"ფეხი თუ არ მქონდა, ჩახმახზე თითის გამოკვრა ხომ შემეძლო?"
"ომი ახალი დაწყებული იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა და სახლში დარჩენა ჩვენთვის ღალატის ტოლფასი იყო"
დავით ახრახაძე 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში თავისი სურვილით წავიდა. სოფელ მერკულაში ბრძოლისას ცალი ფეხი დაკარგა. ამის მიუხედავად, ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ოჩამჩირეში ისევ თანამებრძოლებს შეუერთდა. ომის დამთავრებამდე პოსტი არ მიუტოვებია. მებრძოლისთვის ვეტერანობაზე მაღალი ჩინი არ არსებობსო, სიამაყით ამბობს და დღესაც მისი ბიჭების, ვეტერანების, სამსახურში დგას.
დავით ახრახაძე: - 22 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის 21-ე ბრიგადაში მივედი. სამხედრო სამსახურის გარდა, გამოცდილება არ მქონია, მხოლოდ ავტომატის დაშლა-აწყობა ვიცოდი. ომი ახალი დაწყებული იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა და სახლში დარჩენა ჩვენთვის ღალატის ტოლფასი იყო. ტყვიას არ ვეპუებოდი და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვერაფერს დამაკლებდა. თუმცა ორივე ფეხში დავიჭერი და მარცხენა დავკარგე.
1992 წლის 29 დეკემბერია, სოფელ მერკულაში ვართ. ერთი კვირით ადრე თავში დამჭრეს, მაგრამ არ მინდა ბიჭების მიტოვება. ბრიგადის მეთაურმა რეზო ჩაკვეტაძემ გაგვაფრთხილა, ამაღამ თავდასხმას ველოდებით და ყველანი პოსტებზე იყავითო. სულ რაღაც 30-40 ბიჭი ვართ დარჩენილი. დილის 5 საათია და მტერი არ ჩანს. წასვლა და ცოტა გამოძინება გადავწყვიტე. ფაცხიდან სულ რაღაც 5 მეტრი გავიარე, რომ ჩვენებმა შეამჩნიეს, მტრის მებრძოლები ხოხვით გვიახლოვდებოდნენ. პირველი ცეცხლი ქუთაისის 21-ე ბრიგადამ გახსნა, სასწრაფოდ მოვნახე შესაბამისი ადგილი და მეც გავხსენი ცეცხლი. ამ დროს გვერდში გეგუთელი დათო ზივზივაძე დამიდგა, რამდენიმე საათს ერთად ვიბრძოდით მე, რეზო ჩაკვეტაძე, დიმა მეფარიშვილი, ხვიჩა ჟორჟოლიანი, ჯემალ დანდუროვი, ვასო ნებიერიძე და დათო დვალიშვილი (შინდისის გმირის, მიხო დვალიშვილის მამა). ცოტა ხანში ადგილობრივი მეომრებიც მოგვეშველნენ. ერთს"სამიზნიანი ავტომატი აქვს, მივვარდი და ვთხოვე, მოეცა, კონტრშეტევაზე გადავალ-მეთქი. გადავირბინე ხელისგულივით მინდორზე და ვხედავ, მტერი არ ილევა, ჩვენგან 50-100 მეტრში კი ათეულობით მიცვალებული ჩანს. მტერმა არ მაპატია გამოუცდელობა და გაშლილ ველზე მდგომი ავტომატის ჯერით ორივე ფეხში მომცელა. დათო ზივზივაძემ ("გეგუთა") ხოხვით გამომიყვანა. ბრძოლა მოვიგეთ, არავინ დაღუპულა და მხოლოდ 7 დაჭრილი გვყავდა. მტრის რამდენმე ათეული მეომარი დაიღუპა, უფრო მეტი დაიჭრა.
მეამაყება, რომ 14-საათიან ბრძოლაში 40-მა კაცმა 350-400 კაცი დავამარცხეთ. ქუთაისის საავადმყოფოში ფეხი მომკვეთეს, ორ თვეში კი ისევ აფხაზეთში დავბრუნდი. ჩემი ამბავი დღიურში აქვს ასახული დათო ზივზივაძეს, რომელიც სოხუმში სნაიპერმა მოკლა.
- ძნელად წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ბრძოლის გაგრძელება.
- არ შეიძლებოდა ჩემი შინ გაჩერება, მით უმეტეს, ჩვენი ბიჭები იქ იყვნენ. ფეხი თუ არ მქონდა, ჩახმახზე თითის გამოკვრა ხომ შემეძლო? არ მივყავდი ხელმძღვანელობას, მაგრამ არც პირველ წასვლაზე მიკითხავს არავისთვის არაფერი, არც მეორედ. რაც ჩემი მოწოდება იყო, ის გავაკეთე - ბოლომდე ვიომე. ადამიანს ვეტერანობაზე დიდი სტატუსი არ ექნება. ვნანობ, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და ამან დამაკარგვინა ფეხი. კაცმა ომი თუ არ ნახე, არაფერი იცი და გინახავს. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ომი უნდა მოგვეგო, არ გვეგონა, თუ წავაგებდით.
აფხაზეთის ომისგან განსხვავებით, აგვისტოს ომი სამხედრო ავანტიურა იყო. კეზერაშვილს ეგონა, ცხინვალში შევარდებოდა, დაბომბავდა და ომს მოიგებდა.
როცა 2008 წლის ომი დაიწყო, გავიგეთ, რუსები ზუგდიდში აპირებენ შემოსვლასო და მაშინვე იქით გავეშურე. ჩემი თვალით ვნახე, რუსული ტექნიკა რომ შემოვიდა. ჩავთვალე, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყება იყო საჭირო და დავურეკე გია ყარყარაშვილს, რუსები შემოვიდნენ ზუგდიდში, რა ვქნათ-თქო. მკითხა, ხალხს ერჩიანო? არა-მეთქი და მიპასუხა, დათო, დაუყოვნებლივ წამოდი, თორემ პროვოკაციაში დაგდებენ ბრალს და ისევ ჩვენები (ხელისუფლებას გულისხმობდა) დაგიჭერენო...
- დღეს რას საქმიანობთ?
- ამჟამად ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვარ. ადრე სახელმწიფო 1.500-ლარიან პროთეზებს გვიკეთებდა, ახლა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან ყველა ვეტერანს, ვინც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ფეხი დაკარგა, ნელ-ნელა უკეთდება ძვირად ღირებული პროთეზი.
ნანა ფიცხელაური