"არანაირ ძალადობას არ ვაპირებ" - ლევან გაჩეჩილაძე მაესტროში მივიდა
რამდენიმე წუთის წინ, "მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში მივიდა. მისვლისთანავე გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სურს თანამშრომლებთან შეხვედრა და მათთან მომავალ ნაბიჯებზე საუბარი.
"არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. მინდა ბაიასთან დალაპარკება და კოლექტივთან შეხვედრა. ამ მისამართზე ზის "მაესტრო", რომლის გენერალური დირექტორი დღეს მე გავხდი. ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად განწყობილი", -განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ მხოლოდ კანონიერი გზებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
"ახლა გამატარეთ, კონკრეტულ სახელებს და გვარებს თქვენ თვითონ ნახავთ. მე ყველასთან მინდა შეხვედრა. ყველა ჟურნალისტს პირადად დაველაპარაკები თუ აქვთ სურვილი. არავის დამორჩილებას არ ვაპირებ, მე მინდა ადმინისტრაციულ- ფინანსურ საკითხებში გარკვევა, იმიტომ, რომ "მაესტრო" არის უმძიმეს მდგომარეობაში", -განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შენობა არ ეკუთვნის შპს "მაესტროს" და როგორ აპირებენ ამ შენობაში მუშაობას, გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ ალტერნატიულ შენობას იპოვის. მისივე თქმით, იჯარის დარღვევასაც და "მაესტროს" აქედან გადასვლას აქვს თავისი გონივრული ვადები.
"დაველაპარაკები შენობის მფლობელს, მმართველს, მათ იურისტებს და ამის მიხედვით მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი, პრობლემა არ არის არაფრის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" ყოფილ დირექტორ ბაია გადაბაძეს ხვდება. შეხვედრა ტელეკომპანიია პირველი სართულის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"