერლუსკონის... იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად ითვლება, თავის დროზე კი საოპერო მომღერალი ყოფილა. პიკასო ამბობდა, ამ მხატვრის ნამუშევრებს მსოფლიო უნდა იცნობდესო.
მხატვარი ერთი წლის იყო, როდესაც მატარებლით მიემგზავრებოდა მშობლებთან ერთად, მატარებელმა კატასტროფა განიცადა და მშობლები დაეღუპა. ობოლი ბავშვის ნიჭი ერთმა საოპერო მომღერალმა აღმოაჩინა და იშვილა. ანტონია სირენა დედობილის კვალს გაჰყვა, მაგრამ შემდეგ ხატვა არჩია.
- თქვენი კოლექციიდან კიდევ რომელ სურათს გამოარჩევდით?
- პიკასოს კატალოგში შეტანილი ნახატი მაქვს. არ არის ძალიან ძვირად შეფასებული, თუმცა ამას წინასწარ ვერ გაიგებ. აუქციონზე შეიძლება 100 ათასი დააფასო და 800 ათასად გაიყიდოს. პიკასოს ნახატი ჩემთვის უძვირფასესია. მაქვს ლუი ვალტას ნამუშევარი, უნიჭიერესი მხატვრის, მაქსიმილიან ლუსის ნახატი. მისი ყველა ნახატი შედევრია. მინდა ჩემი ნახატების გამოფენა საქართველოში მოვაწყო. თქვენთან ინტერვიუს შემდეგ საქართველოს ყველაზე საუკეთესო მუზეუმიდან რამდენიმე შემოთავაზება უკვე მივიღე!
მანანა გაბრიჭიძე